ტელეკომპანია "მაესტრო" სატელიტურ მაუწყებლობას კომპანია "მირის" კუთვნილი თანამგზავრიდან ახორციელებს. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" "მაესტროს" გენდირექტორმა კახა ბექაურმა დაუდასტურა. ტელეკომპანია "მაესტროსა" და "მირს" შორის 21 მაისს ოთხთვიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც "მირის" ვებგევრდზეა მითითებული, სახელმწიფოთაშორისი სამაუწყებლო კომპანია "მირი" 1992 წელს შეიქმნა, რომელიც ყოფილმა დსთ ქვეყნებმა შექმნეს, მათ შორის საქართველომაც.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვია. "მირის" სათავო ოფისი ქალაქ მოსკოვში მდებარეობს, თუმცა როგორც კახა ბექაური "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "მაესტროს" მომსახურეობას რუსული კომპანია უწევს, ვანო მერაბიშვილის სამსახურების მიერაა გავრცელებული. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი რუსეთთან ერთად საქართველო და დსთ-ს კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაცაა.
"დავიწყებ იმით, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსეთთან ერთად საქართველოს სახელმწიფოცაა. როდესაც იმაზე ვსაუბრობთ თუ რა პრინციპით ვიხელმძღვანელეთ ამ კომპანიის შერჩევისას, ერთადერთი პრინციპი იყო, რომ მას გაეწია ტექნიკური მომსახურება და გავსულიყავით სატელიტზე. დღეს ეს კომპანია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ სატელიტზე გავსულიყავით, დანარჩენმა კომპანიებმა უარი გივთხრეს.
"ვანო მერაბიშვილი რასაც გაუშვებს ჭორად და რასაც მონდომებს, ის, ბუნებრივია, დაიწერება მის კონტროლირებად ვებსაიტებზე, ეს გასაკვირი არ არის. ამ კომპანიის დამფუძნებელი არის საქართველო, ამას სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი, რადგან მერაბიშვილის შემოგდებული ამბის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ჩვენ როგორი ცუდები ვართ - რუსული კომპანია გვიშვებს სატელიტზე, ამ დროს კი ამ კომპანიის თანამდაფუძნებელი თავის დროზე საქართველოცაა. პუტინი არ არის ამ კომპანიის დამფუძნებელი, ეს არის სახელმწიფოთაშორისი კომპანია," - განუცხადა "რეზონანსს" "მაესტროს" გენდირექტორმა.
ხელშეკრულების თანახმად, "მაესტრო" ე.წ. ტესტურ რეჟიმში "მირის" თანამგზავრიდან 18:00-დან დილის 06:00 საათამდე მაუწყებლობს, რაშიც ყოველთვიურად 18 ათას ევროს იხდის.
"მაესტროსა" და "მირს" შორის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია სააგენტო "პირველს" "მირის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კომპანიის ქართული ფილიალის ხელმძღვანელმა ბადრი ნაჭყებიამაც დაუდასტურა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ-ის შემადგენლობა დატოვა, "მირის" ქართული ფილიალი შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობას განაგრძობს. "მირზე" რუსული გავლენა სერიოზულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ სეგმენტიდან, რომელიც "მირის" ქართულ ფილიალს გააჩნია, გადახვევა ხდება," - აღნიშნა ნაჭყებიამ.
რაც შეეხება უშუალოდ "მაესტროსა" და "მირს" შორის დადებულ კონტრაქტს, მისი განმარტებით, კონტრაქტი ოთხთვიანია, მაისში გაფორმდა და "მაესტროს" თანამგზავრიდან სიგნალის 18:00-დან 06:00 საათამდე გავრცელების შესაძლებლობას აძლებს.
"ამის გამო "მირის" ქართულ ფილიალს მაუწყებლობის თვალსაზრისით გარკვეულწილად ხელი ეშლება, რაც ტექნიკური პრობლემებით არის გამოწვეული," - დასძინა ნაჭყებიამ.
"მირთან" დადებული ხელშეკრულების თაობაზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია მაისის ბოლოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად "მაესტრო" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც სატელიტური მაუწყებლობისათვის რუსულ თანამგზავრს იყენებს. დანარჩენი ქართული არხები კომპანია "თურქსატთან" თანამშრომლობენ.
ბექაურის თქმით, კომპანია "თურქსატთან", მიუხედავად სურვილისა, იმიტო ვერ ითანამშრომლეს, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობა ვანო მერაბიშვილმა დააშანტაჟა.
"ვინც ეს ჭორი გაუშვა, ვანო მერაბიშვილს ვგულისხმობ და მის სამსახურებს, სწორედ მათ გამო ვერ გავედით ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც ჩვენ უფრო გვაძლევდა ხელს. ბუნებრივია, გვინდოდა, რომ უკეთესი პირობები გვქონოდა, ვიდრე ამ კომპანიასთან გვაქვს. გვინდოდა, რომ კომპანია "თურქსატთან" დაგვედო ხელშეკრულება, სწორედ ეს კომპანია უწევს მომსახურებას დანარჩენ ქართულ არხებს, რომლებიც სატელიტზე მაუწყებლობენ, მაგრამ ამ კომპანიამ პასუხი არ გვაღირსა. 6 თვეა ველოდებით, ბოლოს გვითხრეს, რომ რესურსი არ აქვთ და კიდევ 6 თვის მერე დაგვლაპარაკებიან იმ იმედით, რომ რამე იქნებ გამოჩნდეს.
"ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით "თურქსატის" ხელმძღვანელობას ვანო მერაბიშვილმა და მისმა ტელეკომპანიებმა, "რუსთავი 2"-მა, "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირობა წაუყენეს, თუ "მაესტროს" დასვამთ სატელიტზე, ჩვენ ჩაგეხსნებით და სხვა სატელიტზე გადავალთო. სწორედ ამიტომ გვითხრა "თურქსატმა" ამ ეტაპზე უარი. ამ კომპანიას ურჩევნია სამი ტელეკომპანიიდან მიიღოს შემოსავალი, ვიდრე ერთიდან და ეს ბუნებრივია," - აცხადებს ბექაური.
მისივე განცხადებით, "მაესტროს" არ აინტერესებს, ვინ არიან ამ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელები, მათთვის მთავარია, რომ სატელიტზე მაუწყებლობა შეძლონ.
"რაც შეეხება კომპანია "მირის" მფლობელებს, არ მაინტერესებს მათი ვინაობა, რადგან ჩემთვის მთავარია ისე მომემსახუროს როგორც მჭირდება და სხვა რამ ჩემს ინტერესებში არ შედის. მით უმეტეს, რომ მე ვიცოდი, როდესაც კონტრაქტს ვდებდი, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი საქართველოც იყო, შესაბამისად, რატომ უნდა მიმექცია მფლობელების ვინაობისთვის ყურადრება?! არ მაინტერესებს ეს საკითხი. ეს კომპანია დღეს ერთადერთი საშუალებაა, იმისთვის, რომ "მაესტრო" სატელიტზე გავიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება წამგებიანია ჩვენთვის. იმაზე მეტს ვიხდი, ვიდრე ღირს ეს მომსახურება, მაგრამ იმიტომ, რომ კიდევ არ გადადებულიყო "მაესტროს" სატელიტზე გასვლა, ამ წამგებიან წინადადებაზე წავედით. თან შეგახსენებთ, რომ ეს ის კომპანიაა, რომელმაც 1998 წელს "რუსთავი-2" გაიყვანა პირველად თანამგზავრზე," - დასძენს კახა ბექაური.
ბექაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერც ერთი ქვეყნის დაფუძნებული კომპანია "მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
"რუსული კი არა, ეს რომ იყოს ჩრდილოეთ კორეის მიერ დაფუძნებული კომპანია, ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენზე. ერთადერთი, რა პრობლემაც გავაქვს ისაა, რომ ძვირს ვიხდით მომსახურებაში და ამიტომ ვეძებთ ალტერნატიულ წყაროებს. მით უმეტეს, რომ ეს კომპანია სრულ მომსახურებას ვერ გვიწევს და მხოლოდ 12 სათით ვართ სატელიტზე."
ლანა ბერიძე