ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” აპრილის ნომერი #4(88), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართლის თავგანწირული ბრძოლების ექო ელისაბედ I-ის ინგლისში

ინგლისის სამეფო კანცელარიაში, კერძოდ, XVI საუკუნის საგარეო საქმეთა სახელმწიფო დოკუმენტებში დაცულია ინგლისურ ენაზე 1584-1585 წლებში შედგენილი წერილი, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. წერილის ადრესატია ფრენსის უოლსინგემი - ელისაბედ I-ის მინისტრი, საიდუმლო საბჭოს წევრი, ინგლისის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი... 1555 წელს ქალაქ ამასიაში ზავი გაფორმდა, რომლის თანახმად, სპარსეთმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს. ზავის პირობები საქართველოს არც ერთ ნაწილს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ თუ სხვა მეფე-მთავრები ასე თუ ისე შეურიგდნენ შექმნილ მდგომარეობას, ქართლი ბრძოლას განაგრძობდა. მეფე ლუარსაბ I-ისა და მის გარშემო შემოკრებილ ქართველ პატრიოტთა მებრძოლი დასის თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელი გახდა. ინგლისის სამეფო კანცელარიაში დაცული წერილი ასახავს თბილისისთვის ბრძოლას XVI საუკუნის მეორე ნახევარში. ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა - ხან ოსმალების, ხან სპარსელების, ხან კი ქართველთა კუთვნილება ხდებოდა... წერილში სიმონ მეფის მოხსენიებაც ცხადყოფს, რომ იმდროინდელი ქართლის ხელისუფლების ბრძოლა ჯერ ირანელ და შემდეგ ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მხოლოდ ეროვნული მასშტაბებისა არ იყო და ხშირ შემთხვევაში რეგიონალურ დატვირთვას იძენდა.

დასავლეთი საქართველო - დაცემის ქრონიკები

XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე - ამ პერიოდის დასავლეთი საქართველო შეიძლება დასახელდეს ფეოდალური ანარქიის ყველაზე ძნელად წარმოსადგენ მაგალითად. რეალურად ეს არის მეფე-მთავართა ურთიერთბრძოლის ისტორია. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან სამეფო ტახტზე უკვე არა მხოლოდ ბაგრატიონები, არამედ დადიანები, გურიელები, აბაშიძეები და ზოგიერთი სხვა გვარის დიდებულებიც კი ადიოდნენ (მათ შორის ჭუჭუნაშვილი, ბაგრატიონთა ნათესავი). 1660 წლიდან 1720 წლამდე იმერეთში მეფე 30-ჯერ შეიცვალა (ამათგან 7 მოკლეს). ასეთი არასტაბილურობა პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ზნეობრივ-მორალურ დაქვეითებას. დაუსრულებელი შინაომების კვალდაკვალ, შეირყა სარწმუნოება, მოიშალა მეურნეობა, მოსახლეობა გაჩანაგდა ტყვეთა სყიდვით. ამ მეორედ მოსვლაში მეფეებისა და დიდებულების ერთადერთი საზრუნავი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იყო ტახტის, გავლენისა თუ ქონების შენარჩუნება. ამ მიზნით ისინი ჯერ მოყვრდებოდნენ, შემდეგ კი მაინც ხოცავდნენ ერთმანეთს. ეს გახლდათ ტოტალური, საუკუნოვანი დაცემა.

“არაბული ზამთარი”

ბაშარ ასადი, 26 წლის ოფთალმოლოგი, 1991 წელს დამასკოდან ლონდონში გაემგზავრა სტაჟირებისთვის, თუმცა იქ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ლონდონში მოკრძალებულად ცხოვრობდა. სამ წელიწადში, უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ, ბაშარი დამასკოში დააბრუნეს - ძალაუფლებისთვის მოსამზადებლად. როცა 2000 ბაშარი პრეზიდენტი გახდა, ყველა ელოდა, რომ სირია ნორმალურ ქვეყნად გადაიქცეოდა - როგორც იორდანიის ახალგაზრდა მონარქმა აბდალამ დაიწყო საკუთარი ქვეყნის გაკეთილშობილება, 1999 წელს მამის სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მანქანა ბრუნავს დამოუკიდებლად და საკუთარი კანონებით. მრავალრიცხოვანი მამის დროინდელი გენერლები, ნათესავები წარმოუდგენელ ინერციას ქმნიდნენ... ასადის მთავარი განსხვავება დანარჩენი მეზობლებისგან - არაბი დიქტატორებისგან - მდგომარეობდა პანიკურ შიშში ფერადი რევოლუციის მიმართ. 2011 წელს დადგა «არაბული გაზაფხული» - მასობრივი პროტესტების შედეგად ჩამოაგდეს ლიდერები ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში, ასადმა კი ნებისმიერ ფასად წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა.

როცა 2011 წლის იანვარ-მარტში ათასობით სირიელი მოედნებზე გამოვიდა, არმიამ დაუყოვნებლივ რეპრესიებით უპასუხა. გამოსვლები არ ჩამცხრალა ხელისუფლების სისასტიკის მიუხედავად, პირიქით, გაძლიერდა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ასადი ამ ომს შეუპოვრად განაგრძობდა, ისე რომ არავითარ მსხვერპლს არ აქცევდა ყურადღებას. ბაშარის მაგალითმა აჩვენა, რომ ბრმა და შეუპოვარი ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დიდი დანაკარგის შემთხვევაშიც შეიძლება ეფექტური იყოს...

დავითგარეჯა - უძველესი ფრესკები დღევანდელი ვანდალების წინაშე დაუცველია

დავითგარეჯა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და შედგება კლდეში ნაკვეთი 22 მონასტრისა და 5 ათასზე მეტი სენაკისგან. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაშია სხვადასხვა დროს დაარსებული მონასტრები (VI-XVII სს): საკუთრივ დავითის ლავრა, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, ბერთუბანი, უდაბნო, ვერანგარეჯა, წამებული, ჩიჩხიტური, თეთრი სენაკები, მრავალწყარო, საბერეები, პირუკუღმარი, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, სატორგე, ბერების სერი, შავი სენაკები, კოწახურა, ცხრა წყარო, შავი მინდორი. უშუალოდ დავით გარეჯელის დაარსებულად მიიჩნევა ამჟამინდელი ლავრად წოდებული სამონასტრო ტერიტორია, რომელიც ყოველთვის კომპლექსის ცენტრი იყო. აქ არის თავად წმინდა მამის საფლავიც. VI საუკუნეშივეა დაარსებული დავითის მოწაფეების, დოდოსა და ლუკიანეს მიერ კიდევ ორი მონასტერი - ნათლისმცემელი და დოდოს რქა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • პირველი ქართული მხატვრული ფილმი 100 წლისაა. ალექსანდრე წუწუნავას გამოუქვეყნებელი ფოტო
  • XVI საუკუნის «კოლოსი» ფლორენციაში
  • კალიგულას «ოქროს გემები» ტბის ძირას
  • ეგვიპტეში დაკარგული საგანძური და უმაღლესი ქურუმის მუმია იპოვეს
  • საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები. შრომის ანაზღაურება და ფასები I მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში (ნაწილი II)
  • ქართული ფალერისტიკის სათავეებთან
  • რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია (ნაწილი I)
  • უცნობი წერილები. «ბოლშევიკური დიდმოურავიანი»
  • იერუსალიმის ქალაქისთავის წერილების საბეჭდავი 27 საუკუნისაა
  • ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში. იერუსალიმის პოლიტიკური სტატუსის ისტორია (ნაწილი II)
  • კინოს ისტორიიდან. ორსონ უელსის ჯანყი ჰოლივუდში / კინორეჟისორთა მეფის «ქართული მოტივები»
  • მაკიაჟის ისტორიიდან. ფერუმარილიდან ინანთეულამდე / სახის საღებავების დიდი ნაწილი მოწამვლას იწვევდა
  • ჯაშუშური თამაშები. ბულგარული «ხორცსაკეპი» (ნაწილი II)
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს