ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია

ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია

ბოდენის ტბის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფიდან თითქმის 16 წელი გავიდა. ტრაგედიამ, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ვიტალი კალოევის ოჯახის სამი წევრი შეიწირა. შემთხვევა 2002 წლის 1 ივლისს მოხდა.

ავიაკატასტროფის შემდეგ განვითარდა მოვლენები, რომლებმაც კალოევის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად გაჰყო - ნაწილი მას ცივსისხლიან მკვლელად მიიჩნევდა, რადგან ავიადისპეტჩერი ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა, ნაწილი კი მკვლელობას მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ამართლებდა.

ბიოგრაფია

ვიტალი კალოევი 1956 წლის 15 იანვარს დაიბადა ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი). მამა სკოლის მასწავლებელი იყო და ოსურ ენას ასწავლიდა. დედა საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო. ვიტალი მრავალშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო - მას ორი ძმა და სამი და ჰყავდა.

სკოლა მაღალ ნიშნებზე დაამთავრა და არქიტექტურული ხელოვნების შესწავლას შეუდგა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე არქიტექტორად მუშაობდა, 90-იანი წლების დასაწყისში კი საკუთარი სამშენებლო კოოპერატივი დააარსა. 1999 წლიდან ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც სახლებს აპროექტებდა.

კალოევის ოჯახი

არქიტექტორი 1991 წელს დაქორწინდა სვეტლანა გაგიევაზე. სვეტლანას ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და წარმატებული კარიერის აწყობა მოახერხა. თავდაპირველად მუშაობა ბანკში, რიგით თანამშრომლად დაიწყო, შემდეგ კი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

1991 წლის 19 ნოემბერს ოჯახს პირველი შვილი შეეძინა, ბიჭს კონსტანტინე დაარქვეს. 1998 წლის 7 მარტს კი დიანა გაჩნდა.

საბედისწერო რეისი

ვიტალი კალოევს ოჯახის წევრები 9 თვის მანძილზე არ ჰყავდა ნანახი და მოუთმენლად ელოდა, როდის ჩაფრინდებოდნენ ისინი ესპანეთში. კალოევის საქმიანობა ბარსელონაში საკმაოდ წარმატებული იყო, ოჯახის წევრების ჩასვლამდე კი დაწყებული პროექტის ჩაბარებაც მოასწრო. სვეტლანამ ბილეთის ყიდვა მოსკოვში ვერ მოახერხა, ვიდრე „ბაშკირეთის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავში არ გამოჩნდა თავისუფალი ადგილები.

2002 წლის 2 ივლისს, გვიან ღამით, გერმანიის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა - სამგზავრო "ტუ-154" და სატვირთო "ბოინგ 575“. გარდაიცვალა ორივე ავიალაინერის ეკიპაჟი, 71 ადამიანი - დაღუპულებს შორის იყო 52 ბავშვი, მათი უმეტესობა უფას ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო ოლიმპიადებში მოპოვებული წარმატების გამო საგზურებით დაასაჩუქრეს და ესპანეთში მიფრინავდნენ.

შეჯახება

ეს კატასტროფა 21-ე საუკუნის სამოქალაქო ავიაციაში ყველაზე საშინელი იყო. თვითმფრინავები ერთმანეთს გერმანიის საჰაერო სივრცეში შეეჯახნენ, ამიტომ გამოძიებას გერმანიის პროკურატურა და ფედერალური ბიურო აწარმოებდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას 2 წელი დასჭირდა. გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორი კითხვა - როგორ მიუახლოვდა ერთმანეთს ასე ახლოს ორი თვითმფრინავი და რატომ ვერ შეძლო გამაფრთხილებელმა სისტემამ კატასტროფის თავიდან არიდება. კომისიამ დაადგინა, რომ შეჯახება კომპანია „სკაიგაიდის“ დისპეტჩერის შეცდომა იყო, არასწორად იმოქმედა "ტუ-154"-ის ეკიპაჟმაც. მოგვიანებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსი მფრინავი დამნაშავე არ იყო, ამიტომ მას ბრალეულობა მოეხსნა.

პიტერ ნილსენის მკვლელობა

2004 წლის 24 თებერვალს შვეიცარიის პატარა ქალაქ კლოტენში მკვლელობა მოხდა. საკუთარი სახლის კართან სასტიკად მოკლეს ვინმე პიტერ ნილსენი. მკვლელმა მსხვერპლს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცივი იარაღით, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვა.

ცივი იარაღი სუვენირული დანა აღმოჩნდა, რომლის ღირებულება 54 შვეიცარიული ფრანკი იყო.

მოკლულის მეზობელმა განაცხადა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ადამიანმა, რომელიც გერმანულად ცუდად ლაპარაკობდა, ჰკითხა, სად ცხოვრობდა ნილსენი.

ცხელ კვალზე შეადგინეს ეჭვმიტანილის ფოტორობოტი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მკვლელობა პატარა სოფელში მოხდა, სადაც სახლები ერთმანეთთან ახლოს დგას, მკვლელობის მოწმის პოვნა ვერ მოხერხდა.

დამნაშავის ვინაობის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პოლიციამ მოკლულზე მოიძია ინფორმაცია - პეტერ ნილსენი სწორედ ის დისპეტჩერი იყო, რომლის შეცდომის გამოც ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა...

სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე ვიტალი კალოევი დააკავეს. შვეიცარიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით, ბრალდებული საღამოს ყოფილი დისპეტჩერის სახლთან მივიდა, დარეკა ზარი და როდესაც მასპინძელი კართან გამოვიდა, კალოევმა მასთან საუბარი სცადა. ცოტა ხანში საუბარი ჩხუბში გადაიზარდა და კალოევმა დანა ამოიღო. ბრალდებულმა ნილსენს 12 ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულის მიზეზები და მოტივები, შვეიცარიელი სამართალდამცველების აზრით, შესაძლოა, პირადი ანგარიშსწორება ყოფილიყო. ბოდენის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის დროს კალოევის ცოლი და ორივე შვილი გარდაიცვალა.

„კარზე დავაკაკუნე, ვუთხარი ჩემი ვინაობა და მოვითხოვე, სახლში შევეშვი, რაზეც უარი მითხრა და აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მე გავჩუმდი, ამოვიღე ჯიბიდან ფოტო, სადაც ჩემი გარდაცვლილი ბავშვები იყვნენ და ვუთხარი, სურათი ენახა,“ - ამბობს კალოევი ჩვენებაში და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ არაფერი ახსოვს. არქიტექტორი ამბობს, რომ მტკიცებულებების ნახვის შემდეგ ფიქრობს, რომ ნილსენი მან მოკლა, თუმცა მომხდარის გახსენება არ შეუძლია.

შვეიცარიის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქის განცხადება აღიარებით ჩვენებად მიიჩნია. თუმცა, ფაქტების ნაწილი ბევრ კითხვას აჩენს - რატომ წავიდა კალოევი დისპეტჩერის მოსაკლავად დეკორატიული დანით? რატომ ვერ მოახერხა ნილსენმა გამკლავებოდა თავდამსხმელს, ან შესულიყო სახლში, ვიდრე მას დანით ბევრ ჭრილობას მიაყენებდნენ?

...კალოევი, დაკავების შემდეგ, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე არცერთი დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსეთის მოქალაქეს საჭირო მკურნალობა უტარდებოდა. კალოევმა კლინიკაში 1 წელი გაატარა, თუმცა მკვლელობის შესახებ კვლავ ვერაფერი გაიხსენა და დანაშაული საკუთარ თავზე კვლავ არ აუღია.

ვიტალი კალოევის ტრაგედია

არქიტექტორი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე პირველი მივიდა და მაშველებთან ერთად სურდა თვითმფრინავის ნარჩენებამდე მისვლა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ავიალაინერში კალოევის მთელი ოჯახი იჯდა, მისცეს უფლება, ახლოს მისულიყო. ის დიდი ხანი დადიოდა თვითმფრინავის ნარჩენებს შორის, ცდილობდა ცოლი და შვილები ეპოვა. ბოლოს, ჩამოვარდნის ადგილიდან სამი კილომეტრის დაშორებით უმცროსი შვილის მძივი იპოვა, მოგვიანებით კი თავად დიანაც. კალოევმა აღმოაჩინა კონსტანტინეს ცხედარიც.

ვიტალის ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია ავიაკატასტროფის ადგილი, სადაც მან არა მხოლოდ ოჯახი, არამედ - მთელი ცხოვრება დატოვა...

განაჩენი

2005 წლის 26 ოქტომბერს ვიტალი კალოევის ისტორია ყველა ბეჭდურ გამოცემაში კიდევ ერთხელ დაიბეჭდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ასეთ სასტიკ განაჩენს ბევრი არ ელოდა. კალოევს ციხეში უამრავი ადამიანი წერდა წერილს, უსურვებდნენ, რომ საპყრობილე მალე დაეტოვებინა. რამდენიმე მათგანთან არქიტექტორს ხანგრძლივი მიმოწერაც ჰქონდა, მათ შორის - ერთ-ერთ შვეიცარიელ ქალთან, რომელიც პატიმარს ღია ბარათებს 2 წლის მანძილზე უგზავნიდა.

ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა მოითხოვდა, სამართალდამცველებს კალოევის საქმე გადაეხედათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქმეს არ ჰყავდა მოწმე და მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნივთმტკიცების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალიან მკაცრი განაჩენი იყო.

გათავისუფლება

შვეიცარიის ხელისუფლებამ დაპატიმრებიდან 2 წლის შემდეგ კალოევი გაათავისუფლა. ის სახლში დაბრუნდა. თავდაპირველად სასაფლაოზე წავიდა, სადაც დიდი ხნის მანძილზე დასტიროდა ცოლსა და შვილს.

არქიტეტორს, ბოლოს და ბოლოს, საშუალება მიეცა, მშვიდად ესაუბრა მომხდარზე. როგორც კალოევი ჰყვება, მან უარი თქვა ფულად კომპენსაციაზე და კომპანიისგან მხოლოდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. რადგანაც მათ არანაირი სინანული არ გამოუხატავთ მომხდართან დაკავშირებით, გადაწყვიტა დისპეტჩერი პირადად ენახა. ნილსენი კი თავხედურად ესაუბრა და ხელიდან გამოგლიჯა გარდაცვლილი შვილების სურათი. რა მოხდა შემდეგ, კალოევი კვლავ ვერ იხსენებს...

სხვა ცხოვრება

სახლში დაბრუნების შემდეგ ვიტალი კალოევს არქიტექტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს. ის მონაწილეობას იღებდა ყველა საჯარო ღონისძიებაში. ყველა, ვისაც კი კალოევთან ურთიერთობა ჰქონია, მას კეთილ და ყურადღებიან ადამიანად ახასიათებს.

2014 წელს ის მეორედ დაქორწინდა. საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არავის უზიარებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კალოევი იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც წლების წინ პირველ ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულია ფილმი „შედეგი“ (Aftermath), სადაც ვიტალი კალოევის როლს არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს. ფილმის რეჟისორია ელიოტ ლესტერი, მასში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, სკუტ მაკნეირიმ, მეგი გრეისმა და მარტინ დონოვანმა.