საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების მანძილზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
29 მარტს დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო რაიონებში, ხოლო ღამის საათებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
30 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 30 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღისით საქართველოს დაბლობსა და ბარში +9, +14, მთაში +7, +12, მაღალმთაში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისშიც ასევე წვიმაა მოსალოდნელი. 30 მარტს იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა 1 აპრილამდე შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.