ავტორი:

ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის საქართველოში უძველესი მზის საათები

ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის საქართველოში უძველესი მზის საათები

გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ერთ-ერთ კედელზე მზის საათია ჩატანებული. ეთნოგრაფი, მკვლევარი გიორგი გიგაური გვიყვება, რომ საქართველოში რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი ასეთი კედლის მზის საათები, მაგალითად - ანანურში, გელათში... მისი თქმით, ამას ძველთაგან "ცის მზომელობა" ეწოდებოდა...

გიორგი გიგაურის სტატია - "არქეოასტრონომია" აშშ-ში 2014 წელს გამოცემულ წიგნში - Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy (არქეოასტრონომიისა და ეთნოასტრონომიის სამაგიდო წიგნი) დაიბეჭდა. სტატიაში მზის საათებზე და უძველესი ქართველების წეს-ჩვეულებებზე უმნიშვნელოვანესი და ექსკლუზიური ინფორმაციებია მოცემული.

"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ციხე-კოშკებში და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლის ფასადზე შემორჩენილია ჰორიზონტალური "მზის საათის“ მსგავსი ქვები. ერთ-ერთი ასეთი "მზის საათი“ დავაფიქსირეთ თუშეთის სოფელ ინდურთას ერთ-ერთ სახლის ფასადზე. გრძელი ქვა, რომელიც ჰორიზონტალურად გამოდის (60 სმ.) სამხრეთის კედლიდან, მიწის ზედაპირიდან 2.80 სანტიმეტრზეა. ქვის წვერზე სიმბოლოც არის ამოჭრილი...

სნო, სპასთანგელოსის სალოცავის ნიში და "მზის ბუდე"

ხალხური ჰორიზონტალურ-ჭორტიანი მზის საათები ხშირად იყო საქართველოში, ძირითადად, სამხრეთ კედლებზე. ისინი არამარტო დღის პერიოდს, არამედ სეზონის დადგომასაც აღნიშნავდნენ. ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ, ეს ტრადიცია გადმოვიდა ადრექრისტიანულ ტაძრებზე, მაგ. სვეტიცხოველზე, გელათზე, ფოკაზე, ანანურის ტაძარზე. სვეტიცხოველის ტაძრის (მე-11 ს.) გუმბათის ზედაპირზე ფიქსირდება მაცხოვრის ბარელიეფი, რომელსაც ხელში წიგნი უკავია და წიგნზე წრეებია გამოსახული. ეს უკანასკნელი ძალიან გავს ძველბერძნულ ანტიკიტერულ მექანიზმის გამოსახულებასაც, ე.წ. საათის არქეტიპს, რომელსაც იკვლევდა - დე სოლა პრეისი. დროის და პერიოდის საზომი ხელსაწყოები საღვთო ცოდნასთან იგივდებოდა ძველ დროს. "მზის ბუდეების“ მსგავსი ფორმაა ქართული დარბაზის "ერდო", რომელიც დედაბოძთან ერთად ძველად საკულტო ობიექტი იყო. ერდოდან ჩამოსული მზის სხივი დაცემული დარბაზის ერდოს გვირგვინებზე, ამა თუ იმ დროს და სეზონს აღნიშნავდა.

ჯუთა, "ღალანგურის“ ნიში და მზის ბუდე

ხევსურეთში ჩაწერილია და კიდევ ახსოვთ "ცისკრის ვარსკვლავის" მოძრაობაზე დაკვირვების შესახებ ხალხური გადმოცემები. იცოდნენ "მოძრავი მასკვლავნი“ და "უძრავი მასკვლავნი“. ასევეა, მთვარის ფაზების მიმართაც დაკვირვებები, სხვადასხვა საამშენებლო და სამეურნეო მუშაობა დაკავშირებული იყო მნათობთა პერიოდებზე. მაგალითად, სავსე მთვარეობას იცოდნენ სახლის სახურავის "ბანის დაგება“ - ამ დროს სახურავი "წყალს არ უშვებსო“. აგრეთვე საინტერესოა, "წელწადს" (ახალ წელს) "ბედის კვერების“ შეგორება სახლის კარებიდან. სწორედ "ბედის კვერებზე“ საჭვრეთილით დაჭვრეთილი ასტრალური (ღვთაებრივი) სიმბოლოებია საინტერესო... ძველი საჭვრეთლები ეთნოგრაფიული მუზეუმიდან (ბარისახო), სალოცავის კარი და სარკმელი ხშირად იყო შემკული ასეთი სიმბოლოებით. "კარი" საკრალურია და დიდი მნიშვნელობაც ენიჭებოდა..." - აღნიშნავს ნაშრომში გიგაური.

მისივე თქმით, ცაზე და ცის მნათობებზე დაკვირვების შესახებ საინტერესო ცნობებს იძლევა ხევსურეთის ბუნების, ფლორა-ფაუნის მკვლევარი ალექსი არაბული, რომელიც წერს: "ძველად ქადაგები ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ და ჯვარის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, მათ შორის ისეთ მოვლენებს როგორიცაა მიწისძვრები და სხვა ბუნებრივი მოვლენები. შემდეგ მათი საქმიანობა გააგრძელეს მკითხავებმა და ვეღარ "უსრულდებოდათ" ნათქვამი, რაზეც ხალხი დასცინოდა. მათ იცოდნენ მოძრავ-უძრავნი ვარსკვლავნი და მათზე ახდენდნენ დაკვირვებას. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ძაღლიკა ლიქოკელი, რომელმაც ბევრი ვარსკვლავის სახელწოდება იცოდა".

ჭალაისოფელი, მზის ბუდე საქარის გორზე, ზღვის დონიდან 2 800 მ.

თუ სად და როგორ ახდენდენ დაკვირვებას, ამაზე ინფორმაცია დაკარგულია. გიორგი გიგაურის თქმით, მცოდნე ხალხის რაოდენობა მიილია, წავიდა და თან წაიღო უძველესი "ცნობა“.

"საყურადღებო ინფორმაცია ჩავიწერეთ პირიქითა ხევსურეთის სოფელ კისტანის ხუცესის 78 წლის გაბრიელ ჭინჭარაულისგან, რომელიც მზეზე დაკვირვების ხალხურ მეთოდზე გვიყვება: "დათვისჯვარზე გვქონდა სამ გორის კუჭულა და წვერებზე სამ ქვან იყვნეს ჩადგმულნი. 2.50 მეტრის დაშორებებით მწკრივზე. გაზაფხულზე ნაპირა ქვის ჩრდილ თუ ვერ მიაღწევდ შუათანა ქვამდე, თქვიან წვიმიან წელ იქნებავ, თუ ნაპირის ქვის ჩრდილ მიაღწევდ შუამდე, მაშინ საშუალო წელ იქნის, თუ ჩრდილ გადავიდოდ შუათანას ქვას და მესამემდე მივიდოდ, სიცხიან წელ იქნებავ, თქვიან და მართლდებოდაც..."

მთებში შემორჩენილი წრიული ნაგებობები და ჩადგმული ქვები კავშირშია საღვთო წარმოდგენებთან და ხალხური ტრადიციით მზეზე, მთვარეზე და სხვა ციურ მნათობებზე დასაკვირვებელ ობიექტებთან, მათ ნიშებთან. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილ ვარსკვლავთა და ცის სახელწოდებების წარმოშობა ასახავს ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს.

მთავარი ფოტო: მზის საათი გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე. ეროვნული არქივი

"თვითიზოლაციაში არიან კორონავირუსით ინფიცირებული იმ პირის ახლობლები, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა"

LIVE: გადაცემა "სპორტალის" სტუმარია თემურ ქეცბაია

საქართველოს დროშა ქრისტეს ქანდაკებაზე - ბრაზილიის მხარდაჭერა ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან