როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ბზობას ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ.

ბზობის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს და მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ.

ბზობას ადამიანები კიდევ ერთხელ ეზიარებიან უფლის სიხარულს და იმავდროულად, გარკვეულწილად სინანულსაც გამოხატავენ. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს, ერთ კვირაში სწორედ იმ ხალხმა უღალატა, რომლებიც მას ასეთი სიხარულით შეეგებნენ.

როცა მაცხოვარი შევიდა იერუსალიმში, ჩვილებიც, რომლებსაც ჯერ მეტყველება არ შეეძლოთ, ღაღადებდნენ: "ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას!" ფარისევლები კი ამ დროს მაცხოვარს ეუბნებოდნენ: უთხარი ამათ, რომ დადუმდნენ, ქების სიტყვები არ თქვანო. მაცხოვარი კი პასუხობდა: ესენი შეიძლება დადუმდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ქვები დაიწყებენ ღაღადსო.

ბზობა მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მთავარი არსი და დანიშნულება ამ დღესასწაულისა.

ამ დღეს იკითხება ბზობის დღესასწაულის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი