ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით, დღგ-სგან პრესა გათავისუფლებული რჩება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტრადიციული შეღავათები შენარჩუნებულია გარკვეულ სფეროებში, როგორებიც არის, მაგალითად პრესა, სოფლის მეურნეობა და სხვა.
რაც შეეხება დღგ-საგან გათავისუფლებული საქონლის გრაფაში პრესის აღმნიშვნელი კოდის არარსებობას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ამას ტექნიკურ უზუსტობას უწოდებს.
"ჟურნალ-გაზეთებთან დაკავშირებით მინდა, ვთქვა, რომ შეიძლება არსებობს ტექნიკური უზუსტობა, რომელიც გამოსწორდება. გამოქვეყნებულია კოდექსის პროექტის სამუშაო ვერსია. თუ რაიმე უზუსტობა იყო, საბოლოო ვერსიაში აუცილებლად გამოსწორდება. არანაირი მიზანი, რომ ჟურნალ-გაზეთების მიწოდება დაიბეგროს, არ ყოფილა", - აღნიშნა სირაძემ.
რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურებას, ირაკლი სირაძის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც საგადასახადო შეღავათი შენარჩუნებულია.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალ ვერსიაში გადაჯგუფებულია საქონლის მიწოდება და იმპორტი, ხოლო დღგ-საგან გათავისუფლებულთა გრაფაში მომსახურების გაწევა ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი.