"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე

"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე

სამართალდამცველებმა ჩემი შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ანალიზი აღმოაჩინეს, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, ნიმუში სად არის აღმოჩენილი, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც დოდო გუგეშაშვილმა განმარტა, ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნებსაც ელოდება.

კითხვაზე, ვარაუდობს, თუ არა რომ სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში შესაძლოა იყოს იმ ადამიანის, რომელიც ოჯახს თავს დაესხა, დოდო გუგეშაშვილი ასე პასუხობს: „ვფიქრობ, რომ მისი ნიმუშია. საქმის გამოძიებისთვის უზარმაზარი სამუშაოები ტარდება, ბევრი რამ მტკიცდება, ასევე გამოძიება ელოდება რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას“.

„რამდენიმე დღის წინ მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებით, ოღონდ მე ყურადღება აღარ მიმიქცევია ზუსტად რაზეა აღმოჩენილი. ვინაიდან ჩემთვის მთავარი არის ის, რომ რაღაც არის აღმოჩენილი“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

გარდა ამისა, დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, პირის, რომელიც მის ოჯახში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, ფოტორობოტია შექმნილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ამ პირის ამოცნობა, გარკვეული მიზეზების გამო გამოძიებას გაუჭირდება.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სახე შენიღბული, ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ იმდენად არ აჩენდა ნაკვთებს იმ ჩაცმულობითა და თავსაბურავით, რომ რასაკვირველია, ძალიან რთულია მისი იდენტიფიკაცია. ცხადია, ფოტორობოტი შექმნილი არის. უბრალოდ, ფოტორობოტით არ დავინტერესებულვარ, რადგან ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა აღწერა გააკეთა, ანუ ვინ როგორი თვალით დაინახა იმის მიხედვით. ამასთანავე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ შუქი არ იყო მაშინ კორპუსში, ამიტომ რთულია მისი დადგენა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა კვლავ განმეორდეს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მომხდარის შემდეგ მას სახელმწიფო დაცვა იცავს.

„ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი მოვიდა ოჯახის ამოსაწყვეტად. ჩემი ვარაუდით, ორი ადამიანის მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი და სამწუხაროდ, მე გადავრჩი. აქ ჩემს სიცოცხლეზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ მან მისია ბოლომდე ვერ შეასრულა. ალბათ შეეცდება, რომ შეკვეთა რაც ჰქონდა მიღებული, ბოლომდე მიიყვანოს. ჩემი ვარაუდით, მას მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს