"ტალღა იმდენად ძლიერი იყო, კედელზე მიმანარცხა" - დაშავებული მეშახტე მომხდარს იხსენებს

"ტალღა იმდენად ძლიერი იყო, კედელზე მიმანარცხა" - დაშავებული მეშახტე მომხდარს იხსენებს

თითქმის ათი წელია აქ ვმუშაობ, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს მსმენია. ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენ ამას სამთო დარტყმას ვუწოდებთ, რომელიც სიგნალს არ იძლევა, - ამის შესახებ იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მინდელის შახტაში დაშავებულმა ერთ-ერთმა მეშახტემ, ირაკლი კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა.

მისი თქმით, ტრაგედია მოვარდნილმა ჰაერის უზარმაზარმა ტალღამ გამოიწვია.

„ჰაერის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა. უსაფრთხო ადგილზე ვიყავი, თუმცა იმდენად ძლიერი ტალღა იყო, მიმანარცხა კედელზე. ჩვენ ამას სამთო დარტყმას ვეძახით, რომელიც სიგნალს არ იძლევა და როგორც ვიცი, ამის პრევენცია ვერ ხდება“, - განაცხადა დაშავებულმა მეშახტემ.

მისივე თქმით, ჰაერის მოვარდნილმა ძლიერმა ტალღამ 15-17 მეტრზე ათრია.

ექიმების განცხადებით, აღნიშნული მეშახტის მდგომარეობა სტაბილურია, ის ადეკვატური და კონტაქტურია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მინდელის შახტაში დაშავებულები ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მოინახულა და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას. მანამდე დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ადგილზე გაეცნო ვითარებას.

მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი