გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

11 აპრილს, ა.შ.შ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ცენტრალურ აუდიტორიაში ჩატარდა ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონი გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“.

ლექციას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ლექციის დასრულების შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი ოვაცია გაუმართა ქართველ პროფესორს.

ბატონი გიას ლექციას ესწრებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, აგრეთვე აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები ქ. კემბრიჯიდან და ქ. ბოსტონიდან.

კრის მარტინი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის პროექტების დირექტორი:

„პროფესორ გია ბაღაშვილის ლექცია თემაზე „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, უდავოდ, წლის საუკეთესო პრეზენტაცია იყო!“

მილი კრეიგტონი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი:

„პროფესორ ბაღაშვილის ლექცია უაღრესად საინტერესო და ინფორმატიული იყო. ახლიდან აღმოვაჩინე საქართველო და მისი კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.“

ნათია ფერაძე - ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის პოსტ-დოქტორანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

„ძალიან ამაყი ვიყავი ლექციაზე და მთელი ამ ღონისძიების განმავლობაში იმის გამო, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები ასეთები არიან და ძალიან დიდხანს გამყვება ეს ემოცია. აუცილებლად ყველას მოვუყვები, როგორი განსაკუთრებული ლექცია იყო დღეს და როგორი განსაკუთრებული ხალხი ვართ“.

ელენ ჰესიგერი: ოპერის მომღერალი, ბოსტონის უნივერსიტეტის საოპერო ფაკულტეტის მაგისტრანტი:

„საოცრად შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო. მადლობა პროფესორ ბაღაშვილს სრულიად ახლებური კულტურული გამოცდილებისთვის. ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილ მუსიკალურ მაგალითებს სრულიად უცხო, ზღაპრულ ინტონაციურ სამყაროში გადავყავდი. არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ქართული პოლიფონიის ღვთაებრივი ჰარმონია.“

- ბატონო გია, გილოცავთ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით დაგვირგვინებას. ა.შ.შ.-ში სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებში ქართულ მრავალხმიანობაზე ჩატარებული თქვენი ლექციების სერიას, ახლა უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტიც დაემატა.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, რომ ყველაფერმა ამდენად კარგად ჩაიარა. ძალზე საამაყოა ჩემთვის ქართული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარის, 8000 წლიანი ისტორიის ქართული ღვინისა და უნიკალური ქართული მრავალხმიანობის წარდგენა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების წინაშე. მით უფრო, როდესაც მას ამდენად მაღალი შეფასება მოყვა ჰარვარდში.

ცხადია, ეს, პირველ რიგში, ქართული კულტურის დამსახურებაა და მისი შემქმნელი, მრავალსაუკუნოვანი, უმდიდრესი ტრადიციების მქონე ქართველი ერის კიდევ ერთი ხმამაღალი აღიარება. ამიტომაც, ორმაგად მეამაყება, რომ მე მხვდა პატივი ჩვენი უდიდესი საგანძურის წარდგენისა ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან.

როდესაც შენი ქვეყნის კულტურას ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი, რომელსაც თავად აქვს უმდიდრესი ისტორია, ა.შ.შ-ის 8 პრეზიდენტი და 157 ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს აღზრდილი, რა თქმა უნდა უდიდესი ემოციითა და სიამაყით ივსები.

- როგორც ვიცით, თქვენი ლექციის შემდგომ, 11 აპრილს ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართული ანსამბლის კონცერტიც გაიმართა, ხოლო შემდეგ პრეზენტაცია ქართული ღვინის დეგუსტაციით. მოგვიყევით, როგორ დაიგეგმა ეს კონცერტი, როგორ ჩაიარა და რა შეფასება მისცეს სტუმრებმა ქართულ ღვინოს?

- მას შემდეგ, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელები, ქალბატონები ალექსანდრა ვაკრუ და კრის მარტინი გაეცნენ ჩემს სალექციო თემას, რომელიც თეორიული, ეთნომუსიკოლოგიური ასპექტების მიმოხილვასთან ერთად, მოიცავდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშების იშვიათი, საარქივო, აუდიო და ვიდეო მასალების დემონსტრირებასაც, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ლექციის შემდგომ ჩატარებულიყო ქართული ანსამბლის კონცერტი.

რადგან ჩემი ლექციის ფარგლებში, ჰარვარდის აუდიტორიის წინაშე წარდგენილ იქნა ქართული ავთენტური ფოლკლორის ნიმუშების ჩანაწერები მამაკაცთა რეპერტუარიდან: „ხასანბეგურა“, „ჩვენ მშვიდობა“, „ჩაკრულო“ და სხვა, ამიტომ დევისის ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივა გახლდათ, პროგრამის გამრავალფეროვნების მიზნით, საკონცერტო ნაწილი დაეთმოთ ქალთა სტუდენტური ანსამბლისთვის, იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად აისახება დღეს ხალხური მუსიკალური ტრადიციები სტუდენტურ თვითშემოქმედებაში. ამ მიზნით, მათ თავად შეარჩიეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ „თსუ გორდელას“ კვარტეტი, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი საკონცერტო ნაწილს და მათი გამოსვლაც, ჰარვარდში, მაყურებლის დიდი ოვაციის თანხლებით ჩატარდა. ასე რომ, მინდა მივულოცო წარმატება „თსუ გორდელას“ და მის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ მამალაძეს.

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ოთხი სხვადასხვა სახეობის ღვინო გახლდათ წარმოდგენილი და ოთხივემ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქვე, ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის მხარდამჭერებს. პირველ რიგში, თიბისი ბანკს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პარტნიორი გახლდათ ამ პროექტის ორგანიზებისას. მადლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის სააგენტოს; მადლობა ბატონებს გოჩა ენუქიძეს და ვასიკო ბოლაშვილს, რომლებიც ხშირად უჭერენ მხარს ქართულ საქმეს და არც ეს წამოწყება გახლდათ გამონაკლისი.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და ამჯერადაც, ჰარვარდის პროექტის წარმატებით განხორციელებაში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

- ასეთი წარმატების შემდეგ, ხომ არ ყოფილა საუბარი თქვენი შესაძლო სამომავლო თანამშრობლობის შესახებ ჰარვარდის უნივერისტეტთან?

-დიახ, უკვე იკვეთება შემდგომი ერთობლივი პროექტის გეგმები ჰარვარდის სამეცნიერო ცენტრთან ერთად. თუმცა, ეს ჰარვარდია და დიდი დაინტერესების შემთხვევაშიც, პროცესები ნელა და თანამიმდევრულად ვითარდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩემი ახლახანს ჩატარებული ლექციის მოსამზადებელმა პერიოდმა თითქმის წელიწადნახევარი გასტანა.

- წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია.

- დიდი მადლობა!