ქართველმა მოცეკვავემ, ანა პატარიძემ, ცოტა ხნის წინ ისრაელში გამართულ არაბული ცეკვების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია - "ფოლკლორის" ნომინაციაში პირველი, "კლასიკაში" კი მეორე ადგილზე გავიდა. ანა ქორეოგრაფ ელენე ჩიხლაძესთან ერთად გვეწვია რედაქციაში.
ელენე აღმოსავლური ცეკვების ოსტატია. ის მსოფლიოს ბევრი ქალაქის სცენაზე გამოსულა და მაყურებელზე მომაჯადოებელი ეფექტიც მოუხდენია. ხშირად იწვევენ საზღვარგარეთ მასტერკლასის ჩასატარებლად, სხვადასხვა ფესტივალზე... ქართველებმა ელენე "ნიჭიერის" პირველ სეზონში გაიცნეს. მას ელენ-ორიენტალის სახელით იცნობენ. ის ანა პატარიძის წარმატებით ძალიან ამაყობს:
- ანა მაროკოში იყო, სადაც სამი თვე კონტრაქტით იმუშავა. 17 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში, ისრაელში კი 20-ში უნდა გავფრენილიყავით. მე იქ მიწვეული გახლდით, როგორც წარმატებული ქორეოგრაფი. ანამ გადაწყვიტა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. მითხრა, - იქ მასტერკლასები იქნება, რაიმე ახალს ვისწავლიო. მერე დავფიქრდით კონკურსში მონაწილეობაზეც. ვუთხარი, - გადი, იცეკვე, თუ წარმატებას მიაღწევ, ხომ კარგი, თუ არადა, სადარდებელი არაფერია-მეთქი. 20 თებერვალს უნდა წავსულიყავით, ანუ რეალურად 2 დღე ჰქონდა, რომ კონკურსისთვის ცეკვა შეგვერჩია და მომზადებულიყო. ღამით ვმუშაობდით, ჩემს სტუდიაში, ვინაიდან დღისით სხვა საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი. 2 ცეკვა დავდგით: ერთი ფოლკლორული, ერთიც კლასიკა. ბევრი ვიშრომეთ და ამ შრომამ შედეგი გამოიღო: ფოლკლორში პირველ ადგილზე გავიდა, კლასიკაში კი 2 ქულა დააკლდა პირველ ადგილამდე, მეორეზე დაასახელეს. ეს დიდი წარმატებაა. ნამდვილად არ ველოდით ამას. ცოტა რთული ქორეოგრაფია იყო და ჟიურიშიც მკაცრი, ძალიან ცნობილი ქორეოგრაფები იყვნენ მაროკოდან, თურქეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან.
- თქვენ არ იყავით ჟიურიში?
- ამ ფესტივალზე ქართველები მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ვინაიდან მოცეკვავე მე მყავდა წაყვანილი, ჟიურიში ვერ ვიქნებოდი. იქ ყველაფერს ყურადღებას აქცევენ, მიუკერძოებლობა ნამდვილად იგრძნობა. ძალიან ძველი კონკურსია, უკვე მეთოთხმეტედ გაიმართა ისრაელში. იცით, როგორი რთული ურთიერთობა აქვთ ებრაელებს არაბებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაბული ცეკვები მაინც დაფასებულია იქ. ჩვენთან კი რატომღაც, ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ მუცლის ცეკვაა და ძალიანაც ცდებიან. მუცლის ცეკვა არის ის, რასაც მოცეკვავეები ღამის კლუბებში ასრულებენ და რომლებსაც 5-ლარიანს უდებენ საცვლებში. სინამდვილეში, არაბული ცეკვები გაცილებით ღრმა და ბევრ საინტერესოა. ჩვენც ხომ ასე ვართ. ქართველებს ბევრნაირი ცეკვა გვაქვს და თითოეულს თავისი დამახასიათებელი სამოსი, ელემენტები, მანერა, რიტმი, თვლა, ხელის მოძრაობა აქვს.
- მიმზიდველია და საკმაოდ თამამია არაბული ცეკვების სამოსი...
- ყველა სამოსი ლამაზია, მაგრამ ზოგიერთი თამამი სულაც არ არის. ანამ ისრაელში რომ შეასრულა ცეკვა ხალიჯი, გრძელი, ულამაზესი სამოსი ეცვა. რაღაცნაირად დახვეული სამოსია, მაგრამ იმდენად ქალური მოძრაობებია ამ ცეკვაში, რომ სამოსიც ვერ ფარავს ქალის სილამაზეს. სხვათა შორის, ია ფარულავა დადიოდა ჩვენს სტუდიაში სწორედ ამ ცეკვის შესასწავლად...განაგრძეთ კითხვა