ავტორი:

ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."

ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."

უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. ხუცესი, იგივე ხევისბერი, წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ქადაგი კი თემში ერთ-ერთი მთავარი ქურუმი იყო, რომელიც მრევლსა და ღვთისშვილებს შორის შუამავლის ფუნქციასაც ასრულებდა. ის უხილავ ციურ ძალებთან „ამყარებდა“ კონტაქტს და მათ ნება-სურვილს ხალხს ატყობინებდა...

ცნობილი პოეტი კობა არაბული, ქადაგთა მისტერიებზე და ფხოვის საკრალურ დროზე გვესაუბრება:

"მქონდა სიხარული, რომ მოვსწრებოდი ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ ქადაგს, რომელიღაც უცნობი დროიდან შემოსულს ჩვენს დროში: მე მომისწრო მან და მე მოვუსწარი მას. ჯერ კიდევ ბავშვობაში სკოლის მოსწავლე დავესწარი მის ტრანსში გადასვლას, თითქოს ხორციელი არსებიდან გასვლას და მიახლოებას რომელიღაც სხვა სამყაროსთან... მაშინ მან იწინასწარმეტყველა დიდი მიწისძვრა და ხალხს მოუწოდა სახლებიდან გარეთ გასულიყვნენ, მიწა მართლაც იძრა და ხალხი გადარჩა! მეორეჯერ, როცა სტუდენტი ვიყავი, კიდევ ერთხელ ვიხილე მისი გარდასახვა: კაცი ჯერ ვულკანივით ფეთქავდა და ოფლის წყალში ცურავდა, ორივე ხელს ირტყამდა გულ-მკერდზე და ჩახლეჩილი ხმით ბღაოდა - უცნობი სიტყვებით უცნაურ ფრაზებს წარმოთქვამდა, მერე თანდათან შეწყვიტა ხმიანი მედიტაცია, თითქოს მიიძინა...

ხუცესმა, ხევისბერმა დაიწყო ზოგი რამის განმარტება. ქადაგი ტრანსიდან, თანდათან, უკან ბრუნდებოდა და ეხმარებოდა ხევისბერს საკუთარი ხილვების ახსნაში: ქადაგი ხედავდა „სხვა დროთა ჩამოდგომის ხიფათს“ და რაღაც შეუძლებლის შესაძლებლობაზე მიანიშნებდა... ბევრი რამ არ იყო სანუგეშო მის ტექსტში, ხვალინდელი და შორეული მოვლენები, ჯერ არდამდგარი ბედისწერული დრო ერთიანად იხილვებოდა მის ქადაგებებში: მაშინ, მან, მთლიანი საყმოს, თემის აყრა და გაუდაბურება იქადაგა, ანუ მთლიანი ერის გასვლა საკუთარი საკრალური წიაღიდან...

- როგორი დარჩა ქადაგი თქვენს მეხსიერებაში?

- ქადაგის ეს სტრესული მედიტაცია შოკისმომგვრელი სასწაული იყო ჩემთვის. მე, მაშინ, ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი იქ მყოფთა შორის: მეჩვენებოდა, რომ ქადაგი ალდია რატომღაც მე მიყურებდა შუბანის სალოცავის გველივით, უნაბისფერი იდუმალი თვალებით და თითქოს მიხსომებდა... ჩემზე გადმოდიოდა უცნობი ქარიზმული ენერგია და ქადაგის საიდუმლო სიტყვათა მაგიით „მკოჭავდა“. შემდეგ მომიახლოვდა და ისეთი რამ მითხრა, რისი გაცხადების დროც ჯერ არ დამდგარა.

მისტიკოსი ქადაგის ნაქადაგარი, რომელიმე დროში ცხადდება, როგორც მითი და მეორდება... ხევსური (ფხოველი) ქადაგების ქადაგებებიც ასეთი იყო, ყველა მოვლენა დროში – მაშინაც და მერეც, მათი სიკვდილის შემდეგაც, ისე ვითარდებოდა როგორც ისინი ხედავდნენ და, როგორც მათ უკარნახეს ციდან! მისი გასვლაც წუთისოფლიდან, მისი „წინასწარ ხილვა“ იყო და მაშინ თქვა მან: „ანგელოზ ახდილ“ ადამიანს ერთი კვირა შეუძლია ფეხზე სიარული. ერთი კვირა „ანგელოზ ახდილი“ მკვდარი ვიყავი თქვენთან მე და ეხლა მივდივარ, აბა „მეორ მოსვლამდე“ ძმებო!!!“ -და მართლა გავიდა...

ამ ქადაგმა რამდენიმე ქადაგება კიდევ მოასწრო, კიდევ გამოაცხადა მიწისძვრა, მაგრამ პაუზის შემდეგ უარყო და ასეთი რამ თქვა: „მიწისძვრა გადაიდო უფლის ნებით, იწყინეს ჩემგან საიდუმლოს გამხელა, მაგრამ მიწისძვრა მაინც მოხდება სხვაგან და სხვა დროში...“ „სხვაგან სხვა დროში“ მართლაც მოხდა სპიტაკის საშინელი მიწისძვრა... მანვე იწინასწარმეტყველა ჩერნობილი: „საშინელი ეშმაკის ნაორთქლი დაეცემაო ქვეყანას“ და ურიცხვი უცოდველი სულნი შევლენო ხვთის კარზე...“ მან იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა: „შუბლზე ეშმაკის ნიშნიანი კაცის ხელში აღარ იქნება ეს სახელმწიფო და იქნება რაღაც სხვა...“ და სულ ბოლოს, მან ამოიცნო თოვლის ზვავში დაკარგული ადამიანის ადგილი და ზუსტად მიუთითა: „წუხელ, ღამით, ჩემთან მოვიდა დავითი (ე.ი. მიცვალებული) და მითხრა: აქა და აქ ვარ, სხვაგან ნუ მეძებენო“ და მართლაც იქ ნახეს. გამაოგნებელი იყო ეს ხილვა თემისთვის...

- მხოლოდ ეს ქადაგი იყო ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული?

- ხევსურეთის თემთა ხსოვნაში დარჩენილი ოთხი ქადაგი (გახუა, ალიათ მგელა, თარხანათ გაგა და ჩვენს დროში შემოღწეული ალდია) ქადაგებდა სახიფათო ჟამთა ცვლაზე, ანუ ჩვენს დროში, სხვა დროთა ჩამოდგომაზე. ქადაგთა სიტყვით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ანგელოზთა სინერგიას დედამიწაზე („ხმელზე“) ეშმაკების ენერგია ჭარბობს, ანუ ღვთის კარზე ანგელოზთა უწინარეს ეშმაკები გადმოდიან და „ხორციელთა სადგომს“ ხიფათით და ფათერაკებით ავსებენ. ქადაგთა წინასწარმეტყველებით სწორედ ასეთი სატანის საუკუნე დგას ახლა, ამიტომ: თარხანათ გაგას ნათელხილვით დაიწყება რასათა გადაადგილება და აყრა დედამიწაზე... მართლაც მთელი ფხოვის თემი (და ყოველი თემი ქართველთა) იყრება და გადის საკუთარი საკრალური წმიდა „კვრივიდან“... და ადამიანთა ყოველ ადგილსამყოფელს ეშმაკნი ეპატრონებიან! ეს ქადაგება უკვე გაცხადდა: ქართველი ხალხი უკვე გავიდა საკუთარი თემ–სოფლებიდან (განსაკუთრებით მთის რეგიონებიდან) და საკარყმო მიწა–წყალი გაუდაბურდა...

ამავე ქადაგის ნათელხილვის კულმინაციური ფაზა ასეთია: „ერი დაპატარავდება, შეიკუმშება და კაკლის ხელა გახდება – ერთ ქალაქში შეგუბდება, ამ დროს წყალთა სიმური (წარღვნა) ან ეშმაკის ნაორთქლი (რადიაცია?) დაფარავს და გაქრება...“ – ეს ხიფათი ეხლა დაუდგა ჩვენ ერს, ანუ დგება ჯერ არგაცხადებულ ქადაგებათა გაცხადების ჟამი...

ამავე ქადაგის მეორე ქადაგება ასეთია: „მშიერ-ტიტველი ერი და ბერი, მტირალი დიაც–ყმაწვილნი მოედინებიან ოთხივე არაგვის ხეობაზე... მაგრამ აქ აღარ ხვდებათ მასპინძელი, ხვდებათ მხოლოდ აყრილი სოფლები და ნასოფლარები,– ლტოლვილები შედიან გამოქვაბულებში, ეხებში, ძველ ნახიზნარებში... იკვებებიან ველური ხილით და მცენარეებით, ბალახის ფესვებით, მაგრამ ისინი ვეღარ ცნობენ საკვებ მცენარეებს და იწამლებიან, ბევრნი მოიწყვლიან ავადმყოფობებით და სხვადასხვა სენით, მაგრამ „მთა-ყურეთ“ მაინც გადარჩებიან, რომ კვლავ გამრავლდნენ...“

ეხლა ქადაგთა ეს ქადაგება გაცხადების პირას დგას: ეტყობა მართლა დაჭირდება აყრილ ქართველებს მიტოვებულ ისტორიულ თემებში შებრუნება გადარჩენისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მართლაც არ დახვდება იქ მასპინძელი და თავშესაფარი, ვინაიდან ჩვენმა მთავრობებმა არასოდეს იზრუნეს ამაზე, ვერ გააცნობიერეს და ვერ განჭვრიტეს ეს ბედისწერული დრო...

- თქვენი დაკვირვებით საიდან ჰქონდათ მათ კოსმოსის ცოდნა?

- ხევსურ ქადაგთა და ხევისბერთა კასტა და კერძოდ, ქადაგის ფენომენი შემოსულია მთვარის კულტიდან და ცოცხლად შენახულია ფხოვის საკრალურ დროში! ქადაგი მთვარეული მისანია და „ინფორმაციას“ მთვარის ზემოქმედებით იღებს ძილში და დილით უცხადებს ბედისწერის შესაცნობად მისულთ: ქადაგი ეუბნება მხოლოდ სიმართლეს, შემაძრწუნებელიც რომ იყოს იგი. არის ასეთი ანდრეზი: როდესაც ქადაგმა ვინმე ფუნჩიას სიკვდილი და მისი გვარის გადაშენება იქადაგა, ფუნჩიამ იარაღი აისხა და ქადაგის მოსაკლავად წავიდა: „ჩემი მაწყევარი – ჩემს წინო...“ მაგრამ გზაში ფუნჩიას ხიდი ჩაუტყდა და ადიდებულმა წყალმა შთანთქა. ასე გაცხადდა ქადაგის წინასწარმეტყველება და დასრულდა ფუნჩიას გვარის ისტორია......რაც შეეხება: ჯვარის ხუცეს ხევისბერს – იგი მზის მედიუმი და ათენგენის რიტუალის აღმასრულებელია... ამ ორივე ფენომენის სახით, ფშავ-ხევსურთა ხატ-სალოცავებში და ფხოვის საკრალურ დროში, ნათლად ჩანს ქრისტემდელი და ქრისტეს შემდგომი რელიგიათა ანაბეჭდი...

ფოტოები გვერდიდან - ხევსურეთი

"ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში", - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საელჩო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი