ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნარიმან მაქარაშვილი - ეს სახელი და გვარი შესაძლოა ბევრს არაფერს გეუბნებათ, თუმცა ეს იმ ადამიანის საერო სახელია, რომელზეც ბევრი გსმენიათ სოციალური ქსელით. ბერმა ნიკოლოზმა წლებია საკუთარი მრევლის აღიარება მოიპოვა, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ აღიარებას არ აღიარებს. ბერს მღვდელმსახურება 20 წლის წინ შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი სასულიერო სწავლება გახდა.

2016 წელს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ეს შემდეგნაირადაა განმარტებული: „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“ და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება“ - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოების მცირე ნაწილი ნიკოლოზ მაქარაშვილს "ერის გადამრჩენელს" და ამ საუკუნეში მცხოვრებ "ნამდვილ წმინდანს" უწოდებს. მრევლის ნაწილი, რომელიც თავს ბერი ნიკოლოზის სულიერ შვილებად მიიჩნევს, თბილისში ორ ადგილას იკრიბება სალოცავად: გამრეკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობდა და ბარნოვის ხიდის მიმდებარედ, სადაც ის დღეს ცხოვრობს.

გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბერის ხმაურიანი გამოსახლების მიზეზი ბინის მეპატრონესთან დაპირისპირება გახდა - მეპატრონე მამუკა რეხვიაშვილი მას ბინის დატოვებას სთხოვდა, ნიკოლოზ მაქარაშვილმა კი ლიფტის კარები აჭედა და ბინის მფლობელს სახლში არ უშვებდა. არსებობენ თვითმხილველები, რომელთა თქმითაც, ბერმა რეხვიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ნიკოლოზ მაქარაშვილი დანით და ხანჯლით შეიარაღებული იყო.

"განიარაღების დროს პატრულს უშვერი სიტყვებით მიმართავდა ‘’მდუმარებაში’’ მყოფი მღვდელი და მოითხოვდა მეზობლებს ბინები დაეტოვებინათ და მისთვის დაეთმოთ’’ - ყვებიან შემთხვევის თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო: ბერი ნიკოლოზის მრევლი ყოველ დღე მის სახლთან ლოცულობს

ბერის სულიერი შვილი ლეო ფურცხალავა არ უარყოფს ამ ინფორმაციას და გვეუბნება: „წმინდანი იცავს ადამიანს საფრთხისგან, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამა გაბრიელს (ნიკოლოზ მაქარაშვილს მრევლი მის მოწაფედ და მემკვიდრედ იხსენიებს) კვერთხი ჩაურტყამს ადამიანისთვის თავში, რათა მისგან ეშმაკი განედევნა. მამა ნიკოლოზი მცირედ შეეხო მამუკა რეხვიაშვილს, მაგრამ რასაც მამა ნიკოლოზი მოქმედებს, იმ ადამიანის გადასარჩენად აკეთებს. ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც ადამიანს უფაქიზესად კურნავ, ზოგჯერ კი მკაცრ მეთოდსაც იყენებ" - ამბობს ლეო ფურცხალავა.

მისივე თქმით, დღეს წმინდანს დევნიან განსაკუთრებული სისასტიკით:

„საპატრიარქო ათეული წლის განმავლობაში დევნიდა მამა გაბრიელს, ახლა კი დევნის მამა ნიკოლოზს. დღეს ხალხის მკურნალს, ერის გადამრჩენელს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება’’ - გვითხრა ფურცხალავამ.

ბერის სულიერი შვილი იმ წერილზეც საუბრობს, რომელიც ნიკოლოზ მაქარაშვილმა საცხოვრებლის კარებზე გამოაკრა მეზობლების გასაფრთხილებლად. მოგვიანებით წერილი „ფეისბუქშიც“ გავრცელდა. წერილში ბერი წერდა:

"ჩემი კორპუსია!! ყველა ბინა ჩემია!! მთელი სართული ჩემი უნდა იყოს!ეს არი ჩემი ბინა!!უნდა წახვიდე!! მე მაქვს ბინის პრობლემა! გადაჭერით სწრაფად!! ყველაფრის პრობლემა მაქვს! უნდა მქონდეს რამდენიმე ბინა ერთდროულად, რომ გავიტანო თავი!!! მებრძვის ბოროტი! უნდა მქონდეს რამდენიმე გაზი, ტუალეტი, აბაზანა, რომ მოვიგო!! მთელი სართული უნდა დავიკავო ჩემი კორპუსია, ყველა უნდა წავიდეს და მე კარგად უნდა ვიყო!!!" - ვკითხულობთ წერილში.

ლეო ფურცხალავას თქმით, ამით მამა ნიკოლოზმა მოსახლეობა გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ვერ მიხვდა წმინდანის საუბარს.

„რაც უფრო დიდია ადამიანის რწმენა, მით უფრო მეტად სწვდება არსს ქრისტიანული სარწმუნოების, ჩვენი სარწმუნოების მთავარი მტერი არის ფანატიზმი, რა მდგომარეობაშიც ეხლა ვიმყოფებით, როდესაც გულით და რწმენით ევედრები წმინდანს, რასაც თხოვ აუცილებლად აგვისრულდება“ - ამბობს ფურცხალავა.

ჯვრებით გაფორმებული სახლის აივანი და სახლის კარზე წარწერა ‘’მეფე’’ - ასე გამოიყურება ნიკოლოზ მაქარაშვილის ამჟამინდელი საცხოვრებელი კეკელიძის ქუჩაზე. როგორც მისი მიმდევრები ამბობენ, დუპლექსის ტიპის სახლი სულიერ მოძღვარს მრევლის წევრმა აჩუქა. კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, ბარნოვის ხიდზე, დღის განმავლობაში ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები იკრიბებიან, ლოცულობენ და მის გამოჩენას ელოდებიან.

მათივე თქმით, ბერი ნიკოლოზი სახლიდან ნოემბრის შემდეგ არ გამოსულა და მათ მისი ხილვა მხოლოდ ბარნოვის ხიდიდან შეუძლიათ, რომელიც სახლის აივანს გაჰყურებს. როგორც მრევლი ამბობს, მამა ნიკოლოზი გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს და იგი სხვადასხვა ნიშნებით ცდილობს ამის შესახებ საზოგადოებას ანიშნოს. „დაგვირიგა ასანთის ღერები, თავიდან ვერ მივხვდით ეს რას ნიშნავდა, თუმცა რამდენიმე დღეში დაიწყო ხანძარი ბორჯომში და სხვადასხვა ადგილებში’’- იხსენებს მრევლის ერთ-ერთი წევრი.

ბერის სახელს მისი მრევლი სასწაულებსაც უკავშირებს. ერთ-ერთი ბოლო „სასწაული“ წყვილს ეხება, რომელთაც წლების მანძილზე არ ჰყავდათ შვილი. ცოლ-ქმრის ვიდეო ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა: "მამა ნიკოლოზმა მესროლა პომიდორი, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე ყოველ დილით ვჭამდით. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ გვეყოლებოდა გაბრიელი’’ - ამბობს ახალგაზრდა ქალი ვიდეოში.

მრევლის კიდევ ერთი წევრის, რუსუდან კენჭიაშვილის თქმით, მისი შვილი აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონეა, ბავშვს ჰქონდა მეტყველების პრობლემა. როგორც ქალი იხსენებს, 2017 წლის 13 ოქტომბერს მამა ნიკოლოზმა მისი შვილი დალოცა, რის შემდეგაც მან შეძლო ესწავლა საუბარი.

"ამას გარდა, ჩემს შვილს სისხლში აღმოაჩნდა ტყვია, რომელიც ტვინის უჯრედებს კლავს და ვერ ხდება ადამიანის განვითარება, მამა ნიკოლოზი ჩემს შვილს ესაუბრა და მომანიჭა ბედნიერება, რომ ჩემს შვილს პირველად დაეძახა ჩემთვის დედა" - გვიყვება რუსუდან კენჭიაშვილი.

მამა ნიკოლოზის მრევლი ირწმუნება, რომ ბერის სახელი საზღვრებს ცდება და მასთან ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობენ. მათ შორის არის დიმიტრი გრიგოლია, რომელიც სპეციალურად ბერის მოსანახულებლად ჩამოდის საქართველოში. ‘’მამა ნიკოლოზი არის უდიდესი წირვის მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა არის ყველაზე დიდი სასწაული, მე გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მის შესაძლებლობს, ეს ადამიანები უნდა შეეხონ მამა ნიკოლოზს, რომ იგრძნონ მისი ძალა’’ - ამბობს ის.

პასუხად კითხვაზე, რას ფიქრობენ მრევლის წევრები იმაზე, რომ ბერ ნიკოლოზს საპატრიარქო არ აღიარებს, მისი მორჩილი ნიკოლოზ კვინიკაძე გვპასუხობს, რომ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

"საპატრიარქო არ აღიარებდა მამა გაბრიელს, ასევე უდიდეს წმინდანს გიორგი ბასილაძეს, ილარიონ სამხარაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ მამა ნიკოლოზი საზოგადოებამ აღიარა, შესაძლოა საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი’’ - ამბობს ნიკოლოზ კვინიკაძე და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელსაც არ სჯერა მამა ნიკოლოზის სასწაულების და შავ პიარს უვრცელებს.

"ანტიპიარი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი დააკნინონ, ყველა დროს იდევნებოდნენ წმინდანები, საზოგადოებაში ვრცელდება ცრუ ისტორიები მამაოს შესახებ, ან ამბობენ სიმართლეს, მაგრამ ამას გამოხატავენ ცუდი ფორმებით და არა ისე, როგორც ეს რეალობაში მოხდა’’ - გვითხრა მორჩილმა.

ნიკოლოზ კვინიკაძე, ბერის დევნაში საპატრიარქოს გარდა, მოძღვრებსაც ადანაშაულებს და ბრალს მოძღვარ თეოდორე გიგნაძეს სდებს:

"თეოდორე გიგნაძე, ადამიანი, რომელიც, მოძღვრავს მთელ საზოგადოებას, რომელმაც თავისი საუბრით შეურაცხყო მამა გიორგი ბასილაძე, ბერი ნიკოლოზი, მამა გიორგი პავლოვი გამოიყვანა ანტიქრისტეებად, ამას აკეთებს იმისთვის, რომ მამა ნიკოლოზი დააკნინოს, რადგან ის არ არის ისეთი დიდი წმინდანი, როგორც მამა ნიკოლოზი“ - განაცხადა მორჩილმა.

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. მას თითქმის 15 წელია მდუმარების აღთქმა აქვს დადებული. ფაქტია, რომ საზოგადოებაში მის შესახებ აზრი ორად იყოფა: ერთნი ფიქრობენ, რომ ბერი ნიკოლოზის მრევლი ფანატიზმით არის შეპყრობილი და საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს, ხოლო მეორე ნაწილს სჯერა მისი სასწაულების და აქტიურად განაგრძობს მის მორჩილებას.

სტატია და ფოტო: სოფია მეფარიშვილი, ნანო ლომინაძე

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა