თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება

თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისის სტატუსისა და Check in Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდება. სამდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.

პროექტთან დაკავშირებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიების შესახებ ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ერიკ შლოსერმა, თიბისის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა - თამუნა კირვალიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ და „ექსპო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა - თინა ლაღიძემ და ნინო გამრეკელმა ისაუბრეს.

“თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის თბილისში ჩატარება, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დროა ახლა თბილისისთვის ამგვარი ღონისძიების ჩასატარებლად და მისი ტრადიციად ქცევისთვის. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში. საქართველოში ტარდება ძალიან კარგი მუსიკალური ფესტივალები, კინოფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი კი აქამდე არ ჩატარებულა. სასიხარულო იქნება ამ დარგის განვითარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი ხელოვანების პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ძალიან კარგი საშუალებაა მხატვრებისთვის თავის წარმოჩენისთვსა და ნამუშევრების გასაყიდად.“ - განმარტა ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელმა ერიკ შლოსერმა.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF - ის საბჭო ისეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ.ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

„თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი ფესტივალი, მაგრამ არა თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. ახალგაზრდა ხელოვანებს აქამდე არ ჰქონდათ ასპარეზი წარედგინათ თავიანთი ნამუშევრები საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, რომ Tbilisi Art Fair მისცემს მათ საშუალებას დაამყარონ ახალი კონტაქტები და კარგად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. თანემდროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი თიბისი სტატუსი გახლავთ. ახალგაზრდების და ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა თიბისი ბანკის მხრიდან მუდმივად ხორციელდება,“ - განაცხადა თიბისის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა - თამუნა კირვალიძემ.

ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, პარალელური ღონისძიებები:

თბილისის ფოტო ფესტივალი - ქართული ფოტოგრაფიის პირველი მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელიც ფოტოგრაფიის განვითარების სამ საუკუნეს მოიცავს.

დაიკარგა თორმეტი ქალი - აბრეშუმის მუზეუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ემიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

ომი დროებით შეჩერებულია - გამოფენა, რომელიც 20- მდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას, პერფორმანსს, ქანდაკებასა და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და რომლის თემაა - დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია.

საერთაშორისო კულტურული ფორუმი - ფორუმზე „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული.

Tbilisi Art Fair - ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება დაიგეგმება.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორის ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან.

TAF - ის მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - tbilisiartfair.art

(R)

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი