„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შეკრებილ აუდიტორიას წიგნისა და გიორგი III-ის მეფობის პერიოდის შესახებ საჯარო ლექცია პროექტ „ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პროფესორმა, ჯაბა სამუშიამ წაუკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამუშიამ განუცხადა „ქართველი მეფეები“ საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ წიგნის მარტივი ენით შედგენამ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ცნობილი ავტორების მუშაობამ განაპირობა, რომელთაც მკითხველის ნდობა საკითხისადმი ცოდნის გამო მოიპოვეს.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად მიიღო პროექტი „ქართველი მეფეები“, რაც გაყიდვებიდანაც ჩანს. მაგალითად „თამარ მეფის“ ტირაჟი ერთ დღეში დამთავრდა და მეორედ მოგვიწია დაბეჭდვა. იგივე მოხდა „ბაგრატ მესამეზეც“. მკითხველისგან ნდობა დავიმსახურეთ, რადგან წიგნები აუცილებლად უნდა იყოს გასაგები და მსუბუქი ენით დაწერილი. იმ ენით, როგორც ამბავს მოუთხრობ ადამიანებს. ეს არ უნდა ყოფილიყო ქრონიკები, ეს არის დაახლოებით ის სტილი, რაც ევროპულ ისტორიოგრაფიაში პოპულარულია და ამ კუთხით მივიღეთ კარგი პროდუქტი. მეორე, ეს არის თვითონ წიგნის ავტორების და შინაარსისადმი ნდობა. წიგნის ავტორები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილი ისტორიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ იმ კონკრეტულ ეპოქასა თუ პერსონაჟზე, ვიზეც წიგნს ქმნიან. მაგალითად, „თამარ მეფის“ ავტორი ცნობილი ისტორიკოსი როინ მეტრეველია, რომელიც მის ეპოქას სწავლობდა მრავალი ათეული წელი. „ბაგრატ მესამე“, რომლის ავტორიც მე გახლავართ და რომლის ეპოქასაც 15-20 წელია ვსწავლობ. ჯემალ სტეფნაძეა „გიორგი მესამის“ ავტორი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ბატონმა ჯემალმა 1999 წელს გამოსცა წიგნი და ითვლება ამ ეპოქის ყველაზე კარგ მკვლევრად. ჩვენი ეს ორი ნიშა, რომელსაც ყოველთვის აღვნიშნავ, არ შეიცვლება პროექტის დასრულებამდე. ყველა წიგნი იქნება კარგად საკითხავი, მონოგრაფია, რომანად გადმოცემული და მეორე მხრივ არიან ავტორები, რომლებიც არიან ცნობილები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

პროექტ „ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემა რამდენიმე წიგნი, სადაც მეფე ფარნავაზის, დავით აღმაშენებლის მამის, გიორგი II-ის ცხოვრებისა და სხვა მეფეთა ეპოქის ნაცნობი და აქამდე უცნობი დეტალები შევა.

„პროექტის ფარგლებში სულ 24 ტომია ჩაფიქრებული, სადაც 28 მეფის ცხოვრება შევა. ამ 24 ტომიდან უკვე არსებული წიგნია 8, დანარჩენი მონოგრაფიები ახლიდან იწერება, ის, რაც არ ჰქონია ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ პროექტის მეშვეობით კი ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი არ არის ძველის განმეორება, ეს არის სრულიად ახალი პროექტი, ახალი წიგნები და ახალი მონოგრაფია, რაც მთავარია პროფესიონალი ავტორების მიერ შედგენილი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„პალიტრა L“- ის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო ახვლედიანი კი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „ქართველი მეფეები“ თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე მკითხველს წიგნის შეძენა, სპეციალურ ფასად შეეძლება.„ჩვენ, „პალიტრა L“-ს, ძალიან გვიხარია სერია „ქართველი მეფეების“ კიდევ ერთი ტომის, „მეფე გიორგი III“-ის გამოცემა. წიგნის ავტორი არის ბატონი ჯემალ სტეფნაძე, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი ბატონი ჯაბა სამუშია. სწორედ ბატონ ჯაბა სამუშიას დახმარებით, კანდელაკის N7-ში, მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა ზემოთ აღნიშნული წიგნის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და გაეგოთ ყველაფერი, რაც აინტერესებდათ „ქართველი მეფეების“ შესახებ. ვფიქრობთ, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის.

„ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომი „გიორგი III“ 23 აპრილიდან უკვე გაყიდვაშია. მომხმარებელს მისი შეძენა შეუძლია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. მიმდინარე კვირის ბოლომდე „გიორგი III“-ის წიგნი გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად - 5,50 ლარად, გაზეთთან ერთად 7,00 ლარად, ხოლო შემდეგ კი წიგნის შეძენა 10 ლარად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თაკო ახვლედიანმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს