აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ტელეკომპანიის ოფისში, ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ, მღვდელმა ზურაბ ცხოვრებაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საპატრიარქოს ტელევიზიას მაუწყებლობა 11.00 საათიდან შეუწყდა, რის მიზეზადაც ტელერადიოკომპანია "ევრიკა"-ს დავალიანება დასახელდა.
"ერთსულოვნება" შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ტელერადიოკომპანია "ევრიკის" სიხშირეზე მაუწყებლობს. "ერთსულოვნება" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ტელევიზიის იურისტმა მაია ცანავამ განუცხადა, "ევრიკის" მიმართ "ერთსულოვნების" დავალიანება შეადგენს 112 ათას ლარს, მათ შორის არის საპატრიარქოს ტელევიზია "ივერიას" მიერ დაგროვილი დავალიანებაც. დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, "ერთსულოვნებას" "ევრიკის" მიმართ წელს, აგვისტოს ჩათვლით 64 ათასი ლარი გადახდილი აქვს.
"აღმოჩნდა, რომ ჩვენგან გადახდილი თანხებიდან "ევრიკა" ანძის მიმართ დავალიანებას არ ფარავდა, რის გამოც რადიო "ევრიკის" ეთერი გაითიშა. განაწყენებულმა ტელეკომპანიის მფლობელებმა კი სანაცვლოდ "ერთსულოვნების" ეთერი გათიშეს", - აღნიშნა მაია ცანავამ.
"ვწუხვართ, რომ ტელერადიოკომპანია "ევრიკის" ხელმძღვანელობამ მიიღო ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებისათვის" დამოუკიდებელი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა, რისთვისაც სიტყვიერი პირობა უკვე გვაქვს. აღნიშნული საგრძნობლად გაგვიადვილებს ფუნქციონირებას და თავიდან აგვაცილებს მსგავს პრობლემებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, აღარ ვიყოთ დამოკიდებულნი ტელერადიოკომპანია "ევრიკის" ან სხვა რომელიმე კომპანიის გადაწყვეტილებებზე", - აცხადებენ "ერთსულოვნებაში".
საპატრიარქოს ტელევიზიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხერხდება ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენა.