ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული

ორი წიგნი, ორი საქმე... ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული

ამბობენ, ავტორმა პირველი რომანი ნაძლევზე დაწერა, რომ ისეთ დეტექტიურ ამბავს მოიგონებდა, მკითხველი ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა, ვინ იქნებოდა მკვლელიო. მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ აგათა კრისტიმ ნაძლევი მოიგო - წერდა 1921 წელს გამოცემა The Times.

”იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში” - ასე ჰქვია აგათა კრისტის პირველ დეტექტივს, რომელშიც ბელგიელი გამომძიებელი ერკიულ პუარო ინგლისში ერთ-ერთ რანჩოზე სტუმრად ჩავა და იქ მომხდარ მკვლელობასაც გახსნის. ნაწარმოები 1920 წელს დაიწერა.

გავიდა 55 წელი და მკითხველმა ერკიულ პუაროს მონაწილოებით 32 დეტექტივი დაწერა. 1975 წელს კი გამომძიებელი პუარო იმავე რანჩოზე ხვდება, სადაც პირველი საქმე გამოიძია და მას კვლავ უწევს მკვლელობის გამოძიება. ეს ლეგენდარული მაძებრის ტრიუმფალური კარიერის საბოლოო წერტილია. ამ საქმის გახსნის შემდეგ ის ბუნებრივი სიკვდილით თავადაც იღუპება. აგათა კრისტის ამ უკანაკნელ რომანს ერკიულ პუარო მონაწილეობით ”ფარდა” პუაროს უკანასკნელი საქმე” ჰქვია.

ეს ორი დეტექივი, რომელიც პუაროს საქმიანობის დასაწყისი და დასასრულია, კრებულის სახით გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” მოამზადა. სასაჩუქრე ეგზემპლარი მკითხველისთვის უკვე ხელმისწავდომია და მისი ღირებულება 27.99 ლარია.

”ეს სასაჩუქრე გამოცემა აგათა კრისტის მრავალმილიონიან გამოცემებს შორის განსაკუთრებულია. სულ ავტორის 4 მილიარდამდე ეგზემპლარია გამოცემული. წიგნის გამოსვლის შემდეგ ”ნიუ-იორკ თაიმსმა” დაბეჭდა ნეკროლოგი, რომლითაც საზოგადოებას ერკიულ პუაროს გარდაცვალებას ატყობინებდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც ასეთმა გავლენიანმა გამოცემამ არარსებულ ადამიანს ნეკროლოგი მიუძღვნა. 1976 წელს უკვე ”დეტექტივების დედოფლად” აღიარებული აგათა კრისტიც გარდაიცვალა,” - განმარტავს გამოცემის რედაქტორი ლადო იოსებაძე.

წიგნების თარგმანი ქართულ ენაზე მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ მოამზადა. მანამდე კი მას აგათა კრისტის 8 დეტექტივი ჰქონდა ნათარგმნი. თუმცა ამ ორი რომანის მიმართ თავად მთარგმნელის დამოკიდებულებაც გამორჩეულია.

”აგათა კრისტის დეტექტივების თარგმნა რთული ნამდვილად არაა. ავტორს დახვეწილი სტილით, არისტოკრატიული მანერით წერა ახასიათებს. მის ნაწარმოებებში ვერ ნახავთ სასტიკ მკვლელობებს, ზღვა სისხლს. ყველაფერს მინიშნებებით აკეთებს და არა - პირდაპირი აღწერებით. მის პირველ და ბოლო რომანებს შორის რამდენიმე ათეული წელია გასული, თუმცა ავტორის სტილი არ განხვავდება. ბოლო დეტექტივში აგათა კრისტი ქმნის იდეალური მკვლელის სახეს რომელიც თავისი ჭკუამახვილობითა და გონიერებით პუაროს უტოლდება. ვფიქრობ, რომ ავტორმა მკვლელის აღმავალი ხაზი დახატა და სწორედ ამიტომ არის ბოლო ნაწარმოებში ყველაზე ჭკვიანი დამნაშავე. აქ აღწერილია იდეალური მკვლელის პოვნა იდეალური დეტექტივის მიერ,” - განმარტავს პაატა ჩხეიძე.

აქვე გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ყველა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად ავტორ აგათა კრისტიზე.

თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ”პროდუქტიულ” მწერალს დისგრაფია სჭირდა (ტექსტის ჩაწერა არ შეეძლო). მისი ყველა ნაწარმოები კარნახითაა ჩაწერილი.

აგათას სურდა საკუთარი დისთვის, რომელიც მწერალი იყო, დაემტკიცებინა, რომ ლიტერატურაში მასზე მეტი გაეკეთებინა და სწორედ ამიტომ დაიწყო წერა.

აგათა კრისტის დედას არ უნდოდა, რომ მას კითხვა ესწავლა. 8 წლის ასაკში გოგონამ კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. ოფიციალური განათლების მიღება კი 15 წლის ასაკში დაიწყო.

პირველი მსოფლიო ომის დროს აგათა კრისტი სამხედრო ჰოსპიტალში მსახურობდა მედდად, შემდეგ კი აფთიაქში გადავიდა სამუშაოდ, სადაც კარგად შეისწავლა ყველა ტიპის შხამი და მომწამვლელი ნივთიერება, რომლებსაც ის ასე ხშირად ახსენებს თავის წიგნებში.

სახლი ინგლისში, რომელშიც აგათა კრისტი ცხოვრობდა, ქირავდება. მისი დაქირავება ერთი ღამით 500 დოლარი დაგიჯდებათ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს