ავტორი:

"ვგალობ ქართულად და ეს ჩემთვის ყველაფერია!" - სოსო თოლორაიას რთული ამერიკული ცხოვრება და 33 წლის ასაკში ნაპოვნი უფალი

"ვგალობ ქართულად და ეს ჩემთვის ყველაფერია!" - სოსო თოლორაიას რთული ამერიკული ცხოვრება და 33 წლის ასაკში ნაპოვნი უფალი

ამ პოპულარულ ტელეწამყვანთან, მსახიობთან, შოუმენთან, პოპულარული ჰიტების შემსრულებელთან წარსულში ვინ იცის, რამდენი ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის საქართველოდან წავიდოდა და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან, უცხო ქვეყანაში დაიწყებდა...

სოსო თოლორაიამ 13 წლის წინ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, ბედის, სახსრების საძიებლად, წარმატების მოსაპოვებლად და კარიერის ასაწყობად ამერიკის გზას დაადგა და ქართველი ემიგრანტების დიდ არმიას შეუერთდა. როგორ შეხვდა უცხო ქვეყანა მას, რა იყო მისთვის მთავარი სირთულე და რა მეტამორფოზა მოხდა ქართველი ტელევარსკვლავის ცხოვრებაში - ამ ყველაფერზე ექსკლუზიურად AMBEBI.GE-ს მკითხველს, სოსო თოლორაია გულახდილად უამბობს.

- ნიუ-იორკში 2005 წლის 13 თებერვალს ე.წ. ვალენტინობას ჩამოვედი. ამის მიზეზი ბევრი რამ იყო. ერთ-ერთი, რომ მიუხედავად ჩემი უამრავი საქმიანობისა, მაინც კაპიკებს ითვლიდა ჩემი საფულე და როგორც მამას, არ მქონდა უფლება, უპრაგონოდ, მედღეხვალიობით მეცხოვრა. ასე რომ, ფინანსური სტაბილურობისთვის ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე - მინდოდა ბედი მეცადა როგორც მსახიობს, მომღერალს, მესწავლა ინგლისური და ვყოფილიყავი წარმატებული ადამიანი. თუმცა, ჩემი მიზნები და ფიქრები აქ ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ 360 გრადუსით შეიცვალა...

- გაგიჭირდა დამკვიდრება? რა იყო უცხო ქვეყანაში მთავარი სირთულე?

- როგორც გითხარით, 2005 წელს ჩამოვედი და არ მქონდა მუშაობის უფლება. ისეთი რაღაცების კეთება მიწევდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი სირთულეებთან შესაჭიდებლად. სერიოზული ფიზიკური შრომა მიწევდა, ამასთან, ყველა ტიპის სამსახურს შევეჭიდე, მშენებლობიდან დაწყებული, ბაბუებთან მუშაობით, მიმტანობით, ჭურჭლის რეცხვით დასრულებული. ფილმში რომ გვინახავს, სწორედ ასე მომიწია ყველაფრის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა, რაც ძალიან რთული იყო. რომ არა ჩემი აქაური მეგობრები, რომლებიც ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ შევიძინე (ზოგიერთს მანამდე ვიცნობდი), თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის თვიდან თვემდე თავის გატანა, რადგანაც იყო შემთხვევები, როცა არანაირი სამუშაო არ იყო. მოკლედ, ბიჭები მარჩენდნენ. ზოგი მანქანას მათხოვებდა ხოლმე, ზოგი ლუკმას მიყოფდა, ზოგი ოთახს მითმობდა. თავი ასე წვალებით გამქონდა, ქართველი ემიგრანტებისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი. ყოველთვის მიკვირდა, რატომ იყო ასეთი აზრი გავრცელებული, რომ უცხოეთში ჩასვლისას ქართველებს არ გაეკაროთ! ჩემ შემთხვევაში, პირიქით მოხდა.

- რა იყო პირველი სამსახური, რომელიც დაიწყე?

- პირველი საქმე, რომელიც ამერიკაში დავიწყე, ეს იყო მშენებლობა, ოღონდ, მშენებლობის არაფერი გამეგებოდა, ამიტომ, მშენებლობის `დამლაგებელი~ გახლდით, სხვები რომ დაანაგვიანებდნენ, მივდიოდი და ვალაგებდი. მერე ერთმა მეგობარმა ივაჟკაცა და მისი დახმარებით, ფეხსაცმელების მაღაზიაში გამყიდველობა დავიწყე, მაგრამ ესეც ძალიან სასაცილო იყო, რადგანაც ჩემი ინგლისური იმ დროისთვის მინუსებში იყო... ასე მომიწია სირთულეების ეტაპობრივად გადალახვა.

- ალბათ, ისიც ამძიმებდა სიტუაციას, რომ შენს ქვეყანაში ცნობილი ადამიანი იყავი, იქ კი უცხო გარემოში არავინ გიცნობდა...

- ნამდვილად ძნელი იყო და მართლაც, ქართველი ემიგრანტების გარდა, იქ არავინ მიცნობდა, რომლებიც ისე იყვნენ თავიანთი საქმეებით დაკავებულები, იშვიათად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა. ხელახლა დაწყებული ცხოვრება გაუგებრობებით, მოულოდნელობებით და ბევრი შეცდომით დაიწყო. არ ვიცნობდი ხალხს და არ მქონდა შესაბამისი გამოცდილება, მიხდებოდა არამართლმადიდებლურ გარემოში პერიოდულად მოხვედრაც. ის, რომ იქ ვერავინ მცნობდა და საქართველოში პოპულარული ვიყავი, რაღაც ეტაპზე საფუძველი იყო დეპრესიისთვის. თან, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემი გეგმები, არც ისე ახლო მომავალში განხორციელდებოდა. ეს ყველაფერი უფრო მთრგუნავდა და ამერიკული ყოველდღიურობა, რომელიც ფილმებიდან სხვანაირია, რეალობაში უფრო სხვანაირი აღმოჩნდა, საპირისპირო. ეს დეპრესიული ფონი თავისთავად ღრმა ლაქად დამრჩა დღემდე და ასევე დეპრესიის გამო დაშვებული შეცდომების შედეგებიც.

- მახსოვს, რომ საქმიანობის პარალელურად, ნიუ-იორკის ქართულ დასშიც მოსინჯე ძალები. ისევ ხარ იმ თეატრში?

- რაც შეეხება ამერიკის ქართულ დასში ჩემს მონაწილეობას, ის ქალბატონი ხათუნა იოსელიანის ხელშეწყობით მოხდა, მაშინ რეჟისორის როლს ითავსებდა და დადგა `თეთრი ბაირაღები~. შოშიას ვთამაშობდი, გენიალური რამაზ ჩხიკვაძის მიერ თავის დროზე გენიალურად შესრულებულ როლს. ამ როლის თამაშისას დიდ მსახიობს მაინც ვერ გავექეცი... ეს წარმოდგენა ანტიდეპრესანტივით გამოაჩინა უფალმა ჩემს ცხოვრებაში, რომ მხოლოდ ფიზიკურ შრომაში არ დამეხარჯა მთელი ენერგია. მოკლედ, ქალბატონი ხათუნა და ის არაჩვეულებრივი გუნდი ძალიან დამეხმარა, ვისთანაც სპექტაკლი ვითამაშე. სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული გამოგვივიდა.

როდესაც `თეთრი ბაირაღები~ შედგა, მისი გასტროლებზე წაღება გვინდოდა, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. საერთოდ, კი იმდენი დროც არ მრჩებოდა, რომ თეატრისთვის დამეთმო. ამ დასს დღემდე ვგულშემატკივრობ და მიხარია, რომ წარმატებულები არიან. თუმცა მანამდეც მქონდა შეხება სცენასთან, როდესაც ვცდილობდი, რუსულ რესტორანში მომღერლად დამეწყო მუშაობა. ბევრი რუსული სიმღერის სწავლა მომიხდა. მერე ამ საქმესაც ჩამოვშორდი, მივხვდი, რომ ჩემთვის უფრო მეტი ტკივილის მომყენებელი იყო. მერჩივნა, ისევ ფიზიკურად მემუშავა, ვიდრე ის სიმღერები მემღერა. როდესაც ქართველები კონცერტებს აწყობდნენ, ხანდახან წამყვანობა მიწევდა. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, როცა მსახიობ-მომღერლობა-წამყვანობა მომიხდა, დანარჩენი ფიზიკურად ვმუშაობდი. ასევე მქონდა მცდელობა, რამდენიმე ფილმში `მასოვკაში~ მიმეღო მონაწილეობა და ეს ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მსახიობის კარიერაზე ვოცნებობდი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, თვითონ გამიქრა სცენაზე ყოფნის სურვილი...

ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, რომ უკვე 33 წლის ასაკში გავიცანი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, საერთოდ, ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე! აღმოვაჩინე, რომ თურმე ის ყოველთვის მიცნობდა და უფრო მეტიც, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო...

- უფლისადმი შენი ასეთი შემობრუნება რამ განსაზღვრა. როგორც გავიგე, ეკლესიაში გალობ და სტიქაროსანი ხარ.

- კი, ბატონო, იმ ეკლესიაში ვმსახურობ, რომელიც ბრუკლინშია. ის ერთადერთი ქართული ეკლესიაა და საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარება, ღვთისმშობლის შობის სახელს ატარებს. ის სპეციალურად დაქირავებულ ფართშია განთავსებული, სადაც სახელდახელოდაა სამლოცველო მოწყობილი. დიახ, იქ ვარ სტიქაროსანი და ვგალობ. გვყავს ჩვენი რეგენტი, მგალობელი, ლუიზა ცაავა, ღვაწლმოსილი ადამიანია, ქართველი მგალობლების არაერთი გუნდი ჰყავს ჩამოყალიბებული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მგალობლებში ვდგავარ და უფალს ვადიდებ.

ჩემი და უფლის ურთიერთობა საკმაოდ გვიან დაიწყო, რადგანაც მანამდე მეგონა, რომ ყველაფერი სისულელეა, რომ მღვდლები ხალხს ატყუებენ, რაშიც ძალიან ვცდებოდი. ეკლესიაში, უფალთან მისასვლელად, არსებობს ბევრი გზა, ერთ-ერთი და ყველზე მძიმე გზა ცოდვებისგან დაცემის გზაა. მოკლედ, ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, ცხოვრებისგან გამწარებული, იმედგაცრუებული, წარუმატებელი მიდის კი არა, მიხოხდება ეკლესიის კარამდე ისე, როგორც ავადმყოფი, მძიმე სენშეპყრობილი მიდის საავადმყოფომდე. სწორედ ასე მიდის სულიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ეკლესიამდე, სადაც შემდეგ ხდება მისი განკურნება. ვერ იტყვი, რომ საბოლოოდ იკურნება, რადგანაც ყველაფერი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, მის სურვილზე.

მოკლედ, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც 33 წლისას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულიერად დაცემულს მომიწია პირველად მონასტერში წასვლა, სადაც 40 დღის განმავლობაში დავრჩი. ჩვენი ეპარქიის მეუფე საბამ, რომელიც მაშინ მღვდელი იყო, მასწავლა ღთისმშობლის საგალობელი, მამაო ჩვენო, დილის კანონი, მრწამსი და მომაწოდა ინფორმაცია ქრისტიანობის შესახებ. აქედან და ასე დაიწყო ჩემი ქრისტიანული ცხოვრება.

- მოქალაქეობა ხომ არ მიიღე?

- კი, 2012 წელს გავხდი ამერიკის მოქალაქე. მოქალაქეობა მიიღო ჩემმა უფროსმა შვილმაც, რაც შეეხება უმცროსს, 2017 წელს დაიბადა, ჯერ წლის და რამდენიმე თვისაა, ნოდარი-ნოე თოლორაია, ძალიან კარგი ბიჭია, ამბობენ, მამას ჰგავსო. მოგვიანებით დედაც ჩამოვიყვანე და მალე ისიც გახდება მოქალაქე. დედა მამის გარდაცვალების შემდეგ წამოვიდა აქეთ. ჩემი ძმა კოტიკოც აქ არის. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა, მრავალი წლის უიმედობის შემდეგ, უფალმა შვილი მაჩუქა, მაგრამ არა ერთი, არამედ ორი, იმიტომ, რომ ჩემს მეუღლეს, უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ვამბობ, რომ მყავს შეძენილი შვილი, 21 წლის ნიკა, რომელსაც საკუთარ შვილად განვიხილავ. სულ 4 შვილი მყავს, ჩემი ძმიშვილიც ჩემი შვილია. მათ ლოცვებშიც ამ თანმიმდევრობით მოვიხსენიებ - ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი (ჩემი ძმიშვილია) და ნოდარი.

სოსო თოლორაიას შვილები

- პარალელურად რას საქმიანობ?

- პარალელურად ვეხმარები ჩემს ძმას, რომელმაც აქ თავისი პატარა კომპანია ჩამოაყალიბა. ტაქსების სერვისია, რომელიც ონლაინრეჟიმში ადამიანებს საშუალებას აძლევს, ტაქსი გამოიძახონ და სწორედ ამ საქმიანობაში ვართ ჩართულები. გვაქვს საინტერესო გეგმებიც. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამრევლოს ინიციატივით, ბრუკლინში ავაშენოთ პირველ ქართული ეკლესია. ახლა მიმდინარეობს ამისთვის თანხების მოძიება. თუ უფლებას მომცემთ, თქვენი საშუალებით, ამერიკაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს, განურჩევლად იმისა, ვინ რომელ შტატშია, მივმართო, ნიუ-იორკი ხომ მთელი პლანეტის დედაქალაქია და აქ ქართული ტაძრის არსებობა, ხუროთმოძღვრული ტაძრის აშენება, მნიშვნელოვნია. ვისაც სურვილი აქვს, ეს ჩვენი, როგორც მართლმადიდებლების ერთგვარი ვალდებულებაც არის, მივიღოთ ამ საქმეში მონაწილეობა.

ერთხელ მამა თეოდეორე გიგნაძემ აქ ყოფნისას თქვა, საქართველო იქ არის, სადაც ქართულად ლოცულობენ. ამის მეც ღრმად მწამს. რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ? - მთავარია ქართულად ლოცულობდე და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ჩვენი ინიციატივა. შემოგვიერთდით და ერთად ვადიდიოთ უფალი ჩვენს ქართულ ეკლესიაში.

სოსო თოლორაიას დედა და ვაჟი ნოდარი-ნოე თოლორაია

- საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებ?

- ალბათ, ზაფხულში მომოწევს ჩამოსვლა, რადგანაც ჩემი უფროსი ბიჭი - ანდრია ცოტა ხნით აქეთ წამოვიყვანო. ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. საერთოდ, წელიწადში ერთხელ მანდ ჩამოსვლას ვახერხებ, რაც დიდი ფუფუნებაა. ჩემთვის საქართველო უდიდესი დასვენების ადგილია და ყველა ქართველი ემიგრანტისთვის ასეა. ჩემ შემთხვევაში კი დასასვენებელი კუნძული და ნახევარკუნძულიც ჩემი საქართველოა და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ. აქ ნოსტალგია ყველა ერის შვილს აქვს, მაგრამ ისე, როგორც ქართველს, ასე მძიმედ ვერავინ გამოხატავს მას.

ჩვენ შემთხვევაში, სავალალო შედეგებითაც მთავრდება ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკლესიას და ქრისტიანობას ვეზიარე, ნოსტალგიას ასე ვიკლავ: ვგალობ ქართულად და ეს ჩემთვის ყველაფერია, შემიძლია ვთქვა, რომ გალობა არის უმაღლესი რამ, რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ უკვე ავიხდინე ეს ოცნება, დამრჩა კიდევ ერთი, მაგრამ ეს ოცნება საიდუმლოა და არაამქვეყნიურ ცხოვრებას ეხება. მთლად გიჟად რომ არ ჩამთვალონ, ამ ოცნებას ჩემთვის დავიტოვებ.

ბოლოს, მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს, თქვენ დიდ მალდობას გადაგიხდით ყურადღებისთვის, სითბოსთვის, რომ გახსოვართ. საუბარი ამით უნდა დაგვეწყო - ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომას. უფალი გფარავდეთ. ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ