როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი - ამის შესახებ ”დიდი ენციკლოპედია -დედამიწის” მეორე ტომი ხმელეთი გვიყვება. სერია 5 თემატური ტომისგან შედგება და ყველა იმ ფუნდამენტური საკითხის ერთობლიობაა, რომლითაც ცოცხლობს ჩვენი პლანეტა დაბადებიდან დღემდე.
სერიის პირველი ტომი ”დაბადება” 16 აპრილს გამოვიდა და საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ახლა კი მკითხველისთვის უკვე მეორე ტომია ხელმისაწვდომი.
თეა ბარამაშვილი, "დიდი ენციკლოპედია - დედამიწის" რედაქტორი: "მოგეხსენებათ, უკვე გამოვიდა პირველი ტომი „დაბადება“, ანუ, როგორც ყველაფერი, ჩვენი ენციკლოპედიაც დაბადებით დაიწყო - უდიდესი მოვლენით, რომელიც 13.7 მილიარდი წლის წინ დიდ აფეთქებას - სამყაროს დროსა და სივრცეში გაფართოება მოჰყვა! დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე გადაეცა, რასაც ჩვენი პლანეტა დღემდე „ინახავს“. დედამიწაზე კი ყველაზე კარგი „შემნახველი“ მიწაა, ხმელეთია და ამჯერად მკითხველს მასზე მეცნიერულად შესწავლილ, დასაბუთებული ფაქტებით მონათხრობს ვთავაზობთ. თუმცა ყველაფერი თავიდანვე საკმაოდ რთულად წარიმართა: იმას, რაც გეოლოგიური წელთაღრიცხვის დასაწყისში არსებობდა, ძნელად თუ ვუწოდებთ ხმელეთს - ის უფრო გავარვარებული მაგმური მასა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში გაგრილების შემდეგ თანდათან გადაიქცა მყარ ქანად. მოკლედ, ეს რთული პროცესია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიაროს მკითხველმა თითოეული ეტაპი, ვიდრე დღევანდლამდე, ანუ გაიგოს, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი. აი, წიაღი კი მართლაც რომ მრავალფეროვანი და მეტად საინტერესოა. ერთი მხრივ, ხმელეთი ოდინდელ, ლამის დედამიწის ასაკის ქანებს, მინერალებსა თუ წიაღისეულს ინახავს და მეორე მხრივ, „შეძენილ“ - ათასწლეულთა განმავლობაში დაგროვილ თუ დამარხულ „ფაქტებს“ ფარავს. თითოეულის „გამომზეურება“, ამ შემთხვევაში მკითხველამდე ნაბეჭდი ფორმით მიტანა, ერთგვარ წარმატებულ მცდელობად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ოდითგანვე ასე იყო, ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა მისი თვალისგან დაფარული, ხოლო თუ ეს დაფარული ძალიან სიღრმისეული და ხშირად მიუწვდომელია, ინტერესი ორმაგად იზრდება. მოკლედ, ეს ტომი უამრავ საინტერესოს ჰპირდება მკითხველს: ქანები და მინერალები, ნიადაგის თავისებურებები, ლანდშაფტები და ბიომები მის თვალწინ გადაიშლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ენციკლოპედია მაღალი ხარისხისა და ღრმა შინაარსის ვიზუალური მასალითაც გამოირჩევა, მკითხველს მართლაც საინტერესო „სანახაობა“ და შემეცნებითი საკითხავი ელის".
ეტაპობრივად სერიის შემდეგი სამი წიგნიც გამოვა. ესენია "ჰაერი", რომელიც მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები; "წყალი" ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე; "ადამიანი" კი მოგვითხრობს, როგორია დედამიწისადმი ჩვენი დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები.
თითოეულ წიგნში, საინტერესო ინფორმაციის პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ: დედამიწის ულამაზესი ლანდშაფტების ფოტოებს, ათასობით შთამბეჭდავ ილუსტრაციას, რუკებს, დიაგრამებსა და გრაფიკებს.