ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად

ინფორმაცია მძღოლებითვის: ე.წ. "მე-12 ოთახი" გაუქმდა - სად უნდა მიხვიდეთ საპოლიციო მომსახურების მისაღებად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სამინისტროს შენობაში (ნოე რამიშვილის N38) საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებული სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახლად შექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.

მათივე ცნობით, ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ასევე ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

„საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი.

აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალ ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.

ცენტრის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხრე კამერების გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ.

„საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ახალი კამერები არსებულთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს. პირველ ეტაპზე, ახალი სამხრე კამერები თბილისის პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ (შემდგომ ეტაპზე კი უკვე რეგიონების ეკიპაჟებსაც დაურიგდებათ, საერთო ჯამში, 2280 კამერა),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები - მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა