სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა ქვეყნიდან საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საპროტესტო აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას ითხოვენ.

„დღეს სომხეთის მთელი მოსახლეობა ითხოვს ერთს: პრემიერ-მინისტრი ჩვენი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უნდა გახდეს. რესპუბლიკური პარტიის 55-მა დეპუტატმა ეს სიმართლე უნდა გაიგოს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც ქალაქ სევანის მახლობლად საქართველოსკენ მომავალი გზის გადაკეტვის ინიციატორია.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი სომხეთი-ირანის დამაკავშირებელ გზაზეც. ქალაქ ვაიქის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ სატვირთო ავტომობილებით გზა გადაკეტა. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 8 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე“, - ნათქვამია ბაბლოიანის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პარლამენტმა ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუ 8 მაისს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევს, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად დაითხოვება.