ავტორი:

ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში

ქართველი ექიმი, რომლის ოპერაციებითაც ამერიკელი ონკოლოგები დაინტერესდნენ - როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს  საქართველოში

ონკოლოგიაში, ონკოლოგიურ უროლოგიასა და ონკოლოგიურ ქირურგიაში ერთ-ერთ რთულ ოპერაციად შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევა მიიჩნევა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს შარდის ბუშტის, პროსტატის გარშემო მდებარე ყველა ორგანოსა და ქსოვილის ლიკვიდაცია ხდება და იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგი პროფესორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი,გურამ ქარაზანაშვილი ის ექიმია, რომელმაც უკვე დიდი ხანია ხელოვნური შარდის ბუშტი შექმნა და უამრავ პაციენტს საშუალება მისცა, შარდის ბუშტის კიბოს ლიკვიდაციის შემდეგაც განაგრძონ სრულფასოვანი ცხოვრება. AMBEBI.GE-ს ამჯერად სწორდ ის ესაუბრება.

- ამ რთული ოპერაციის ერთი მხარე ონკოლოგიაა, როცა კიბოს ლიკვიდაცია ხდება და მეორე - ფუნქციონალური, როცა ამოიღებ შარდის ბუშტს და შარდს შესაბამისი გზა მიეცემა, გარეთ გამოვიდეს. დღეისთვის ბევრი მეთოდი გამოიყენება - ზოგჯერ შარდი კანზე გამოაქვთ, რაც ცელოფნის თუ პლასტიკურ პარკში გროვდება, ზოგს მსხვილ ნაწლავში გადაჰყავს. მოკლედ, ეს მეთოდები თანამედროვე მედიცინაში კარგად არის აპრობირებული. ჩვენ შემთხვევაში კი, ის ხელოვნურ აპკში გროვდება, ანუ ვქმნით ხელოვნურ შარდის ბუშტს. თუმცა ეს ერთ-ერთი უდიდესი ოპერაციაა, თავისი ხანგრძლივობით. დაახლოებით, 7-8 საათი მიმდინარეობს და დიდწილად გართულებებიც მოსალოდნელია. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს მასშტაბით ასეა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

- ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნასთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას ნაწლავის პრობლემები, გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის შეუკავებლობა, პოტენციის დაკარგვა, მაგრამ ფაქტობრივად, შარდის ბუშტის კიბოს ერთადერთ რადიკალურ მკურნალობის საშუალებას ეს ოპერაცია წარმოადგენს, ის ადამიანების გადარჩენის გზაა. ამიტომ, ვცდილობთ, მინიმალური გართულება და ოპერაციის შემდეგ მაქსიმალური კომფორტი გვქონდეს. ამ ოპერაციის დროს ჩვენ მიერ შეთავაზებულია ნერვების შენახვის ახალი ტექნიკა, რომელიც საშულებას იძლევა, ადამიანს პროსტატიტის და შარდის ბუშტის ლიკვიდაციის შემდგომ პოტენცია (სქესობრივი ურთიერთობის საშულაება) ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ხშირად საკითხი ახალგაზრდა მამაკაცებს ეხებათ. ამიტომ, მათი ოჯახური ცხოვრების შესანარჩუნებლად, სასურველია, მათი პოტენცია არ დაზარალდეს. ასევე ჩემ მიერ შეთავაზებული მეთოდით შევიმუშავეთ სფინქტერის (კუნთი, რომელიც შარდს იკავებს) სპეციალური ტექნიკა, მინიმუმამდეა დაყვანილი შარდის შეუკავებლობის რისკები. ამ ოპრაციების შემდგომ, ადამიანს აღარ აქვს შარდის შეკავება და არ სჭირდება პამპერსი, რაც ასევე დიდი სოციალური პრობლემაა.

- ფაქტობრივად, თქვენ მიერ შემუშავებული მეთოდებით პაციენტს საშუალება ეძლევა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს და მისი ცხოვრება ოპერაციის შემდგომ თითქმის ისეთივე იყოს, როგორც ოპერაციამდე. რისგან იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი?

- შარდის ბუშტი არის რეზერვუარი, სადაც შარდი ივსება. ჯანმრთელი შარდის ბუშტის არსებობა განაპირობებს თირკმელების ჯანმრთლობას. როდესაც შარდის ბუშტს პრობლემა აქვს, მაშინ პრობლემა ექმნება თირკმელებს. ნაწლავური შარდის ბუშტი, რეზერვუარი, რომელიც დღემდე არსებობდა, თირკმელებისთვის დამაზიანებელია, ამისთანა მეთოდების გამოყენების შემდეგ თირკმელი ხშირად მწყობრიდან გამოდის და პაციენტს დიალიზზე უწევს ყოფნა და ხელოვნური თირკმლის გადანერგვა. შესაბამისად, შარდის ბუშტი რაც უფრო ახლოს არის ნატურალურთან, უფრო სრულყოფილი იქნება. სწორედ აქეთკენ არის ხელოვნური შარდის ბუშტის წარმოქმნა მიმართული. მოკლედ, წვრილი ნაწლავისგან, რომელიც 5 მეტრია, ვიღებთ გარკვეულ სეგმენტს (60 სმ-ს) ისე, რომ წვრილი ნაწლავის ფუნქციაზე ეს არანაირად აისახება. სამაგიეროდ, საშულებას გვაძლევს, ხელოვნური შარდის ბუშტი შევქმნათ. ოღონდ, ისე უნდა ავიღოთ, რომ სისხლის მომარაგება სისხლძარღვებში შენარჩუნდეს.

- ეს ოპერაცია რამდენად ამართლებს?

- დღეისთვის ყველაზე რადიკალური ეფექტური და ამავე დროს კომფორტული საშუალებაა. საერთოდ, მსგავს მეთოდიკას ათეული წელია, ვახორციელებთ და ამ ხნის განმავლობაში დავხვეწეთ და გამოვიგონეთ კიდეც ეს ახალი მოდიფიკაციები.

- როგორც შევიტყვე, ეს მეთოდი სამეცნიერო, კლინიკური, პრაქტიკული სიახლე ამერიკაში უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე წარადგინეთ.

- დიახ, აღნიშნული ასოციაციის ყრილობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყელაზე ავტორიტეტული, მასშტაბური, სამეცნიერო პრაქტიკული მოვლენაა, სადაც მოხსენების წარდგენა ყველას არ შეუძლია, რადგანაც დეტალურ რეცენზირებას გადის და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, ამას უზრუნველყოფს ის სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც ამ ყრილობაზე არსებობს და ის ანონიმურია. არ იციან, ვის სამედიცინო ნაშრომს ამოწმებენ, ჩვენც არ ვიცით, ვინ ამოწმებს. ყრილობაზე სამეცნიერო კომიტეტი ანონიმურია. ეს კი იმისთვის, რომ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინება არ მოხდეს, ასოციაცია პასუხისმგებელია სიახლის ღირებულებაზე. ჩვენთვის საამაყოა, რომ სიახლე ვიდეოს სახით გვაქვს წარდგენილი. ეს ოპერაცია ჩემ მიერ ჩვენს ჰოსპიტალში, საოპერაციოში ჩატარდა. სპეციალურად არ გადაგვიღია. ახსნილია ოპერაციის არსი, ყველა ტექნიკური ნიუანსი, ვიდეოინსტრუქტაჟია. ეს ოპერაცია 2017 წელის ნოემბერში განხორციელდა. პაციენტი 58 წლის არის, კარგად გრძნობს თავს და პოტენცია შენარჩუნებული აქვს. კიბო არ აქვს.

- მანამდე ამის მსგავს მეთოდებზე მუშაობდით. როგორი შედეგები გქონდათ? პირადად თქვენთვის რას ნიშნავს?

- მაგალითად, გუშინ მოვიდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც 8 წლის წინ გავუკეთეთ ოპერაცია და დღემდე ჩვეულებრივად ცხოვრობს. სასიხარულო არის, რა თქმა უნდა.

- რამდენად ხელმისაწვდომია მატერიალური თვალსაზრისით ეს ოპერაცია პაციენტებისთვის?

- ხელმისაწვდომი არის ნამდვილად. მსგავსი სირთულის ოპერაცია გინდაც ამერიკაში, ან თურქეთში რამდენიმე ათეულ ათასობით დოლარი ღირს. ჩვენთან ძალიან მისაღებია და ფინანსდება კიდეც საყოველთაო დაზღვევის მიერ.

- რეაბილიტაციის პროცესი იოლია?

- იოლია, თუმცა ასეთი მასშტაბური ოპერაციის შემდეგ სახლში მეორე დღეს ვერ გავუშვებ. თუ ყველაფერი კარგად იქნა, 10 დღე სჭირდება ამ პროცესს. ამრიგად, მივაწოდეთ ამერიკელ უროლოგებს ჩვენი გამოცდილება. ვიდეობიბლიოთეკაში შეინახება და ვისაც მისი ნახვის სურვილი ექნება, მსოფლიოს ნებისმიერი უროლოგისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ სურვილი ექნებათ, ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგავენ. იხილეთ ვრცლად ინფორმაცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა