ავტორი:

როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში

როგორია განსაკუთრებული გემოს ქართული პროდუქტი - "გემოვანის" გამოფენა-გაყიდვა თბილისში

პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში „თბილისი ივენთ ჰოლში“ ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეორედ გაიმართა.

ღონისძიებაზე 80-მდე მწარმოებელს ნატურალური, ქართული გენეტიკის პროდუქცია ჰქონდა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინო, ყველი, თაფლი, პური, ჩირი, ჩიფსი, ლორი, კუპატი, ჩაი, ტკბილეული და სხვა დასახელების პროდუქტები. გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. როგორც შეძენაზე, ისე დეგუსტაციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, რისი მოლოდინიც მეწარმეებს წინა წელს გამართული ღონისძიების შემდეგ ჰქონდათ.

"გემოვანის" დირექტორისა და დამფუძნებლის, ოთარ ნაჭყებიას განმარტებით, ღონისძიების მიზანია, ფერმერებს თავიანთი ნატურალური წარმოების პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცეთ და მათი წახალისება მოხდეს. გარდა ამისა, ნაჭყებიას თქმით, „გემოვანის“ მიზანია, საქართველოს აგრარული ფუნქცია დაუბრუნდეს.

„გემოვანი არის ბრენდი, რომელიც ქართული გენეტიკის სურსათს აერთიანებს. სავაჭრო ნიშნით „გემოვანი“ იმ პროდუქციის ბრენდირება მოხდება, რომელიც უშუალოდ ამ ეგიდით იქნება წარმოებული და ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ჩვენი „მზეთამზეს“ პური უკვე თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელშია წარმოდგენილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს აგრო-სასურსათო მიმართულებით აბსოლუტურად ყველა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი - პური, ყველი, თაფლი, ღვინო, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი, ბოსტნეული, ხილი...“ - აღნიშნა მან.

ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვას დღეს თბილისის მერიის ეკონიმიკური სამსახურის უფროსი, ანდრია ბასილაიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის მერია და „გემოვანი“ ერთობლივად მუშაობენ კონცეფციაზე, რომელიც ქართველ მეწარმეებს თავიანთი ნატურალური პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

„მომეწონა, რომ ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ასეთი ფართო გამოხმაურება აქვს და ბევრი ხალხია მოსული, რადგან ვფიქრობ, ქართული პროდუქციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. „გემოვანთან“ ვმუშაობთ კონცეფციაზე, როგორ შეიძლება ამ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. მაგალითად, შეიძლება, ეს იყოს საკვირაო ბაზრები, მერიის მიერ დაანონსებულ ღონისძიებებზე „გემოვანისთვის“ გამოვყოთ გარკვეული ადგილები, რომ ფერმერებმა თავიანთი პროდუქციის მიწოდება მოახერხონ მომხმარებლისთვის,“ - აღნიშნა ბასილაიამ.

„გემოვანის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართული პროდუქცია დააგემოვნა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა, რომელიც შთაბეჭდილებებს ვერ მალავდა. მისი შეფასებით იდეა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და მისი წარმოების კულტურის შენარჩუნებას გულისხმობს, ძალიან ჭკვიანურია.

„მიყვარს ყველა თქვენი ეროვნული პროდუქტი, მომწონს იდეა, რომ ადგილობრივი პრუდუქტები, რომელთა ტრადიციაც საუკუნეებს ითვლის, საქართველოში აღორძინებას იწყებს. ვფიქრობ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ძალიან ჭკვიანური იდეაა. ღვინის, პურის, ყველის სხვადასხვა ხილის ჩირის შენარჩუნება და აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანია და მომწონს რომ ამ ყველაფერს საქართველოში ვხედავ,“ - აღნიშნა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ქართული გენეტიკის სურსათის წარმოებასა და ამ სფეროსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაზე დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის შეფასებით, ქართულ მიწას აქვს პოტენციალი, რომ ადამიანების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, განსაკუთრებული გემოსა და თვისებების მოსავალი მოგვცეს.

„ვფიქრობ, რომ აქ წარმოდგენილი სურსათის სახეობები არის ძალიან მრავალფეროვანი, რამდენიმე მათგანი დავაგემოვნეთ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ თანამედროვე განვითარებულ ეპოქაში აქცენტი სწორედ ხარისხიან და ნატურალურ პროდუქციაზე გაკეთდეს და არამხოლოდ რაოდენობაზე მოხდეს აქცენტის გადატანა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რითი იკვებება ადამიანი და მადლიან ქართულ მიწას გააჩნია ყველა ის რესურსი, რომ შრომის შედეგად ადამიანს მისცეს ყველა ის ნაყოფი, რაც მისი ცხოვრებისათვის აუცილებელია,“ - დასძინა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.

ქართული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე თავად მწარმოებლები სიხარულს ვერ მალავდნენ, რადგან პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე არამხოლოდ ყველს, არამედ სხვა სახის პროდუქტებსაც გაეცნო და ცალსახად აღნიშნავდა, რომ ასეთი გემოვნური თვისებების მქონე ხორცი თუ ხილი მას სხვაგან არსად გაუსინჯავს.

„აღფრთოვანებული ვარ, რადგან ასეთ საოცრებას ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ რომ ეს არის უკვე ევროპა, სადაც ძალიან ლამაზად ჩაცმული, ძალიან ლამაზ წინსაფრებიანი ადამიანები მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენენ. პროდუქცია იმდენად მრავალგვარია, რომ საერთოდ დამავიწყდა, მეყველე რომ ვარ! იქით საოცარი ლორი, მურაბები, ჩურჩხელებია, ყველაფერი არის უნიკალური და თუ ასეთი გამოფენა-გაყიდვა პერმანენტულ სახეს მიიღებს, ერთი ძალიან სერიოზული სეგმენტი ემატება ქვეყანას, მათ შორის ტურისტულ სექტორში,“ - აღნიშნა ანა მიქაძემ.

„გემოვანი“ სტუმრებს მასპინძლობას რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდა, ამ პერიოდში კი მეწარმეებმა მოახერხეს, თავიანთი პროდუქციის დადებითი მხარეები სრულად წარმოედგინათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „გემოვანის“ წარმომადგენლები გენეტიკურად ქართული სურსათის ბაზარზე დამკვიდრებით არიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ქართული ჯიშის ნერგებს, შემდეგ ავრცელებენ. ასევე, ზრდიან მოთხოვნას ნატურალურ პროდუქციაზე და უზრუნველოყოფენ მის მიწოდებას. ისინი ახალისებენ ფერმერებს, რომ მოიყვანონ ნატურალური სურსათი და შემდეგ მის რეალიზებაში ეხმარებიან, თანაც საკმაოდ კარგ ფასად.

სამომავლოდ „გემოვანს“ საკმაოდ ბევრი იდეა აქვს. მათ შორის, ქართულ ბაზარზე მთლიანად წაახალისოს ქართული წარმოება - რძის პროდუქტები, ხორცეული, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ეს ყველაფერი ბრენდ „გემოვანის“ ქვეშ გააერთიანოს.

ფოტო: ელი სარალიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი