ავტორი:

ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები

ვინ იქნება ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი - პოლიტოლოგების წინასაარჩევნო პროგნოზები

2018 წლის ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში იმ თარიღად დარჩება, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს საკუთარ პრეზიდენტს. ბოლოჯერ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე; ვინ იქნება ის ხმა, რომელიც პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად, ყველა მოქალაქის პრობლემას განურჩევლად გააჟღერებს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უფლებამოსილება მკვეთრად შეუკვეცეს (განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ), ზოგიერთმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ აზრი აღარ აქვს, ვინ დაიკავებს ამ პოსტს. თუმცა, აზრი დიახ რომ აქვს, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც პარტიულ ინტერესებს მოქალაქეთა ინტერესები უნდა ამჯობინოს, იფიქროს სახელმწიფოზე და არა ძალაუფლებაზე.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი გამოიწვია იმან, თუ როგორ გადაწყვეტენ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები ოპონირებას. ზოგიერთი (მაგ, რესპუბლიკური პარტია) საერთოდ არ აპირებს დროისა და რესურსის ამ არჩევნებზე დახარჯვას და შესაბამისად, არც კანდიდატის წარდგენას, ზოგიერთი კი პირიქით - სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების მიზნით, გაერთიანებული ძალებით ბრძოლას გეგმავს.

პრემიერი ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარგველაშვილი, 2013 წელი

საუბრები, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატის გარშემო კონსოლიდაციას აპირებს, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამგვარი გაერთიანების მომხრე და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ინიციატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. საერთო კანდიდატის წარდგენის მომხრეა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელიც ოპოზიციის კონსოლიდაციაზე ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დროს საუბრობდა და მათ პრაიმერების ჩატარებას სთავაზობდა. არჩევნებზე ოპოზიციური ძალების გაერთიანებას მხარს უჭერენ „ახალი მემარჯვენეებიც“. პარტიის ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, ქვეყანას უპარტიო პრეზიდენტი სჭირდება იმისათვის, რომ ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანება შეძლონ. მისივე თქმით, მარგველაშვილის კანდიდატურა ამ ეტაპზე ყველაზე სასურველი და მისაღებია. ამავე აზრს იზიარებენ პარტიაში „თავისუფალი დემოკრატები“ და თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. გაერთიანებაზე აქტიურად არ საუბრობენ, თუმცა არც კონსულტაციებსა და შესაძლო შეთანხმებას გამორიცხავენ პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიები.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს პოლიტოლოგთა უმრავლესობა. მათი აზრით, ამგვარი გაერთიანებების სურვილი ოპოზიციას ყოველი არჩევნების წინ უჩნდება ხოლმე, რაც საბოლოო ჯამში არაფრით არ სრულდება.

„ეს არის პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, აბსოლუტურად უშედეგოდ. ამაში რომ დავრწმუნდეთ, უნდა გადავხედოთ პოლიტიკური ელიტის ლანდშაფტს - თუ ჩვენ ავიღებთ ისეთ პარტიებს, რომლებსაც პულსი ესინჯებათ, ვნახავთ, რომ მათ შორის ანტაგონიზმი იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე მათსა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" - მათ ახლა ერთმანეთი უფრო მეტად ეზიზღებათ, ვიდრე "ქართული ოცნება". იგივე "პატრიოტთა ალიანსი" და თუნდაც ეს ორივე პარტია. მათი კონსოლიდაცია თუნდაც საარჩევნო მიზნით, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. მტრები მაშინ ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის, როცა ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობაა. მათ კი ამის მიზეზი არ აქვთ,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია პარტიული ამბიციების გვერდზე გადადებას და საერთო კანდიდატის წარდგენას შეძლებს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვება ოპოზიციას არ დაუთმოს.

„ოცნება არც ერთი რეალური ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას არ დაუშვებს. ეს გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა კანდიდატმა შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს (პროცენტებს ვგულისხმობ), მაგრამ "ოცნება" არ დათმობს გამარჯვებას. თუ რა თქმა უნდა, საზოგადოება საჭირო დოზით არ გამოფხიზლდა. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ოპოზიციის ყველაზე უკეთესმა კანდიდატმაც კი მოახერხოს გამარჯვება“ - განაცხადა დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა, არმაზ ახვლედიანმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა კანდიდატმა არ მოიპოვოს, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება უკვე მოძველებულ, მაგრამ კარგად ნაცად ხერხს მიმართავს. უკვე მეექვსე წელია, რაც „ქართული ოცნება“ საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას „სისხლიან ცხრა წელზე“ საუბრით ცდილობს. ეს ტენდენცია კი არჩევნების პერიოდში უფრო ძლიერდება.

„მცირე შანსია, რომ ოპოზიციამ კონსოლიდაცია მოახდინოს, მაგრამ თუ მაინც შეძლებენ ერთ კანდიდატზე შეჯერებას, ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას იმაზე ააგებს, რომ ეს სააკაშვილის კანდიდატია. აქამდეც მათი ძირითადი გზავნილი ეს იყო - რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც შეუძლებელს ხდის ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას და სავარაუდოდ, ამ არჩევნებზეც ეს მოტივი დარჩება,“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მართალია პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ფაქტია - ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ, სწორედ სააკაშვილის სახელია ის, რაც პარტიასა და მის სიახლოვეს მყოფ პირებს არჩევნებზე დარტყმას მიაყენებს. თუ პოლიტოლოგთა მოსაზრებებს დავეყრდნობით, ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, „სისხლიან სააკაშვილსა“ და „ცოცხებთან დაკავშირებულ ამბებს“ სულ უფრო ხშირად მოვისმენთ. ამდენად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწევს, „მცურავ ხეებსა“ და „ცოცხებს“ შორის არჩევანი გააკეთოს.

„ყველაფერი მიშას ბრალი იყო - ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური ამოცანა, რომ ყველას ყველაფერი აპატიოს. ერთი მხრივ, ქართული ოცნება ლაპარაკობს სისხლიან 9 წელზე და მეორე მხრივ, მზად არის ყველას გაურიგდეს, ვინც მიშას შეაგინებს. როგორ აბსურდამდე მივედით იცით, რომ ნიურბერგის პროცესზე რომ ამდგარიყო პროკურორი და ყველასთვის გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ასეთი პირობით: თქვენ ჰიტლერს შეაგინეთ და არა თუ გაპატიებთ ყველაფერს, არამედ ხელისუფლებაშიც კი დაგტოვებთ. აი, დაახლოებით ასე მოიქცა ქართული ოცნება. ყველაფერს მიშა ხომ არ აშავებდა?!“ - აღნიშნავს ხუხაშვილი.

პოლიტიკურ არენაზე არიან ისეთი ოპოზიციური ძალებიც, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონირება საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს. მაგალითად, პარტია „გირჩმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე უკვე დაასახელა. საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს არც "შენების" მოძრაობის დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი. თუმცა, თუ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დავესესხებით, ამ პარტიებს „პულსი არ ესინჯებათ“.

დანარჩენებისგან განცალკევებულად ბრძოლა გადაწყვიტა „ევროპულმა საქართველომაც“, რომელსაც ოპოზიციური ძალები ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. საერთო ოპოზიციური სულისკვეთება „ევროპულმა საქართველომ“ არც ვანისა და ხონის არჩევნების დროს არ გაიზიარა და ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ მარტომ უშედეგოდ იბრძოლა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ბრძოლა ასეთივე წარუმატებელი იქნება უახლოესი წლების განმავლობაში.

„ევროპულმა საქართველომ ხელისუფლების მხრიდან ლოიალობა (უსაფრთხოების გარანტიები) რა თქმა უნდა, მიიღო და ძალიან მარტივი რამის სანაცვლოდ - მიშას შეაგინე. ჩვენთან ხომ პოლიტიკური ინდულგენციები ამ ნიშნით იწერება - ვინც მიშას შეაგინებს, ხელისუფლება მზად არის გამოუწეროს ნებისმიერი პატივი. ხშირ შემთხვევაში, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ევროპული საქართველო“ არ იბრძვის ზოგადად ამომრჩევლისთვის, მისი ბრძოლის ველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გადმოქაჩვა. ამომრჩეველს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა, მიშაზე ნაკლებად არ ეზიზღება ბოკერია, თუ უფრო მეტად არა. აქედან გამომდინარე ამომრჩევლისთვის ბრძოლა მათთვის, უახლოეს წლებში, აბსოლუტურად უპერსპექტივოა,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ვინ იქნება ის ადამიანი, ვისთან საბრძოლველადაც ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე ასე ემზადება, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გაუსაჯაროვებია. შესაძლოა, ამ ადამიანის ვინაობა ჯერ თავადაც კი არ იცოდეს. არმაზ ახვლედიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საჭირო კანდიდატის პოვნა ძალიან გაუჭირდება.

„ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, უჭირს თავისთვის საჭირო კანდიდატის პოვნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ბიძინა კანდიდატობას შესთავაზებს, არაერთი მათგანი უარს ეტყვის. პოლიტსაბჭოს შემადგენლობამ აჩვენა, რომ ივანიშვილს განახლების არც რესურსი, არს სურვილი და არც უნარი აღარ გააჩნია,“ - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ხელისუფლება ამჯერად შეეცდება მარგველაშვილის მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს და მაქსიმალურად ერთგული ფიგურა იყოლიოს.

„ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, სიმეტრიას ისინი ვერ შექმნიან ვერცერთ შემთხვევაში. ამომრჩევლის თვალში ეს არის არჩევნები ცუდსა და უარესს შორის. მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია (არც გაერთიანებული, არც ცალ-ცალკე). შესაბამისად, ამომრჩეველი მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ერთადერთი, ვისაც ამ შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლია, ისევ საზოგადოებაა. იმისათვის, რომ მოსალოდნელი შედეგი შეიცვალოს, საერთო მიზნის გარშემო კონსოლიდაცია ოპოზიციაზე მეტად, საზოგადოებას სჭირდება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეალური ძალაუფლებისთვის ბრძოლა არა წელს, არამედ 2020 წლისთვის გაიმართება, საზოგადოების ამ არჩევნებით დაინტერესებაც პრეზიდენტის უფლებამოსილებასავით დაბალია.

და მაინც, მაშინ როცა ოქტომბერში ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს ბოლოჯერ ავირჩევთ, ალბათ, ჯობია ნიჰილიზმი ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ, რადგან ჩვენს ნაცვლად ამ არჩევანს უკვე 2020 წელს არჩეული პარლამენტი გააკეთებს...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია" - რას ამბობს სოზარ სუბარი 20-21 ივნისის მოვლენებზე

პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი - "მოქალაქეები" და "გირჩი" რეგისტრირდება