ავტორი:

ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"

ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რედაქციას ნიგერიის მოქალაქე დევიდ აბუჩიმ მიმართა. უცხოელი ახალგაზრდა თვლის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რასისტული შეხედულებების მსხვერპლი გახდა.

როგორც ნიგერიის მოქალაქე გვწერს, ის მწერალი და სტუდენტია, რომლის ოცნებაც საქართველოში სწავლაა, ამ ოცნების ასასრულებლად კი ის 2013 წლიდან მუშაობს.

„საქართველო ჩემს მშობლიურ ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მიყვარს ქართველებიც. საქართველოსადმი ჩემმა სიყვარულმა მიბიძგა, რომ სახელად „ზესტაფონი“ დამერქმია, რაც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ქართული ქალაქის სახელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ჩემი მეგობარი აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში წავიდა განათლების მისაღებად და მეც მიმიწვიეს, თუმცა უარი ვთქვი, რადგან იმედი მქონდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვიდოდი.

საქართველოში ლეგალურად სწავლისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას დიდი თანხები დავახარჯე. მე მქონდა "საქართველოს უნივერსიტეტში" ჩარიცხვის ცნობა და ვიზა, რომელიც ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიღე. 2018 წლის 9 აპრილს „ფლაი დუბაის“ თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვფრინდი, ბედნიერი ვიყავი, რადგან საქართველოში სწავლასთან დაკავშირებით ჩემი ოცნება რეალობად უნდა ქცეულიყო. სამწუხაროდ, საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს იმიგრაციის სამსახურისგან უარი უმიზეზოდ მეთქვა. ისინი ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რომელიც მე არ მესმოდა, თუმცა მოგვიანებით შევიტყე, რა ხდებოდა. მათ შემდეგი რეისით საქართველოდან უკან გამამგზავრეს“ - იუწყება ის.

დევიდ აბუჩი ირწმუნება, რომ მას საქართველოში ჩამოსასვლელად და სწავლის დასაწყებად ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ვიზა კი ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მიიღო და ამ ყველაფრისთვის დიდი თანხები დახარჯა, თუმცა იმიგრაციის სამსახურმა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი არ აუხსნეს.

„დუბაიდან თბილისში ორ ინდოელ გოგონასთან ერთად ჩამოვფრინდი, რომლებიც გზაში გავიცანი. ჩემს მსგავსად, ისინიც თბილისში სწავლის გასაგრძელებლად მოდიოდნენ. იმიგრაციის სამსახურმა დოკუმენტები თავდაპირველად ჩემგან მიიღო. ინდოელი გოგონების დოკუმენტები შეკრიბეს, გაეცნენ და ისინი ქვეყანაში მაშინვე შემოუშვეს. მე ორი საათი მომიწია ლოდინი, შემდეგ კი შემოსვლაზე უარი მეთქვა, რისი მიზეზიც არ დამისახელეს. შოკირებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ნათელი იყო, რომ საქართველოს მთავარ აეროპორტში რასიზმი არსებობს. როგორც მწერალმა, საქართველოს კულტურის, ხალხისა და ენის შესახებ ბევრი დადებითი სტატია და ამბავი დავწერე. საქართველოში არსებულ რასიზმთან დაკავშირებით ბევრი ამბავი ვრცელდება, რომელმაც მე, უდანაშაულო ადამიანი დამაზარალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს.

დავიდ აბუჩის ფეისბუქის გვერდი

საქართველომ უნდა შეაჩეროს რასიზმი, თუ სურს, რომ გაიზარდოს როგორც ქვეყანა და ჰქონდეთ საერთაშორისო ურთიერთობები. თუ მთავრობა ამას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ რასიზმს შეუძლია საქართველოში ბევრი რამ და მათ შორის ქვეყნის რეპუტაციაც გაანადგუროს. ამის შესახებ საზღვარგარეთ ლაპარაკობენ და იმედი მქონდა, საქართველოში, როგორც საერთაშორისო განათლების ახლადაღმოჩენილ ჰაბში, ამას არ წავაწყდებოდი. საქართველოს იმიგრაციის სამსახურის უარი კი ჩემ მიმართ უსამართლოა. ისინი ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც ასევე უსამართლოა. მიეცით საშუალება კაცობრიობას, რომ საქართველოს პატივი სცეს. ცხოველი არავინაა. მე ჩემი ოცნების ქვეყნის, საქართველოს შესახებ მსოფლიოსთან კარგი რაღაცების მოყოლას გავაგრძელებ და არ გავჩერდები, რადგან საქართველოში სწავლის დიდი სურვილი მაქვს“ - აღნიშნავს ნიგერიელი ტურისტი.

დევიდ აბუჩისთვის უარის თქმის მიზეზის გასარკვევად AMBEBI.GE შს სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტეს, მას უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის მიხედვითაც საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი, პირს შეიძლება იმ შემთხვევაში ეთქვას, „თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ“. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიგერიის მოქალაქის მიერ განმარტებული ქვეყანაში ჩამოსვლის მიზნები რეალურად არ აღიქვეს, მაშინ, როცა თავად აბუჩი რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობდა.

ნიგერიელი სტუდენტი ერთადერთი უცხოელი არ არის, რომელიც საქართველოში არსებულ რასიზმზე და ამის გამო დეპორტაციაზე საუბრობს. კერძოდ, გასულ წელს ინდურ გამოცემა Mumbai Mirror-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი სატიშ ნანდკარგარია. მასში მოთხრობილია ერთი ოჯახის თავგადასავალი და საქართველოს საზღვართან ლამის ჩაშლილი შვებულება.

"როცა მუმბაელმა ბიზნესმენმა და მისმა ოჯახმა შვებულების გატარება თურქეთში, საქართველოსა და იტალიაში გადაწყვიტა, ითვალისწინებდა, რომ ამ მოგზაურობისას ზოგიერთი რამ დაუგეგმავად მოხდებოდა, მაგრამ დეპორტაციას ნამდვილად არ ელოდნენ. მოიზ რაჯკოტვალა, მისი ცოლი ნაფისა და გოგონები - საკენა და ზაჰაბია იტალიაში მიდიოდნენ და გადაწყვიტეს მცირე ხნით საქართველოშიც შეევლოთ და 12 ოქტომბერს ოჯახური დღესასწაული აღენიშნათ, მაგრამ ვინ დააცადათ... ისინი თბილისის აეროპორტში 36 საათი აყურყუტეს და შემდეგ ყველა საქართველოდან (დეპორტაციით) გამოაძევეს იმის მიუხედავად, რომ მათ ხელთ ჰქონდათ მოქმედი ელექტრონული ვიზა. როგორც 55 წლის მოიზ რაჯკოტვალამ Mumbai Mirror-ის ჟურნალისტს განუცხადა, დუბაიში მცხოვრებმა მისმა დამ თბილისში ოჯახურ-ნათესაური შეხვედრა დაგეგმა, მიიწვია ასამდე სტუმარი, სასტუმროშიც ნომერი რამდენიმე დღით დაუჯავშნა. "ჩვენ ძალიან გვინდოდა თბილისის სილამაზით დავმტკბარიყავით. შემდეგ კი რომში წავიდოდით, შენგენის ვიზა წინასწარ გვქონდა აღებული" - იხსენებდა გამოცემასთან მოიზ რაჯკოტვალა.

როცა ინდოეთის მოქალაქე ყვებოდა, ელექტრონული ვიზა ნიუ დელში არსებულ საქართველოს საელჩოში აიღეს. აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურმა ყველა დოკუმენტი შეამოწმეს - პასპორტები, ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშანი, ტურისტული დაზღვევა... ყველაფერი წესრიგში იყო.

"შემდეგ შეგვეკითხნენ, გვქონდა თუ არა ამერიკული ვიზები. ვუთხარით, რომ ორს გვაქვს. ნახევარი საათის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენ საქართველოში შესვლა გვეკრძალებოდა და ისევ მუმბაიში უნდა დავბრუნებულიყავით... გვითხრეს, იმიტომ გაბრუნებთ უკან, რომ თბილისში საცხოვრებლად საკმარისი ფული არ გაქვთო. არადა, მე თან მქონდა 1500 ევრო ნაღდი ფულის სახით, ხოლო ჩემი საკრედიტო ბარათით შემეძლო ბანკიდან 20 ათასი ევრო გამომეტანა...“ - ინდოეთის მოქალაქე დასძენდა, რომ მას გაუჩნდა შეკითხვა, დეპორტაცია რასობრივი ნიშნით მოხდა თუ არა.

ასევე უნდა გავიხსენოთ გასული წლის ოქტომბერში მომხდარი შემთხვევა, როდესაც გამოცემა The News Minute-ის სტატიაში იმ ინდოელი ტურისტების ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოს საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყანაში არ შემოუშვა და თბილისის აეროპორტიდან უკან, ინდოეთში დააბრუნეს.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ინდოეთის მოქალაქეებს ბილეთები კოჩის აეროპორტში (ქერალას შტატი, სამხრეთი ინდოეთი) ჰქონდათ აღებული დაჯავნის წესით და თბილისში შარჟას გავლით ჩავიდნენ. "როგორც ირკვევა, ინდოელებისთვის შარჟას აეროპორტშიც (არაბთა გაერთიანებული ემირატები) უთქვამთ ჩინოვნიკებს, რომ უკვე ტენდენცია შეიმჩნევა - საქართველოდან ინდოეთის მოქალაქეებს უკან აბრუნებენ და გაითვალისწინეთ - მეტი ტანსაცმელი, წამლები და ორი დღის საკვები პროდუქტები წაიღეთ, რადგან აეროპორტში ლოდინი მოგიწევთო. ინდოელებს თბილისამდე მშვიდობიანად მოუღწევიათ და აეროპორტის შენობაში, საიმიგრაციო სამსახურთან რიგი დაუკავებიათ. თან ამჩნევდნენ, რომ ჩინოვნიკები ინდურ პასპორტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თითოეული ცალკე ოთახში მიჰყავდათ და იქ 15-20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ,“ - განმარტებულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბევრი მოქალაქე საქართველოს ტრანზიტის ქვეყნად იყენებს აშშ-ში გასამგზავრებლად. ამის გამო საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური პრობლემებიც წარმოიქმნა. ასე რომ, საქართველოს მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების დასამშვიდებლადაა გამიზნული.“

და ბოლოს უნდა გავიხსენოთ გასულ წელს ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქის ხუშბუ კაუშალის ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერდა თბილისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზე - ის 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაშინ, როცა მისი მტკიცებით ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

„ეს იყო ყველაზე დამამცირებელი ღამე ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით, თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია,“ - აღნიშნა კაუშალიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიუების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

ნიგერიის მოქალაქის შემთხვევაშიც, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე დღის წინ ეთქვა, უწყებამ უარის თქმის მიზეზი შესაბამისი კანონმდებლობით დაასაბუთა.