"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"

სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ მთავრობა აქციის მონაწილეებთან დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც ბერა ივანიშვილის მუსიკალური კლიპი გავრცელდა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის გადახედვას, თბილისის მერის თქმით, იმაზე, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს, უკვე დიდი ხანია ყველა საუბრობს და მისი თქმით, ამაზე გუშინწინ ღამით, მის მიერვე გაკეთებული განცხადება მეტყველებს.

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოიპოვოთ. ჩემს გუშინწინდელ გამოსვლაშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ზოგადად, სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა იცავდეს ადამიანებს ნარკოტიკებისგან. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება", - აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრას, კალაძე ამაში არ ჩაერთვება.

"მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მე პირადად ჩართული არ ვიქნები, თუკი ამის აუცილებლობა არ იქნება. მე პირადად არ მგონია, რომ ამის საჭიროება იყოს. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება და შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

"2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს", - განაცხადა კახა კალაძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი