კონფლიქტის, სიყვარულის, დაკარგვის და გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია - ვენორ ვინჯის "ცეცხლი უფსკრულზე" ქართულად

კონფლიქტის, სიყვარულის, დაკარგვის და გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია - ვენორ ვინჯის "ცეცხლი უფსკრულზე" ქართულად

სულ მალე, ქართველ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ამერიკელი მათემატიკოსის და ფანტასტი მწერლის ვერნონ ვინჯის ნაწარმოების - "ცეცხლი უფსკრულზე" ქართულ ენაზე წაკითხვის საშუალება მიეცემათ.

ვერნორ ვინჯი 1944 წელს აშშ-ში, ვისკონსინის შტატში დაიბადა. მიჩიგანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მათემატიკოსმა, სან-დიეგოს უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. დღემდე დროისა და სივრცით სინგულარობას იკვლევს და არაერთი ნაშრომიც გამოაქვეყნა ამ თემებზე. ვინჯი ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად, მისი რომანები კი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად ითვლება. ვერნორ ვინჯის მას ვერავინ სჯობნის როგორც სივრცის, ასევე დროის საოცარი პერსპექტივების დახატვაში. მას აქვს სხვადასხვა დროს მიღებული „ჰიუგოს“, „პრომეთეს“ და „ლოკუსის“ ლიტერატურული პრემიები.

აი, რას წერს წიგნის მთარგმნელი არჩილ რაჭველი „ცეცხლი უფსკრულზე“ შესახებ:

"ჩვენი ეპოქიდან 50 000 წელი გავიდა. გალაქტიკა დედამიწის კოლონიებით მოიფინა, რომლებმაც სხვა გონიერ რასებთან თანამშრომლობით თანამედროვე ადამიანისთვის იმდენად უცხო და ტექნოლოგიურად წინ წასული ცივილიზაციები შექმნეს, რომ მათი გაგებაც ჭირს. შეიცვალა ფასეულობები, მოტივები, შეიცვალა აზროვნების წესი, იმდენად, რომ "უძველეს წინარესამშობლოდ“ წოდებულ დედამიწაზე ხსოვნა კანტიკუნტად თუ შემორჩა. მისი ბედიც გაურკვეველია.

ამასობაში კი ისტორია არ ჩერდება. გალაქტიკის მდორე ზონიდან, სადაც უძველესი წინარესამშობლო მდებარეობდა, სადაც სინათლის სიჩქარე სასრულია და სადაც ინტელექტი დეგენერაციას განიცდის, თავდახსნილმა ადამიანებმა და სხვა არსებებმა გალაქტიკის პერიფერიაში - მიღმეთში, ტექნოლოგიურად უპრეცედენტო აღზევების მიუხედავად ახალ საფრთხეს უნდა გაუსწორონ მზერა. საფრთხეს რომელიც წარმოუდგენლად ძლიერია, წარმოუდგენლად უძველესია - თვით უძველეს წინარესამშობლომამდელიც კი და წარმოუდგენელი მიზანი - გალაქტიკის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული.

მაშინ, როდესაც გალაქტიკათა შორის არსებულ სივრცეებში როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ინტელექტები ტრანსცედენტურ, მეტაფიზიკურ სინგულარობაში გადადიან, რომელიც იმდენადვე აღემატება მიღმელ ცივილიზაციებს, რამდენადაც მიღმეთი გალაქტიკის ცენტრთან ახლომდებარე მდოვრე ზონას, ხოლო ეს უკანასკნელი თავად გალაქტიკის ცენტრს - ინტელექტის ყოველგვარი გამოვლინების არმქონე გონებამოკლებულ უფსკრულებს, ალოგიკური ბოროტება, რომლის მასშტაბებიც შეუმეცნებელია, ამ იერარქიის მოშლას და გალაქტიკის დანაწევრებას ისახავს მიზნად.

და ამ დროს ადამიანებში - ჩვენს უშორეულეს შთამომავლებში, ღრმად დამარხული ინსტიქტები იღვიძებს. ინსტიქტები, რომლებიც მაშინაც გვმართავდა, როდესაც ყინვიან ღამეებს მღვიმეებში თავშეფარებული ვარსკვლავიერ ზეცას გაოცებით ავყურებდით და წარგვმართავს მაშინაც, როდესაც თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფანტასტის, მათემატიკოსის და სინგულარობის ერთ-ერთი უდიდესი თეორეტიკოსის, სან-დიეგოს აწ უკვე გადამდგარი, ემერიტუს-პროფესორის, ვერნორ ვინჯის საკულტო ტრილოგიის პირველ წიგნში",ცეცხლი უფსკრულზე“ დახატული ეს (დავიტოვოთ იმედი, რომ ეს) მომავალი დადგება.

როდესაც ჩვენი შორეული შთამომავლები ჩვენთვის ძალიან უცხონი იქნებიან თავიანთი ტექნოლოგიური არნახული პროგრესის გამო, რაც მათ ჩვენს თვალში ღმერთებს, თავად ჩვენ კი ბარბაროს ველურებს დაგვამსგავსებს. და ამავდროულად, მომავლის ადამიანებს მათი შორეული წინაპრებისთვის ძალიან ახლობელს და გასაგებად აქცევს, რადგან იქ, სადაც საფრთხე ყოვლისმომცველობის და შეუმეცნებლების გამო არნახულ მასშტაბებს აღწევს, ჩვენში ის ინსტიქტები იწყებენ მოქმედებას, რომლებმაც პირველყოფილი პრიმატებიდან დღევანდელ დღემდე მოგვიყვანეს და რომლებიც ჩვენს შორეულ შთამომავლობას ტრანსცენდენტურ მდგომარეობამდე აამაღლებენ. ამ ინსტიქტებიდან ერთ-ერთი უმთავრესი მომავალზე ზრუნვაა და ასე იწყება ჭეშმარიტად გალაქტიკური მასშტაბების სრბოლა, რომლის მასშტაბები მკითხველს გულგრილს ვერ დასტოვებს.

ნაწარმოები "ცეცხლი უფსკრულზე“ წარმოადგენს თხრობას, სადაც დროის და სივრცის საზღვრები იშლება. ასეთი შეფასება არც ლიტერატურული შაბლონია და არც მხატვრული გაზვიადება. ისტორია იმდენად შორეულ მომავალზეა, იმდენად დახუნძლულია უცხო ცნებებით და იდეებით, საგნების ბუნებრივი წესრიგი ჩვენთვის იმდენად უცხო, უცნობი და უჩვეულოა, რომ ზოგჯერ საერთოდ, გაგებაც კი ჭირს, თუ რისი თქმა სურს ავტორს. თუმცა წვრილ-წვრილი სიუჟეტური ხაზების ფინალში გეომეტრიული პროგრესიის ტემპებში გაერთიანება და ერთ ისტორიად თავბრუდამხვევი და მომნუსხველი აფეთქება მკითხველს ყოველგვარ გაურკვევლობის და ბუნდოვანების შეგრძნებას უქრობს და მას ჭეშმარიტ კოსმოსურ საგას სჩუქნის.

ვერნორ ვინჯს ძალდაუტანებლად გამოსდის კალმის ერთი მოსმით მხატვრულობას, მეცნიერებას და ბუნებრივობას შორის მყიფე, სათუთი ბალანსის დაცვა. მასშტაბების სიდიადის, გაუგებარი ცნებების მიუხედავად მკითხველი მასში თანამედროვე ადამიანებს, მის თანამედროვე ეპოქას ხედავს. იქნებ სწორედ ამიტომაც ითვლება ეს ნაწარმოები სამეცნიერო-ფანტასტიკის ერთ-ერთ კლასიკად.

ნაწარმოების მიმოხილვის ეს უხეირო მცდელობა, უფრო სწორად კომპილაცია, ბევრს ვერ დაიტევს. ამისთვის მასშტაბები არ კმარა. თუმც კი ვიტყვით იმას, რომ ავტორს არნახული ოსტატობით გამოსდის არაადამიანური გონიერი რასების ხატვა, რომელთაგან შესაშური რევოლუციონერობით გამოირჩევა კოლექტიური ცნობიერების მქონე ინდივიდების - ფოლადბრჭყალების, ამ ძაღლისმსგავსი არსებების იდეა, რომლებიც მხოლოდ მაშინ იძენენ ცნობიერებას და მასთან ერთად გონებას, როდესაც რამდენიმე წევრიან",ელემენტებიან“ "ხროვებად“ ერთიანდებიან. მსგავსი კოლექტიური ცნობიერების იდეა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიური ჟანრისთვის ჯერ კიდევ ახალია. შეიძლება აქ მწერთა, ანდა ზღვაში ბინადართა კოლონიები გაგვახსენდეს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ფოლადბრჭყალებს ცნობიერება, ინტელექტი და ის კი არადა, თვით ინდივიდუალობაც კი გამოარჩევთ.

1992 წელს, როდესაც ეს ნაწარმოები იქმნებოდა, ინტერნეტი ჯერ კიდევ ახალფეხადგმული გახლდათ და დღევანდელი მასშტაბებს ძალიან ბევრი აკლდა. მით უფრო გასაოცარია ვერნორ ვინჯის წინასწარმეტყველური უნარი, რომლითაც მან თავის დროს გაუსწრო. დაკვირვებული მკითხველი "რეტრანსლატორის“",ცნობილი“ თუ "ადგილობრივი ქსელის“ გაცნობისას ადვილად წარმოიდგენს, რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს კომუნიკაციების განვითარებამ.

გავიმეორებთ, რომ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, თუმცა მკითხველის მოლოდინს აღარ გავაღიზიანებთ და ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ვერნორ ვინჯის ტრილოგიის პირველ წიგნს",ცეცხლი უფსკრულზე“ ამ გაზაფხულზე გამოსცემს გამომცემლობა "პალიტრა L” სერია "პორტალი“-ს ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, ქართველ და ქართველენოვან მკითხველებს ნამდვილად გაახარებთ სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ერთ-ერთი მსოფლიო კლასიკის თარგმანი მშობლიურ ენაზე

და ბოლოს, ჩვენს მცირე კომპილაციას წიგნის ერთ-ერთი კრიტიკოსის სიტყვებით დავასრულებთ: "პირველი მსხვილმასშტაბიანი სამეცნიერო-ფანტასტიკა, რომელიც ასაკში შესულმა წავიკითხე. ვინჯი დღეს სამეცნიერო-ფანტასტიკის ერთ-ერთი მეოცნებე მწერალია. მას ვერავინ სჯობნის როგორც სივრცის, ასევე დროის საოცარი პერსპექტივების დახატვაში. ნაწარმოებში "ცეცხლი უფსკრულზე“ იგი უფრო მეტს გვიჩვენებს, ვიდრე გალაქტიკები, ანდა უბრალოდ ეონებია. სამყაროს ჩვენი საკუთარი, ვიწრო ნაწილი შეიძლება წყნარი სიღრმეების ბნელ კუთხეს წარმოადგენდეს, რომლის თავზე ქარიშხლები, ანდა ღმერთები ბობოქრობენ“.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს