ავტორი:

რამდენი და რა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა სხვადასხვა დროს თბილისში - მონაცემები საუკუნეების მიხედვით

რამდენი და რა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა სხვადასხვა დროს თბილისში - მონაცემები საუკუნეების მიხედვით

"ქართული საისტორიო წყაროებით, თბილისი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გააშენა, თუმცა თბილისის ტერიტორია დასახელებული ყოფილა ძვ.წ. IV ათასწლეულში," - გვეუბნება ეთნოგრაფი პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი, რომელიც თეიმურაზ გვიმრაძესთან ერთად, ავტორია ნაშრომისა "ეთნოლოგიური თბილისი - თბილისელთა ტრადიციული ყოფა და კულტურა". ნაშრომი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მომზადდა, სადაც სერიოზული ადგილი უჭირავს საუკუნეების მიხედვით თბილისის დემოგრაფიულ ვითარებას, რასაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მიზეზი (სოციალურ-ეკონომიურ-პოლიტიკური) ჰქონდა.

როლანდ თოფჩიშვილის თქმით, ვახუშტის მიხედვით, თბილისი ოთხი უბნის - თბილისის, კალის, ისნისა და გარეთუბნის ერთობლიობა იყო.

  • XII-XIII საუკუნეებში თბილისი კეთილმოწყობილი ქალაქი გახლდათ, რომლის მოსახლეობა 80.000-ს აღწევდა.

ხშირად წყაროებში თბილისში იგულისხმება ასევე გარკვეული დასახლებებიც, მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონი "თბილისის მხარეში" აღწერს ნათლუღს, ლილოს, დიდუბეს, დიღმის ხევის სოფლებს და ვერეს ხეობის ქვემო წელის სოფლებს: წყნეთს, ახალდაბას, ლისს.

ანალოგიურად წარმოადგენს თბილისსა და მასზე მიწერილ სოფლებს იოანე ბაგრატიონი. 1672 წელს თბილისი ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა ნახა, რომელიც თბილისს ახასიათებს, როგორც იმდროინდელ აღმოსავლეთის ერთ-ერთ ულამაზეს, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს მკვიდრად ნაგები ლამაზი ტაძრებით, საზოგადოებრივი შენობებით, სავაჭრო რიგებითა და ქარვასლებით. ტურნეფორის ცნობით, 1700 წელს თბილისში 20.000 კაცი ცხოვრობდა (ქართველი თავადაზნაურობა, ვაჭრები, სოვდაგრები, მოქალაქეები და გლეხები), მაგრამ ამ საუკუნეში მიმდინარე მოვლენებმა მისი მოსახლეობის შემცირება გამოიწვია და XVIII საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა.

  • აღა-მაჰმად-ხანის 1795 წლის შემოსევამ ქალაქში კატასტროფული სიტუაცია შექმნა. 1803 წელს თბილისში მხოლოდ 11.8 ათასი კაციღა ცხოვრობდა.

აოხრებას არც ლეკები აკლებდნენ. ლეკებს ერთი ასეთი შემოტევა მაჰმად-ყული ხანთან ერთად, 1723 წელს მოუხდენიათ. საგარეო ფაქტორის (ლეკიანობა, ყიზილბაშობა, ოსმალობა) გარდა, თბილისის მოსახლეობის შემცირებაში, ეპიდემიამაც (შავი ჭირი, ხოლერა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 1811 წლის შავი ჭირის შედეგები. მოსახლეობის შემცირებაში სიკვდილიანობის გარდა, მიგრაციამაც თავისი წვლილი შეიტანა.

თბილისელები სოფლებში გარბოდნენ, მაგრამ თანდათან ცხოვრების კალაპოტში ჩადგომის შემდეგ, თბილისისკენ სხვადასხვა მიგრაციული ტალღა იძვრებოდა. აშკარა იყო ქართლის სოფლების მკვიდრთა მიგრაცია, ჩამოდიოდნენ ასევე დასავლეთ საქართველოდანაც, განსაკუთრებით - იმერლები. თბილისისკენ, როგორც კავკასიის ცენტრისკენ, მოდიოდა ოსმალეთის იმპერიის (სპარსეთი) მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ეთნიკური სომხები.

ბევრი მიგრანტი იყო ყარაბაღიდან, ნახჭევანიდან და აზერბაიჯანული სახანოებიდან. სომხების გარდა, თბილისში მიგრირდებოდნენ რუსები, ებრაელები, ოსები, ლეკები… თბილისის ზრდა მის ტერიტორიულ გაფართოებას იწვევდა. ირგვლივ მდებარე სოფლების შემოერთებისას (1819 წელს შეუერთდა ხარფუხი, 1824 წელს - კუკია და ჩუღურეთი, 1853 წელს - გერმანული კოლონია "ტიფლისი").

XIX საუკუნის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა ზამთართან შედარებით, ზაფხულში იზრდებოდა. 1865 წელს ზამთარში - 60,1 ათასს შეადგენდა, იმავე წლის ზაფხულში - 71,1 ათასი იყო. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი უფრო იზრდებოდა. დასავლეთ საქართველოდან (იმერეთი, სამეგრელო) აღმოსავლეთ საქართველოდან - ოსური სოფლებიდან და სპარსეთიდან ყოველწლიურად 20.000 საშოვრის მაძიებელი შემოდიოდა.

  • 1902 წელს თბილისში 81,4 ათასი დროებითი მაცხოვრებელი იყო აღრიცხული, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენდა.

სპეციალისტებს საშუალება აქვთ, შედარებით ზუსტად განსაზღვრონ თბილისის მოსახლეობის რაოდენობა XIX საუკუნიდან, რადგან ჩვენამდე მოღწეულია რუსეთის იმპერიის სტატისტკური მონაცემები.

- 1803 წელს თბილისის მოსახლეობა 20.000-ის ფარგლებში იყო. აქედან მამაკაცი 51,4%-ს შეადგენდა, ქალი - 48,6%-ს. XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისის მოსახლეობა მუდმივად მატულობდა და ეს ნამატი მექანიკური მიგრაციის შედეგი იყო. როგორც საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარიდან, ისე უცხო ქვეყნებიდან.

- 1864 წლის ზამთრის მონაცემებით - 60.085, ხოლო 1865 წლის ზაფხულის მონაცემებით, 71.051 სული იყო, ორივე მონაცემში მამაკაცების რაოდენობა ქალების რაოდენობაზე მეტი იყო. ეს მამაკაცები ძირითადად სავაჭროდ ან სამუშაოდ, საშოვარზე ოჯახების გარეშე იყვნენ ჩამოსულები. ამას ისიც ადასტურებს, რომ მამაკაცი - 10.676 იყო, ქალი - 328.

ზამთარში ეს სხვაობა თუ 6.781-ს შეადგენდა, ზაფხულში მოსახლეობის მიგრაცია თბილისის მიმართულებით მკვეთრად მატულობდა. ზაფხულში ჩამოსულებში სჭარბობდნენ სპარსელები - 6.624. კაცი (მიგრირებულთა 58,5%), სომეხი - 3,426 კაცი (30,3%), თათარი - 569 (5,1%). ბერძენი - 312 (2,8%), ებრაელი - 231 (2%)

  • 1876 წლის აღწერით, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა 104.024 სულს შეადგენდა, მათ შორის, 66.147 მამაკაცი (53,6%) და 37.877 - ქალი (36,4 %).

მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 15 წლამდე ბავშვები 29,3% შეადგენდა. მათ შორის: ვაჟები - 25,6 %, ხოლო გოგოები - 35,5%. ამ აღწერით მოსახლეობის მხოლოდ 44,8% ყოფილა წერა-კითხვის მცოდნე.

  • 1897 წელს თბილისის მოსახლეობა 59.590 სული იყო, მათ შორის, მამაკაცი - 59, 7% და ქალი - 40,3%.

აშკარაა, რომ XIX საუკუნეში თბილისის მოსახლეობა ინტენსიურად, მექანიკური მიგრაციის გზით იზრდებოდა. 1876 წლიდან 1897 წლამდე, 21 წლის განმავლობაში, მისი რაოდენობა 55,6 ათასით ანუ 53,5%-ით გაიზარდა.

სწრაფ მექანიკურ ზრდას რიგი ფაქტორები განაპირობებდა. ის არა მხოლოდ გეოგრაფიული თავლსაზრისითაც იყო კავკასიის ცენტრი, ადმინისტრაციულადაც.

  • 1902 წელს თბილისში 216.000 კაცი ცხოვრობდა, 1910 წელს - 331.800, 1914 წელს - 370.600. 1914 წლიდან 1917 წლამდე თბილისის მოსახლეობა შემცირებულა: 108.700-ით ანუ 29,3%-ით.

შემცირების მიზეზი მოსახლეობის სამხედრო სამსახურში გაწვევა აღმოჩნდა. ამ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის სოფლებში წასვლა იყო.

ხოლო საბჭოთა პერიოდში როგორ იცვლებოდა თბილისის მოსახლეობის რაოდენობა, ამ თემას ვრცლად მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.