რუსი ბიზნესმენი Le Monde-ს ყიდვას აპირებს

რუსი ბიზნესმენი Le Monde-ს ყიდვას აპირებს

რუსმა ბიზნესმენმა გლებ ფეტისოვმა ფრანგულ გაზეთ Le Monde-ს აქციონერებს აქციათა მაჟორიტარული პაკეტის შეძენის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ფეტისოვის საიტი იტყობინება.

ინფორმაცია ბანკ Credit Agricole-ის თანამშრომელმა ფრანსუა კაიამ დაადასტურა, რომელიც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს Le Monde-ს სახელით აწარმოებს.

შეთავაზებული თანხა არ სახელდება. ამასთან, 21 ივნისს Le Monde იტყობინებოდა, რომ მას უკვე მიმართეს ორი სხვადასხვა წინადადებით.

გაზეთის შეძენა, როგორც Le Monde-ს განცხადებაზე დაყრდნობით AFP იტყობინება, კონსორციუმს სურს, რომელიც Orange-ს, შვილობილ კომპანია France Telecom-ს, გამომცემლობა Nouvel Observateur-სა და ესპანურ საგამომცემლო ჯგუფ Prisa-ს აერთიანებს.

მეორე წინადადების ავტორი ჯგუფია, რომელშიც  ივ-სენ ლორანის ყოფილი პარტნიორი პიერ ბერჟე, კომპანია Lazard-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი მეთიუ პიგასი და ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანია Ilad-ის დამფუძნებელი ხავიერ ნიელი შედიან.

საგამომცემლო სახლ Le Monde SA-ს საკონტროლო პაკეტი მის ჟურნალისტებს ეკუთვნით, რომლებსაც მთავარი რედაქტორისა და გამომცემლის გადაყენების უფლება აქვთ. გაზეთი გასაყიდად რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გამოიტანეს: გაზეთის ტირაჟისა და რეკლამიდან მიღებული შემოსავალის შემცირების გამო გამომცემლობას 69 მლნ ევრო ვალად დაედო.

გლებ ფეტისოვი ”ჩემი ბანკის” თანამფლობელი და ასევე ჰოლდინგ Altimo-ს აქციონერია. 2001-2009 წლებში მას ვორონეჟის ოლქის სენატორის თანამდებობა ეკავა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი ”ედინაია რასიას” გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის ანტიკრიზისულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

Le Monde-ს აქციონერები საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 28 ივნისს მიიღებენ. ამჟამად თანხა, რომელიც ვალებში ჩავარდნილი გაზეთის გადასარჩენად არის საჭირო, 100-150 მლნ დოლარს შეადგენს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები