ავტორი:

"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ

"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ

იტალიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე საქართველოს ეწვევა. შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენას" დარბაზში მუსიკალური სეზონი მისი კონცერტით 19 მაისს გაიხსნება... მორიკონე შეკვეთილში საკუთარ ორკესტრთან ერთად ჩავა სრული შემადგენლობით.

ღონისძიებაზე მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი კინოჰიტები შესრულდება, ორკესტრს ლეგენდარული კომპოზიტორი თავად უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდიც.

ცნობილი ქართველი მუსიკოსები, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები ამ დღეს მოუთმენლად ელიან და თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ...

ნიკოლოზ რაჭველი - მუსიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი:

"ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანაში ენიო მორიკონეს ჩამოსვლა და მისივე შესრულებით, მისი მუსიკის აჟღერება ისტორიული მოვლენაა. ენიო მორიკონე არის ადამიანი, ვინც შექმნა კინომუსიკის ისტორია. ეს არის ავტორი, კომპოზოტორი, რომლის სახელი და გვარი ყველა იმ ადამიანმა იცის მის მელოდიებთან ერთად, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მაღალმხატვრული ფილმი...

ძალიან გასახარია რომ შედგება თანამშრომლობა რომის ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდს შორის. ჩემთვის ეს კოლაბორაცია ყოველთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე დიდი არტისტების უბრალოდ საგასტროლოდ ჩამობრძანება. თანამშრომლობის დროს იქმნება და იბადება ის უხილავი ენერგია, რომელიც ბევრად უფრო შთამბეჭდავად მიყვება აქედან წასულ ვარსკვლავსაც და უფრო ძვირფასი ხდება ნებისმიერი დიდი ხელოვანის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში...

მე სამწუხაროდ ვერ დავესწრები ამ კონცერტს, რადგან ჩვენ გასტროლებზე ვიმყოფებით იმ დროს. მთელი სულით და გულით ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მიდის კონცერტზე დასასწრებად. მათ ელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან და მსოფლიო კინო-კლასიკისა თუ მუსიკის ყველა მოყვარულმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს"

დათო ევგენიძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი:

"უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის! ყველა ქვეყნისთვის დიდი პატივია, სადაც კი ენიო მორკონე ჩავა! ის არის კინომუსიკის უბადლო კომპოზიტორი... ბევრი კომოზიტორი წერს მუსიკას კინოსთვის, მაგრამ არ აქვს ასეთი კლასიკური ბეგრაუნდი. იტალიური სკოლა რომ გავიხსენოთ, ნინო როტას შემდეგ იტალიელი კომპოზიტორი ამერიკულ კინოში, ასეთი აღარავინ ყოფილა! შედევრები აქვს შექმნილი! იმის გარდა რომ მარტივი მუსიკა გამახსოვრდება, საკმაოდ რთული მუსიკა მორიკონესი შენში გაოცებას იწვევს... მე პირადად უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეძლევა შანსი მორიკონეს კონცერტზე მოვხვდე.

ვფიქრობ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს. ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს, მაგრამ კიდევ როდის ჩამოვა არავინ იცის და ეს ბედნიერება ყველამ უნდა მიიღოს ვისაც კი მუსიკა უყვარს... საქართველო განებივრებულია დიდი ვარსკვლავების ვიზიტებით, მათ შორის კომპოზიტორებით... საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად მოსკოვს ეწვია იგორ სტრავინსკი და ქართული სიმღერის შესახებ ისაუბრა. აღნიშნა გურულ მრავალხმიანობაზე, რომ უფრო მაღალი დონის მუსიკა მსოფლიოში არ მოუსმენია და ამბობდა, ადრე რომ მომესმინა, მუსიკას აღარ დავწერდიო... ჯო ზავინული ორჯერ იყო ჩამოსული. გენიალური კომპოზიტორი, საოცარი ბენდით. ენიო მორიკონეს ჩამოსვლა ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს კულტურის ისტორიაში!"

ნინო სურგულაძე, მეცო-სოპრანო:

"ძალიან დიდი მოვლენაა ენიო მორიკონეს საქართველოში ჩამოსვლა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია. მრავალი თაობა აღიზარდა მის მუსიკაზე, მისი ნაწარმოებები მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი... საქართველოში უამრავი ადამიანია, ვისაც ენიო მორიკონეს მუსიკა უყვარს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მისი ჩამოსვლა და ვისაც საშუალება აქვს, არ უნდა დაკარგოს შანსი ამ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწროს. ჩვენი მუსიკოსებიც იღებენ მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია!

ლაშა ონიანი, რეჟისორი:

"საბედნიეროდ პირადად მომიხდა იმ შოუების დადგმა, როდესაც საქართველოს მსოფლიო მეგავარსკვლავები ეწვივნენ - ანდრეა ბოჩელი, ხოსე კარერასი... საქართველოს უდიდესი ვარსკვლავები ყოველთვის სიხარულით სტუმრობენ...

ენიო მორიკონე არის 90 წლის უდიდესი ხელოვანი, კომპოზიტორი და შეუდარებელი დირიჟორი, ასეულობით ფილმის მუსიკალური გამფორმებელი ადამიანი, რომელზეც ასაკი არ მოქმედებს! შეიძლება ითქვას მის მოღვაწეობას დროის განსაზღვრა არ აქვს... ამხელა შემოქმედის საქართველოში ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს! დიდი ფუფუნებაა უცნობილესი ადამიანი პირადად იხილო! მისი პროფესიონალიზმის ნახვა სადირიჟორო პულტთან, განსაკუთრებით მისი ქართველი კოლეგებისთვის, კლასიკური საორკესტრო მუსიკის მსმენელისთვის უმნიშვნელოვანესია... და საერთოდ, საქართველოს კულტურის ისტორიის ერთი პატარა ნაწილიც გახდება გიგანტი ხელოვანის სტუმრობა!

ნინო მაჩაიძე, სოპრანო:

"ენიო მორიკონეზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგანაც ის ნამდვილი ლეგენდაა. იტალიელი კინომუსიკის გენიალური კომპოზიტორი და უდიდესი მუსიკოსია, რომელსაც თითქმის ყველა მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური ჯილდო აქვს მოგებული. ავტორი 100-ზე მეტი უდიდესი შედევრის და სახელი, რომელიც ისტორიას დარჩება! იტალიამ მას 2017 წელს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა. ჯილდო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიენიჭა და ყველაზე დიდი პატივია! ძალიან მიხარია მისი საქართველოში სტუმრობა და დარწმუნებული ვარ ეს დიდი ზეიმი იქნება ჩვენი ხალხისთვის. მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი მის კონცერტს და დიდი პატივი იქნებოდა მისი პირადად გაცნობა!

თემურ ახობაძე, თბილისის ოპერის გუნდის დირექტორი:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შანსი მოგვეცა ვითანამშრომლოთ ასეთ დიდ კომპოზიტორთან, რომელმაც ეპოქა შექმნა კინომუსიკაში. მივიღოთ მონაწილეობა მისი ნაწარმოებების შესრულებაში. მას სცენაზე შევხვდებით და თვითონ გვიდირიჟორებს. საშუალება მოგვეცემა მისი ხელის მოძრაობას ავაყოლოთ ჩვენი ხმა. არ ვიცი რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება! რომის ორკესტრის ქორმაისტერი იყო თბილისში ჩამოსული და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის მასთან მუშაობა... დანიელ ორენია ამჯერად ჩვენი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, გენიალური დირიჟორი. სადირიჟორო პულტთან რომ დგას ყველა გარინდული უსმენს და ასეთივე დიდ ეფექტს მოახდენს ენიო მორიკონე, როდესაც ჩვენ გვიდირიჟორებს!

შეგახსენებთ, რომ კონცერტის ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი საიტზე tkt.ge. ასევე დანიშნულია თვითმფრინავისა და მატარებლის სპეციალური რეისები.

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს

ბრიტანული სამეფო ქორწილი პანდემიის დროს და პატარძალი, რომელსაც საქორწინო კაბა დედოფალმა ელისაბედმა ათხოვა