31 მაისს დინამო არენაზე ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან

31 მაისს დინამო არენაზე ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან

ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული რაგბის ქომაგებს ეროვნული ნაკრების თამაშის ხილვა ზაფხულში შინ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა."ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, "დინამო არენაზე" "ფრანგი ბარბაროსების" ძლიერ გუნდს ვეთამაშებით" - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

ამავე მემორანდუმის საფუძველზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახლახანს თებერვლამდე "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე, "მარკუსიზე" შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, საფრანგეთის რაგბის კავშირმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთში მათი მიწვევით ვიმყოფებოდით, გავმართეთ მოლაპარაკებები, გავაფორმეთ მემორანდუმი და მივიღეთ პირობა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაგვეხმარებიან. სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია საქართველოში "ფრანგი ბარბაროსების" სტუმრობა" - გვიყვება მემორანდუმის შესახებ სვანიძე.

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:"საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას."მოგეხსენებათ "ფრანგმა ბარბაროსებმა" შარშან "მაორი ოლ ბლექსს" მოუგო. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა "ფრანგ ბარბაროსებს" მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა. ამ გუნდის მიზანია რაგბის ცოდნის, სიყვარულის, ფასეულობების ამაღლება და გავრცელება. ვიცი რომ ეს ორი შეუდარებელი გუნდი დიდ პატივს სცემს ამ ფასეულობებს და შედეგის მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემასა და სიყვარულს გაუზიარებენ".

ვინ არიან "ფრანგი ბარბაროსები"

რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენება როგორც "ფრანგი ბარბაროსები" 1979 წელს ბრიტანული "ბარბაროსების" (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.

"ფრანგმა ბარბაროსებმა" პირველი თამაში 1980 წელს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 26:22 დაამარცხეს, ბოლოს კი 2017 წლის 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის "მაორი ოლ ბლექსი" (Mაორი Aლლ Bლაცკს) მიიღეს და 19:15 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში "ფრანგ ბარბაროსებს" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ტოპ 14-ის ჩემპიონი "კლერმონის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეგენდარულმა ორელიენ რუჟერიმ უკაპიტნა.

ისტორიის მანძილზე "ფრანგი "ბარბაროსები" 5-ჯერ შეხვდნენ "ოლ ბლექსს" და ერთხელ მეტოქის დამარცხებაც მოახერხეს, ორჯერ ავსტრალიას, სამი თამაშიდან სამივე მოუგეს სამხრეთ აფრიკას, ხოლო ყველაზე ბევრჯერ - 8-ჯერ, არგენტინელებს შეხვდნენ და 5 მარცხის წილ 3 მოგება აქვთ. ტიერ1-ის სხვა გუნდებიდან ნათამაშები აქვთ შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, უელსთან და საფრანგეთთანაც, ხოლო ტიერ2-ის გუნდებიდან იაპონიასთან, ფიჯისთან, კანადასთან, ტონგასთან, სამოასთან და ნამიბიასთან.

"ფრანგმა ბარბაროსებმა" ყველაზე დიდი სხვაობით 1985 წელს იაპონიასთან მოიგეს (45:4), ხოლო თავად 2003 წელს დამარცხდნენ საფრანგეთთან (12:83). ბოლო 10 თამაშიდან მათ 9 მოიგეს (არგენტინასთან 2, იაპონიასთან 3, სამოასთან, ნამიბიასთან, ავსტრალიის "ა" ნაკრებთან და "მაორი ოლ ბლექსთან) და მხოლოდ ერთი წააგეს არგენტინასთან.

ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე ლურჯი და ლაჟვარდისფერი კომბინირებული კვართებით თამაშობს. რაც შეეხება წინდებს, "ბარბაროსების" ტრადიციის თანახმად, ყველა მოთამაშე მოედანზე საკუთარი კლუბის წინდებით გადის.

რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე მომავალი მატჩის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:"მეტოქე საკმაოდ ძლიერი, დაახლოებით იმ დონის გუნდია, რა დონის ნაკრებებსაც ზაფხულის პერიოდში ვეთამაშებით ხოლმე და მათთან შეხვედრა დიდ სარგებელს მოგვიტანს. გულშემატკივარს შევახსენებ, რომ "ფრანგმა ბარბაროსებმა" ნოემბერში ახალ ზელანდიელი "მაორები" დაამარცხა. ფრანგი ბარბაროსები საქართველოს პირველად ეწვევიან და ეს მათი მხრიდან ჩვენი დაფასება და აღიარებაა."მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში ზაფხულის ტესტ-მატჩების ოფიციალური ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება. ტრადიციულად, ამ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობის შეკრება გვიჭირს, თუმცა მეტოქეს შესაძლებლობების ფარგლებში ძლიერი გუნდით დავუხვდებით და მხოლოდ ის მოთამაშეები დაგვაკლდებიან, რომელთა გუნდებსაც ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ ექნებათ".

ფრანგული ხარისხი

"ეს სწორედ ისაა, რაზეც ბოლო წლებში რაგბის კავშირთან ერთად ვმუშაობდით - მაღალი ხარისხის თამაში!" - ასე აფასებს ამ მომავალ მატჩს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ყურადღებას მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს:

"მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში უმთავრესად ტიერ2-ის გუნდებს ვეთამაშებით. ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ტიერ1-ის ნაკრებს, ისიც გასვლაზე. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით ძლიერ გუნდებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობებზე და "ბარბაროსებთან" თამაშის ვარიანტსაც განვიხილავდით. მოლაპარაკებებმა და მიზანმიმართულმა მუშაუბამ შედეგი გამოიღო და "ფრანგ ბარბაროსებს" შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ერონული ნაკრებია".

ჰეიგისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრა ზაფხულის ტესტ-მატჩების ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება: "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში მაისის ბოლოს, ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გამგზავრებამდე გვექნება. რთული შეხვედრა გველის, მით უმეტეს, რომ ის ივნისის ოფიციალური სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე ტარდება, მაგრამ მეტოქე ტიერ1-ის დონისაა და ეს ძალიან კარგია. "ფრანგ ბარბაროსებთან" თამაში გამოგვადგება როგორც ოკეანეთის ტურნესთვის, ასევე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად." ჰეიგი მოხარულია, რომ თამაში თბილისში გაიმართება და რაგბის ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა ექნება:

"ქომაგს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილოს ძალიან ძლიერი გუნდი, საფრანგეთის მეორე ნაკრები, რომელიც კლასიკური ფრანგული ხასიათით გამოირჩევა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ფრანგების თამაშებს ვუყურებდი, ჩემთვის ეს ხასიათი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნიდა და დარწმუნებული ვარ ის სტაჟიან ქართველ გულშემატკივარსაც ემახსოვრება. ხოლო ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის, ესაა რეალური შანსი ვითამაშოთ ძალიან საინტერესო გუნდის წინააღმდეგ"

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებისა და ფრანგი ბარბაროსების პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართება 31 მაისს დინამო არენაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი