ვინ არის კაცი, რომელმაც XXI საუკუნეში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" შექმნა და რომელი ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ გადაწერაში

ვინ არის კაცი, რომელმაც XXI საუკუნეში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" შექმნა და რომელი  ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ გადაწერაში

XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. დღემდე ფრაგმენტების ჩათვლით, "ვეფხისტყაოსნის" 194-მა ხელნაწერმა მოაღწია. მათი უმეტესობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, რამდენიმე საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში, ხოლო 12 ხელნაწერი საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებშია.

რატომ გაუჩნდა სურვილი "ვეფხისტყაოსნის" კოლექციონერ გურამ ახალაიას XXI საუკუნეში გადაეწერა პოემა და როგორ განახორციელა ეს პროექტი, ამის შესახებ თავად გვესაუბრება:

- რაოდენ დიდი იყო ხელით გადაწერის ტრადიცია და კულტურა, რომ ქართველმა ხალხმა ეს უძვირფასესი განძი ხელნაწერების სახით საუკუნეებს გამოატარა. "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერებისადმი მოწიწებამ ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ, მადლიერების გრძნობამ გამიჩინა სურვილი, რომ XXI საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" შეგვექმნა. ამიტომ, თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებს, საერო და სასულიერო პირებს, გამორჩეულ პიროვნებებს, ერთდროულად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია ეტვირთათ. გადაწერისთვის "ვეფხისტყაოსნის" ბოლო რედაქციით ვიხელმძღვანელეთ და ბატონ თამაზ გამყრელიძესაც შევუთანხმეთ. ეს საქმე მარტივად წარმომედგინა, მაგრამ პროექტის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში გავაცნობიერე, რამდენად რთულ რამეს მოვკიდე ხელი. დავიწყეთ გადაწერა და მალე ქაღალდი გაგვითავდა. არ გვეგონა, რომ ჩვენთან მისი შეძენა შეუძლებელი იყო. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ველოდით მის შემოტანას. მერე დადგა 2007-2008 წლები და ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების გამო, ამ თემაზე ვერავის დაელაპარაკებოდი. 13 წლის მანძილზე გადამწერებმა თავიანთი მოწადინებით, თანადგომით, გულწრფელი გულშემატკივრობით წამახალისეს და არა მარტო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამასრულებინეს.

- პირველი გვერდის გადაწერა ვის მიანდეთ? ცნობილი პიროვნებები როგორი ემოციებით ასრულებდნენ თქვენს "დავალებას"?

- პირველი გადამწერი, რა თქმა უნდა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ. საერთოდ, ყველა ნერვიულობდა, მაგრამ როგორც კი წერას მორჩებოდნენ, უმრავლესობა მზად იყო მთელი "ვეფხისტყაოსნის" გადასაწერად და ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. ზაირა არსენიშვილს გული ძალიან დასწყდა, - ეს ცოტაა, კიდევ გადამაწერინეთო, გვთხოვდა. ლექსო თორაძე ორი დღე ემზადებოდა, აი, ახლა დავიწყებ, აი, ახლაო... როცა საქმეს მორჩა, - მომეცით, მთელი წიგნი უნდა გადავწეროო, თქვა. მერე ისიც დასძინა, მალე ამერიკაში მივდივარ და "ვეფხისტყაოსანი" მიმაქვს, კიდევ ერთხელ რომ წავიკითხოო. ოთარ მეღვინეთუხუცესმა და გურანდა გაბუნიამ გადაწერიდან მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს: - დიდი მადლობა, რომ საშუალება მოგვეცით, "ვეფხისტყაოსანი" თავიდან ბოლომდე ხელახლა წაგვეკითხაო. ზინა კვერენჩხილაძემ ჯერ ძალიან ინერვიულა, მერე კი პოეზიის საღამო ჩაგვიტარა. ჯანსუღ ჩარკვიანს ხაზები შეეშალა. მთლიანად როცა გადაწერა, მაშინ მიხვდა და ლექსი დამიწერა: "მტანჯავს ქვეყნის ტანჯვა, ურვა/ მალე მნახავთ დაბრედილს/ მომიტევე, ძმაო გურამ/ რა ვქნა, ალბათ დავბერდი. შენი ჯანსუღი, 2010 წლის 3 ნოემბერი".

თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის პირველი პირების გარდა, პოლიტიკოსებს არ მოვიწვევდით. თითო გვერდი შევარდნაძემ, სააკაშვილმა და მარგველაშვილმა გადაწერეს. ოთარ იოსელიანთან პარიზში ჩავედი, თბილისიდან წინასწარ დავურეკე. გამზადებული ტექსტი და ქაღალდი რომ დავუდე, გაუკვირდა - აქედან უნდა გადავწეროო? ეგონა, რომ ზეპირად უნდა დაეწერა და თურმე, მთელი საღამო ტექსტის სწავლას მოანდომა. დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს და ძალიან გაუხარდა, გადაწერა რომ გაუადვილდა. ერთხელ რამდენიმე პიროვნება ერთდროულად მოვიწვიეთ. გოგი ქავთარაძე, გომარ სიხარულიძე, ჯემალ ღაღანიძე, ნოდარ მგალობლიშვილი ერთად მოვიდნენ. ისინი დიდ მაგიდასთან დავსვით. ყველას თავისი ტექსტი მივეცი და ოთახიდან ცოტა ხნით გავედი. როგორც კი შევედი, ქავთარაძე ამბობს: ჩუმად, ჩუმად მასწავლებელი მოვიდაო (იცინის). ძალიან განვიცდიდი, ჭაბუა ამირეჯიბთან რომ მივდიოდი. ვფიქრობდი, ტექსტი დამეტოვებინა და მისი მეუღლისთვის ამეხსნა, როგორ უნდა გადაეწერა. ბატონმა ჭაბუამ დაბრძანდითო, მითხრა და ზუსტად 20 წუთში დაამთავრა. ეს რეკორდი იყო, რაც მაგალითად მომყავდა ხოლმე. თან წერის დროს მომიყვა: მისი ქართულის პედაგოგი იმ მოსწავლეს, ვინც 200 სტროფს ისწავლიდა, სამიანს უწერდა. ბატონ ჭაბუას კი 400 სტროფი უსწავლია და ფრიადიც დაიმსახურა. თამაზ ჭილაძემ გვითხრა: - დიდი მადლობა, რომ 15 წუთით მაინც განმაცდევინეთ ის ემოციები, რასაც ჩვენი გადამწერები გრძნობდნენო. ამ პროექტის გულშემატკივარია პაატა ბურჭულაძე, ასევე არიან მწერლები, მეცნიერები, სპორტის წარმომადგენლები... ბოდიშს ვუხდით იმ ღირსეულ ადამიანებს, ვინც სამწუხაროდ, ვერ მოვიწვიეთ (გვერდები აღარ გვეყო). გადაწერა დასრულებულია, დარჩენილია ერთადერთი გვერდი და ელოდება იმ ბიზნესმენს, რომელიც წიგნის გამოცემას დააფინანსებს...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი