რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს

რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს

ავტომობილების რიცხვი ჩვენ ქუჩებში ყოველდღიურად მატულობს. შესაბამისად გადაადგილებაც სულ უფრო რთული ხდება. დაძაბული საგზაო მოძრაობის პირობებში, ბავშვებთან ერთად ავტომობილით მგზავრობა მშობლისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამიტომ დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად დგას ბავშვის მოთავსება სპეციალურ სამგზავრო სავარძლებში.

კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ სავარძელი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვების დაშავების და დაღუპვის შემთხვევებს დაახლოებით 70-80%-ით ამცირებს. ამ დროს საქართველოში კანონი მძღოლებს საბავშვო სავარძლების გამოყენებას არ ავალდებულებს. არადა, განვითარებულ ქვეყნებში ეს რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს და ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილების წესებიც მკაცრად რეგულირდება.

მოდელ ირინა ონაშვილს ორი შვილი ჰყავს. საბა 6 წლისაა, დათუნა წლინახევრის. ირინა ამბობს, რომ საბავშვო სავარძლის გამოყენება საბას დაბადებისთანავე დაიწყეს. ორი შვილის დედას სავარძლის მნიშვნელობა კარგად ესმის და ამბობს, რომ მგზავრობისას ბავშვები უსაფრთხოდ არიან და თავადაც მშვიდად გრძნობს თავს.

„საბა ჩვილობიდან სულ სავარძლით დამყავდა. Car Seat-ი მანქანის სავარძელზე მყარად იყო დამაგრებული და ასე ვმგზავრობდით. ის ჩვილობიდან მიეჩვია სავარძელში ჯდომას. ახლა უკვე 6 წლისაა და ისეა მიჩვეული ღვედის გამოყენებას, მანქანაში ჩაჯდომისთანავე მამოწმებს და მეკითხება, ღვედი თუ მიკეთია. მიმაჩნია, რომ ჩვენი შვილების თაობა უფრო დიდი პასუხისმგებლობით შეხედავს უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხს, ვიდრე უფროსი თაობა.

ხომ გვახსოვს რამხელა პროტესტით შეხვდნენ თავიდან ღვედის გამოყენებასაც. მერე ყველა დარწმუნდა, რომ მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა, ავარიების დროს მგზავრები დაიცვა და საზოგადოებამაც თანდათან აზრი შეიცვალა. ვფიქრობ, იგივე მოხდება ბავშვის სავარძლებთან დაკავშირებითაც და ჩვენთანაც აქტიურად დაიწყებენ მის გამოყენებას.

-არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კვლევამ აჩვენებს, რომ ჩვენთან საბავშვო სავარძლებს მხოლოდ 6% იყენებს. როგორ ფიქრობთ, რის ბრალია ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

- ეს ძალიან ცუდი და საშიში მაჩვენებელია. უკეთესი იქნებოდა, პირიქით ყოფილიყო და სავარძელს მარტო 6% არ იყენებდეს. ეს ციფრი აჩვენებს, რამდენად სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში. ერთი მიზეზი, რატომაც ასე დაბალია საბავშვო სავარძლის გამოყენების მაჩვენებელი, ვფიქრობ, ხალხში ინფორმაციის ნაკლებობაა. ისე მოვიდნენ თაობები დღემდე, რომ სავარძელი არასდროს გამოუყენებიათ. მათი უმრავლესობა ასეთი ტიპის სიახლეს ადვილად ვერ ითავისებს. მაგრამ ახლა სხვა დროა და სიახლის მიმართ ყველამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება იყოს დაცული.

მინახავს, რომ მძღოლს კალთაში უზის მცირეწლოვანი ბავშვი. ეს ხომ დაუშვებელია. ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ასეთი გაუაზრებელი მოქმედება ბავშვის სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.ასევე, შემიმჩნევია, რომ ბავშვის სავარძელი ავტომობილის წინა სკამზე იყო დამაგრებული, როგორც ვიცი, ესეც დიდ საფრთხეს შეიცავს და არ შეიძლება. მშობლებმა მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს ავტომობილით ბავშვებთან ერთად მგზავრობისას, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა ჩვენ გზებზე გადაადგილება ძალიან გართულებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, სავარძლის სწორად დამაგრებასაც.

-საბავშვო სავარძლის გამოუყენებლობის მიზეზად მის ფასსაც ასახელებენ. როგორ გგონიათ, გამოყენების დაბალ მაჩვენებელს ფინანსური პრობლემა განაპირობებს?

- არ მგონია, რომ ეს ფინანსური პრობლემით იყოს გამოწვეული. როცა ადამიანს ჰყავს ავტომობილი, მას სავარძლის შეძენა არ უნდა გაუჭირდეს. თანაც, საბავშვო სავარძელი არც ისეთი ძვირია, რომ მას ვერ შეწვდეს. მშობლისთვის შვილების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ხომ გაცილებით მაღალი ფასი აქვს.

- როცა ბავშვები აპროტესტებენ სავარძელში ჯდომას, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- კი, არიან ძალიან ცელქი ბავშვები, რომლებიც არ ისვენებენ სავარძელში ჩემი უმცროსი დათუნაც ასეთია. მისი სავარძელში გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ეს შეიძლება მართლაც იყოს პრობლემა მშობლისთვის. მაგრამ მგონია, რომ ესეც მიჩვევის ამბავია. თუ ბავშვი განსაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის, და სერიოზული პრობლემები არ აქვს, ყველას მიჩვევა შეიძლება. საბავშვო სავარძლით სარგებლობას მივესალმები და კარგი იქნება თუ ის სავალდებულო გახდება, რადგან ეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის კეთდება.

პროექტი “საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად” ხორციელდება ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ, აშშ საელჩოს მზარდაჭერით.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის