გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

ზუგდიდში გარდაიცვალა ოკუპაციის მსხვერპლის - გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია. ის ბოლო რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ: "გაფრინდა სიცოცხლე ჩიტივით და დაგვიტოვა ტკივილი.. მამა და შვილი დღეს ორივენი წარსული ხართ.. ზური ბიძია.. უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ" - წერს ცირა აბსანძე.

ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით.ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის განცხადებაში.

„ძალიან ვწუხვარ და დიდი გულისტკივილით ვუთანაგრძნობ ოთხოზორიების ოჯახს, გიგას მამის, ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. ის წავიდა შვილის დაკარგვით გამოწვეული უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილით, გიგას ცივსისხლიანი მკვლელობიდან ორი წლის შემდგომ. საუბედუროდ, ვერ მოესწრო შვილის მკვლელის დასჯას, რადგან სამართლის აღსრულებას დღემდე ხელს უშლის ჩვენი დროის ყველაზე დიდი უსამართლობა - საოკუპაციო რეჟიმი. არ მოვადუნებთ ძალისხმევას, ვიდრე სამართალი აღსრულდება და მკვლელი დაისჯება. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან და სამართლიან ბრძოლას ოკუპაციის დასრულებისთვის. ამ მძიმე წუთებში კი გამძლეობას ვუსურვებ ქალბატონ ჯულიეტას, რომელმაც მეუღლე დაკარგა, მის ოჯახსა და ახლობლებს“,- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გადაგზავნას ცდილობდა.

1 104 ახალი ინფიცირებული და 1 603 განკურნებული - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 30 000-მდე ტესტის შედეგები რეგიონების მიხედვით

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?