ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლე ფილმების მარათონი გაიხსნა

ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლე ფილმების მარათონი გაიხსნა

“გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი! “ - მოკლე ფილმების მარათონმა სახელწოდებით ParaShoot სტარტი აიღო. მარათონს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ატარებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას.

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებს მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათი აქვთ იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე. მარათონი გაიხსნება 31 მაისს და გაგრძელდება 3 ივნისამდე.

ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.

„პროექტი "პარაშუტი" არის ამერიკის საელჩოს ინიციატივა, რომელიც ჩვენთან, „დემოკრატიის ლაბორატორიაში“ ხორციელდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გონება გავხსნათ და ეს გავაკეთოთ მოკლე ფილმების მეშვეობით. ვფიქრობთ, რომ ვიდეო თხრობა არის ძალიან კარგი ხერხი, იმისთვის რომ ადმიანებთან ინფორმაცია მივიტანოთ. მონაწილეებს დღეს მიეცათ ოთხი სოციალური თემდან ერთ-ერთი, ეს თემებია: ეკოლოგია, დისკრიმინაცია, შშმ პირების უფლებები და ურბანული ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტუალური თემებია და მნიშვნელოვანია მათ შესახებ ბევრმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია, შემდგომში კი გავააქტიუროთ დიალოგი და დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე საუბარი. პროექტში მონაწილეობს სულ 19 გუნდი, 10 პროფესიონალური, ხოლო 9 არაპროფესიონალი მობაილ გუნდი. მათ მიეცემათ 72 საათი იმისთვის, რომ ზუსტად ამ თემებზე გადაიღონ რაც შეიძლება კრეატიული და ინფორმაციული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მათ შეუძლიათ იმუშავონ, როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ ჟანრში. გუნდებს აქვთ კიდევ ერთი დავალება, აუცილებელია ფილმებში გამოიყენონ სიტყვა პარაშუტი, რომელიც არის პროექტის სახელწოდება. ვფიქრობთ, რომ თითოეული ფილმი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება, ერთ გონებას მაინც გახსნის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური: რეჟისორი - ნანა ექვთიმიშვილი, რეჟისორი -თამთა გაბრიჩიძე და ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი და გიორგი ავალიანი.“ - განმარტა დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელმა, ნინიკო ბოჯგუამ.

ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?

„ჩვენ სტუდენეტები ვართ და დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ სფეროში, ამიტომ ამ პროექტში შედგება ჩვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი. ოთხივე თემა ძალიან საინტერესო იყო, ნამდვილად საზოგადოების მწვავე პრობლემებზეა გამახვილებული ყურადღება. სანამ დავიწყებთ გადაღებას, მანამდე სპეციალისტებთან გასაუბრების საშუალებაც გვაქვს, რითაც უფრო გაღრმავდება ჩვენი ცოდნა ამ თემის გარშემო და იმედი გვაქვს კარგი, ინფორმაციული ფილმი გამოგვივა,“- აღნიშნეს პროექტის მონაწილეებმა, ნინო და მინდია გაბაძეებმა.

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. პარტნიორები არიან USAID ის პროექტი, ზრდა საქართველოში, თიბისი ბანკი, Arttime/არტ თაიმი, კინოთეატრი ამირანი, ტაქსის კომპანია იბერი, კინოსტუდია ქართული ფილმი, საქართველოს კინოკლასტერი, ვისმინო, ველი, ახალი მზიური, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბაკურიანი, რედბული, on.ge, ლიბერალი და Hello Magazine საქართველო.

თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის