USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა

USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრაქტორები მიუვალი და ტყისპირა ადგილების შეწამვლას გააადვილებს. სააგენტოსთვის ტრაქტორების გადაცემის ცერემონია აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრო.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აბაშაში ვიმყოფები. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

ამერიკელი დიპლომატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად საკოორდინაციო შტაბში ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა.

სეს-ს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელი ხალხი და მთავრობა საქართველოს უკვე ორი წელია ეხმარება.

„ორი წელია ამერიკელი ხალხი და მთავრობა მაქსიმალურად გვეხმარება იმ გამოწვევასთან ბრძოლაში, რომელსაც აზიური ფაროსანა ჰქვია. ამ დახმარების მაგალითი არის დღევანდელი დღე“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული ტექნიკა ეფექტიანს გახდის ფაროსანასთან საბრძოლველად მიმდინარე ღონისძიებებს. მისივე თქმით, წელს მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

შეხვედრაზე ინვაზიური მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ. მისი ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის 100 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე შეიწამლა, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს მონიტორინგი.

"ინვაზიური“ მავნებელი რამდენიმე წელია სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად აქტიურად ახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამთავრობო პროგრამას. სწორედ ამ პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი კომპონენტია ის დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან. ეს არის 17 ტრაქტორი თავისი აღჭურვილობით, რომელიც უკვე მიმდინარე ღონისძიებებში ჩაერთვება", - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

ტექნიკის გადაცემის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გასულ წლებთან შედარებით მავნებლის რაოდენობა შემცირებულია.

"წინა წლებთან შედარებაც არ არის. ფაქტობრივად, ფაროსანას წელს ვეძებთ უკვე, თხილზე საერთოდ ვერ დავაფიქსირე. ძალიან კმაყოფილია მოსახლეობა", - თქვა აბაშის მკვიდრმა ლეონტი ნადარეიშვილმა.

ტექნიკური პერსონალი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტრაქტორები ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს უფრო ეფექტიანს გახდის. მათივე განმარტებით, ტექნიკის საშუალებით უკვე შესაძლებელი გახდება მიუვალი ადგილების შეწამვლა.

ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, მავნებელთან ბრძოლის მხარდამჭერ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენას; პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ასევე სწავლებები; მათვე უზრუნველყვეს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მოწვევა და ჩართულობა ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის