უხვმა ნალექმა რუსთავში სერიოზული პრობლემები შექმნა, დაიტბორა ცენტრალური და შიდა გზები, წყალი ჩავიდა საცხოვრებელ სახლებში,ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებსა და მაღაზიებს. იალღუჯის მთიდან ჩამოსული ღვარცოფის შედეგად, დაიტბორა რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომანქანები.
ქალაქის გარეუბნებში შიდა ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე მიმდინარეობს, ცენტრალური ქუჩები კი უკვე გაწმენდილია. ქალაქში მობილიზებულია რუსთავის მერიის „რუსთავსერვის ცენტრისა“ და „რუსთავის წყლის“ სპეცტექნიკა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე შექმნილ სიტუაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბღუა მოადგილეებთან ერთად გაეცნენ. რუსთავის მოსახლეობას ავარიულად გათიშული ელექტროენერგიის მიწოდება ცოტა ხნის წინ აღუდგა.