ავტორი:

როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

"ჩემი 14 წლის შვილისა და მისი მეგობრების ცხოვრებაში ქართული სიმღერა არ ყოფილა აქტუალური, არ უსმენდნენ, არც იცნობდნენ, დღეს უკვე ქართულს უსმენენ. მათში დიდი დოზით შემოვიდა ქართული მელოდია. ღიღინებენ იმას, რაც ეთერში გადის" - ამბობს "რუსთავი 2"-ისა და პროექტ "მხოლოდ ქართულის" რეჟისორი ნიკა ლომიძე. ის იმ შთაბეჭდილების შესახებ გვიყვება, რა შედეგებიც მოიტანა ახალმა გადაცემამ.

"პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სწორედ ქართული სიმღერის პოპულარიზაცია იყო და ეს მიზანი მიღწეულია, ჩანაფიქრმა გაამართლა. თინეიჯერებმა გაიგეს, რა არის ქართული სიმღერა... ჩემთვის კი ამ პროექტზე მუშაობა დიდი აზარტია. თან ასეთი სახის შოუზე პირველად ვმუშაობ, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კარგია და უკვე მეორე სეზონზე ვფიქრობ" - აღნიშნავს რეჟისორი.

- როდესაც პროექტი ეთერშია, შენთვის, როგორც რეჟისორისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- იმ პერიოდში როცა გადაცემა ეთერშია, გინდ დაიჯერე, გინდ არა, აზრზე არ ვარ, რა ხდება გარშემო, თუნდაც საეთეროში. ვინ შემოდის, ვინ გადის, ვინ ლაპარაკობს, ბოლომდე ჩაფლული ვარ საქმეში. იმ დროს თითქოს ჩემს ირგვლივ სამყარო ითიშება.

- კონკურსანტები ხომ არ გაბრაზებენ?

- მე კი არა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ერთმანეთსაც არ აბრაზებენ, ალბათ გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, თბილ სიტუაციაში უწევთ ყოფნა, მეგობრულად არიან, ალბათ ეს განწყობა მოქმედებს. სიკეთე და სითბო გადამდებია.

- პროექტის მანძილზე ეთერში გასულ რაიმე უცნაურ კადრს, ფრაზას ხომ ვერ გაიხსენებ?

- ერთადერთი, რაც მახსოვს, ნიკა გრიგოლიამ თავის თავზე რომ თქვა: "ბოზიშვილი ვიყო, ნიკა გრიგოლია სად არის?", ასეთი სიტყვები ეთერში რომ იპარება საშინელებაა, მაგრამ ნიკა ისეთი ტიპია, მისგან თითქოს ცუდად არ იღებ, არ გწყინს, პროფია, ენდობი და ასეთი ფრაზა ხანდახან შეიძლება გაატარო. ცხადია, ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, რადგან თუ რაიმე შეეშალა, თვითონვე გამოძვრება. ილო ბეროშვილისთვის კი ასეთი ტიპის პროექტი სიახლეა, თუმცა ისიც ძალიან სწრაფად ჩაჯდა.

- ჟიურის წევრებს ობიექტურად და გულწრფელად როგორ შეაფასებ?

- ჟიურის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მითითება არ მაქვს.

- მეჩვენება, რომ ქალბატონი მარინა, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, "მხოლოდ ქართულში" ოდნავ რბილია...

- ეს მარინას მეც ვუთახრი, მაგრამ ასეთი უცბად განსხვავებული მარინა რაღაც საინტერესოა. პროექტში ყველაფერი ბუნებრივად ხდება, სპეციალურად არაფერს ვაკეთებთ. ხელოვნურობას გამოვრიცხავთ - წინასწარ არაფერს ვდგამთ და არავის ვაძლევთ რაიმე მითითებას. საქმე გვაქვს ქართულ სიმღერასთან, პირდაპირ ჩვენს ხასიათებზეა აწყობილი, ამას კი ბუნებრიობა უხდება. ზედმეტი არაფერი სჭირდება. როგორც არიან, იყვნენ ასე, კომფორტულად არიან.

სხვათა შორის, კონკურსანტები ქასთინგზე რომ მოდიოდნენ, ყველა აღნიშნავდა, მარინა როგორი სხვანაირი ყოფილაო, მაგრამ სანამ ქასტინგზე შევიდოდნენ, მისი ეშინოდათ.

- კულისებზეც რომ გველაპარაკო - რა სამუშაო ტარდება კადრს მიღმა, სანამ მაყურებელი პროდუქტს იმ ხარისხში მიიღებს, როგორც იღებს?

- წინ უძღვის 24-საათიანი გაუჩერებელი მუშაობა, მხოლოდ პირდაპირი ეთერი ხომ არ არის, პროფაილებია გასაკეთებელი. დასაწყობი, დასამუშავებელი, თანმიმდევრობა ისე გადასანაწილებელი, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს. ემოცია ემოციას არ უნდა მიჰყვებოდეს, უამრავი დეტალია. ასე რომ, ეს ბევრი ადამიანის დიდი და სხვადასხვანაირი შრომაა, რასაც მაყურებელი არ ხედავს და არც უნდა ხედავდეს.

- ე.ი. ამ ყველაფერმა ძალიან დაგაინტერესა...

- კი, საინტერესოა და დამოკიდებულს გხდის. მე ხომ ჩემი კომპანია მაქვს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ამ პერიოდში მეორე პლანზე გადავიდა. მთელი ყურადღება აქეთ მაქვს.

- შოუ ფინალისკენ მიდის, რომ ვივარაუდოთ - რა შედეგით შეიძლება დასრულდეს?

- როგორც ყველა კონკურსი, აქაც არაფერი იცი წინასწარ, რადგანაც ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. ასეთი კონკურსები ყოველთვის ამოუცნობია. თან კონკურსანტები ისეთები არიან, რომელზე გინდა რაიმე თქვა? ყველა მიყვარს და თითოეულს წარმატებას ვუსურვებ.

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა