ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დამძიმდა - მთავარი პროკურატურის განცხადება

ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დამძიმდა - მთავარი პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქმეზე გამოძიება რომელსაც აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი, არჩილ ტატუნაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. გამოძიების ფარგლებში 2018 წლის 31 მაისს მიღებული იქნა არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულნი არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით.

შესაბამისად, საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს და გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა - ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება - ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თამარ ავალიანის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტებმა იმ დაზიანებები, რომელზეც ოჯახს გარკვეული კითხვები აქვს, იქიდან გამომდინარე არ აღწერეს, რომ მათი ნაწილი რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგადაა მიყენებული. როგორც ავალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტებმა ყველა დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც არსებობდა ეჭვები, განმარტეს, რომ ისინი სიცოცხლისდროინდელი არ იყო. მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ყველა ის დაზიანება შეისწავლეს, რომელიც ტატუნაშვილის სიცოცხლის პერიოდში მიადგა.

„ის დაზიანებები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და მიგვაჩნდა, რომ ექსპერტიზა ნაკლული იყო ამ მიმართულებით, აგვისხნეს, რომ ეს დაზიანებები არ იყო სიცოცხლისდროინდელი. ყველა დაზიანება, რომელიც სიცოხლისდროინდელი იყო აღიწერა ექსპერტების მიერ. შუბლის ნაწილზე, ნატყვიარზე რომ საუბრობდა ოჯახი, აგვიხსნეს, რომ ეს იყო გაშრევების შედეგი. რაც შეეხება საფეთქელთან შეწეულ ნაწილს, ეს არის რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი. გადახერხილი იყო თავის ნაწილი და ამან განაპირობა სხეულის ნაწილის შეწევა. რაც შეეხება ცხვირს, ცხვირის მიდამოში მოტეხილობები არ ფიქსირდება, ჩვენ ვნახეთ რენტგენი და ცხვირი მთელია. მოტეხილობები ფიქსირდება მხოლოდ ხელის მიდამოში“, - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე

"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში