DAAD-ის 85 ქართველი სტიპენდიანტი სწავლისა და კვლევისათვის გერმანიაში გაემგზავრება

DAAD-ის 85 ქართველი სტიპენდიანტი სწავლისა და კვლევისათვის გერმანიაში გაემგზავრება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) წლევანდელ სტიპენდიანტებს 8 ივნისს თავის რეზიდენციაში უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

საელჩოს ინფორმაციით, წელს DAAD-ის სტიპენდია ოთხმოცდახუთმა სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, დოქტორანტმა და მეცნიერმა მიიღო. ისინი სხვადასხვა სამეცნიერო-აკადემიურ დისციპლინებს წარადგენენ და 2018-2019 წლებში გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებს სწავლისა და კვლევის მიზნით ესტუმრებიან.

„DAAD ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდია მსოფლიოში, რომელიც გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ ყოველწლიურად 130.000 სტიპენდიას გასცემს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. გარდა ამისა, ხელს უწყობს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას და პოპულარიზაციას უწევს გერმანისტიკასა და გერმანულ ენას უცხოეთში. იგი იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ეროვნულ სააგენტოს. ამ სახით DAAD ემსახურება გერმანიის საგარეო და განათლების პოლიტიკის მიზნებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად საქართველოში DAAD-ის ორი ლექტორი თბილისსა და ქუთაისში საქმიანობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი