რას უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვდეს - რჩევები დამწყებ ფერმერებს

რას უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვდეს - რჩევები დამწყებ ფერმერებს

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. იგი ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს გათავისუფლდნენ საბაჟო ტარიფებისაგან და ცალკეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიაწოდონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის მოქალაქეებს.

საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს და სხვადასხვა სამეურნეო დარგების განვითარება, მნიშვნელოვნად გაზრდიდა ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ამ შეფასებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ საქართველოდან ბევრ კომპანიას უკვე აქვს ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტირების გამოცდილება.

მათ შორისაა თხილის მწარმოებელ-რეალიზატორი შპს "ქესკია", საოჯახო მეურნეობა, რომელიც 1996 წლიდან მისდევს ფერმერულ საქმიანობას და მისი კლიენტების სიაში უკვე არიან კომპანიები - ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.

"ქესკიას" ერთ-ერთი მფლობელის, მარიამ კოდუას თქმით, იმ მოთხოვნების ჩამონათვალში, რომელთა დაკმაყოფილებაც ექსპორტიორებს ევალებათ, შედის ძირითადად ფიტოსანიტარული, ჰიგიენური, უსაფრთხოებისა და ხარისხიანობის მაჩვენებლები.

„მაგალითად, თხილის შემთხვევაში, ყურადღება ექცევა მის პარამეტრებს/ზომას, ასევე ტენიანობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პროდუქტის უვნებლობა, რომელზეც ცნობას სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს. ამასთანავე, პროდუქცია არ უნდა იყოს დაბინძურებული უცხო მინერალებისგან, მწერებისგან, არ უნდა შეიცავდეს ტოქსინებს და ა.შ." - ამბობს კოდუა.

კითხვაზე, რამდენად ხარჯეფექტურია ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, ახალგაზრდა ფერმერმა გვითხრა, რომ ექსპორტირების ძირითადი ხარჯი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებას უკავშირდება, ცალკეულ შემთხვევებში კი, კლიენტის მოთხოვნის არსებობისას, ლაბორატორიული შემოწმების ჩატარებას. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზრის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სტაბილურია, სხვა, თუნდაც რუსული ბაზრისგან განსხვავებით და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სამართლებრივი დავა უფრო გამჭვირვალე და სანდოა.

საკუთარი გამოცდილებიდან, მარიამ კოდუა დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს ურჩევს, ევროკავშირის ბაზარზე კლიენტების მოსაძიებლად გამოიყენონ სხვადასხვა საშუალებები, იქნება ეს ინტერნეტსაიტები თუ გამოფენები.

„არსებობს სხვადასხვა სარეკლამო გვერდები, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ. თავად აქტიურად ვათავსებთ ინფორმაციას alibaba.com-ზე, LinkedIn-ზე. ასევე, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ექსპორტიორთა საერთაშორისო ასოციაციაში. თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც გამოფენებში მონაწილეობაა“ - ამბობს მარიამი.

რაც შეეხება, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე, ამ ეტაპზე, ქართული თხილის უპირატესობა არის ის რომ 50 ცენტით იაფია თურქულთან შედარებით, თუმცა ხარისხობრივი თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქართული ხილის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია, კივის მიმწოდებელი კომპანიის - შპს ნერგეტას მიერ გერმანული ბაზრის ათვისებაა. კომპანიის თანადამფუძნებლის, რომეო ჯაფავას ინფორმაციით, ქართული კივი უკვე 5 წელია Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელში იკავებს ადგილს და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. მისი თქმით, იმისათვის რომ, ფერმერმა შეძლოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, ერთ-ერთი მოთხოვნაა GLOBAL G.A.P-ის სერტიფიკატის ფლობა. ამ უკანასკნელის მისაღებად „ნერგეტამ“ საქართველოში მოიწვია ევროპული კომპანია, რომელმაც უზრუნველყო ხილის ხარისხისა და უვნებლობის შემოწმება.

„ხილის ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ეს უფრო კერძო კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს. მაგალითად არის განსხვავებული მოთხოვნები ზომებთან დაკავშირებით“ - გვითხრა რომეო ჯაფავამ.

ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და შესაძლებლობებზე გვესაუბრა კომპანია „ქარელის ხილის“ მარკეტინგის კოორდინატორი, თამაზ კვირიკაძე. აღნიშნული კომპანია 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ორიენტირებულია ქართული ჩირის წარმოებაზე.

ევროკავშირის ბაზარზე სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა, რისთვისაც გარკვეული პროცედურების გავლა მოუხდა - პირველ რიგში „ISO“ სერტიფიკატის აღება, რომელიც წარმოადგენს უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტს. ასევე მიიღეს კონკრეტულად საკვების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის განმსაზღვრელი “HACCP” სერტიფიკატი. ამის შემდეგ განაახლეს და შეცვალეს პროდუქციის შეფუთვა და გაიტანეს ევროკავშირის შიდა ბაზარზე.

„თუკი სასურსათო პროდუქციის სტანდარტები დაცული იქნება და უპირატესობაც ექნება კონკურენტებთან მიმართებით, თუნდაც ფასის თვალსაზრისით, ქართულ პროდუქტს ნამდვილად სერიოზული შანსები აქვს ევროკავშირის ბაზარზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს საბითუმო შემსყიდველებთან. პირდაპირ საცალო ბაზარზე გასვლას რაც შეეხება, აქ უფრო სერიოზული მარკეტინგული ინვესტიციების ჩადებაა საჭირო, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება“ - აღნიშნა „ქარელის ხილის“ მარკეტინგის კოორდინატორმა თამაზ კვირიკაძემ.

საერთო ჯამში ცალსახაა, რომ ევროკავშირის შიდა ბაზარი იძლევა სტაბილურობისა და ხარისხიანობის გარანტიას. იქ მოსახვედრად კი ყოველგვარი სატარიფო და საბაჟო ბარიერი მოხსნილია, მხოლოდ საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და იქ არსებული ტენდენციების გათვალისწინება.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი