"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

1904 წლის 14 ივნისს, ვარშავაში დაიბადა ნატო ვაჩნაძე და 1953 წელს, სწორედ ამ დღეს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, როცა მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა...

ნატო ვაჩნაძემ 25-წლიანი კარიერის განმავლობაში 24 ფილმში მიიღო მონაწილეობა. პირველი კინოროლი 1923 წელს მიიღო ფილმში "მამის მკვლელი". 19 წლის ნატო კინოში შემთხვევითობის წყალობით მოხვდა, მას მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. იმასაც ამბობენ, რომ სანამ ფილმში გადაიღებდნენ ნატო ანდრონიკაშვილი-ვაჩნაძისა, კინოში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, ფილმის დასრულებამდე ვერც გაძლო და დარბაზი სეანსის დასრულებამდე დატოვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დროის მუნჯ ფილმებს სხივი აკლდათ... ამ დროს ნატომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამ სხივს ქართულ კინოში ის შემოიტანდა...

1923 წელს, როდესაც მუნჯი კინოს ცნობილი რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ახალი ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა, რუსთაველზე, იმ პერიოდში სახელგანთქმული ფოტოგრაფის, შიხმანის სახელოსნოს ჩაუარა გვერდი, სადაც მისი ყურადღება ქალის ფოტომ მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ქალმა ფოტო მეუღლესთან ერთად თბილისში ყოფნისას გადაიღო, ფოტოს ასლი ფოტოგრაფმა დაიტოვა და მოგვიანებით ვიტრინაში გამოფინა. უცნობი ქალი კი მეუღლესთან, თენგიზ ვაჩნაძესთან ერთად (რომლის გვარსაც ვაჩნაძე დაშორების შემდეგაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა) მშობლიურ რაიონში, გურჯაანში იყო წასული.

ერთ-ერთ საღამოს გურჯაანში ნატო ვაჩნაძის მშობლების, ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში უცნობი მამაკაცი გამოჩნდა - ის ფილმის მეორე რეჟისორი შაქრო ბერიშვილი გახლდათ, რომელსაც უცნობი ქალის მოძებნა დაევალა. კაცი ოჯახის წევრებს გაეცნო, უთხრა რომ კითხვა-კითხვით მიაგნო მათ და რომ სერიოზული შეთავაზება ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთვის. ნატომ წინადადება სიხარულით მიიღო, მისი მეუღლის მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, კინემატოგრაფი არასერიოზულად მიაჩნდათ, თუმცა ისინი დაითანხმეს და 1923 წელს ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ეკრანებზე ორი ფილმი გამოვიდა. "მამის მკვლელის" და "არსენა ყაჩაღის" პრემიერის შემდეგ, მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ. სულ ცოტა ხანში ნატო ვაჩნაძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდა...

Ambebi.ge-ს მკითხველს ვარსკვლავ მამიდასთან ურთიერთობასა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ნატო ვაჩნაძის ძმისშვილი, მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი უყვება:

- ქალბატონო კირა, როდესაც მამიდათქვენი ტრაგიკულად დაიღუპა, თქვენ 8 წლის იყავით, თუმცა ამის მიუხედავად ბევრი რამ გახსოვთ მის შესახებ, როგორი იყო ნატო ვაჩნაძე ეკრანს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში?

- მამიდა იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველას განსაკუთრებით უყვარდა, იმიტომ რომ თავად უყვარდა ადამიანები, საოცარი პოპულარობა ჰქონდა. ქუჩაში ისე ვერ გადიოდა, რომ არ გაეჩერებინათ სიყვარული არ გამოეხატათ მის მიმართ, ამით ძალიან ბედნიერი იყო, უბრალოდ ცხოვრობდა, 3 შვილს მარტო ზრდიდა, იყო კარგი დედა, მეგობარი, მეზობელი და ა.შ შეძლებისდაგვარად თავსაც უვლიდა, მაგრამ ვარსკვლავად არ დადიოდა. მე განსაკუთრებულ სიყვარულს და მზრუველობას ვგრძნობდი მისგან, რადგან ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭებში. წარმოიდგინეთ ჩემი ძმა, სამი მამიდაშვილი: თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიები და ერთი მე.

უნიკალური ფოტო: უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი მამიდებთან, ნატო ვაჩნაძესთან და კირა ანდრონიკაშვილთან ერთად.

რადგან ოჯახში ერთი გოგო ვიყავი განსაკუთრებულად მანებივრებდა ნატო, ქუჩაში რომ გავდიოდით ერთად, ვერ აღვიქვამდი, რომ ვარსკვლავი იყო, მიკვირდა ყველა რომ უყურებდა, ის ხომ ჩვეულებრივი მამიდა იყო. კარგად მახსოვს როგორ მიხაროდა, როცა მუსიკალური სკოლის გამოცდებზე მომყვებოდა, ვფიქრობდი, მასწალებელი ნატოს რომ დაინახავს, ხუთიანს დამიწერს-მეთქი. ერთხელ ხელი მოვტეხე ოქროყანაში, მაშინვე ამოვიდა თავისი "პაბედით" და წამიყვანა ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში, როდესაც მივედით, ისეთი ამბავი ატყდა ნატოს იქ მისვლით, რომ ჩემი ხელი არავის ახსოვდა.

იცით, რომ ამბობენ სახალხო მსახიობი, ხომ არის წოდებაც სახალხო არტისტის, ანიჭებენ კიდეც მსახიობებს ამ ტიტულს, მაგრამ მე არ მეგულება მეორე მსახიობი, ვისაც ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონია.

ნატო ვაჩნაძე შვილებთან ერთად

- ბოლოს როდის ნახეთ მამიდა, თუ გახსოვთ და რა სიტუაციაში?

- იცით, ძალიან საინტერესო ისტორიაა ეს, ჩვენი ბოლო შეხვედრა 2 ივნისს შედგა, მამაჩემის დაბადების დღის მეორე დღე იყო, პირველში ვერ შეძლო მოსვლა, ორში სახლში ვიყავით ყველა, სტუმრები არ გვყავდა, როგორც ყოველთვის ღია გვქონდა კარი და უცებ ქვემოდან რაღაც ხმაური და ჩოჩქოლი შემოგვესმა: ნატო მოდის, ნატო მოდის, ასე ხდებოდა ხოლმე როდესაც მოდიოდა ჩვენთან - ყველა მეზობელი გარეთ იყო, ელოდებოდნენ, როგორ ამოვიდოდა ფეხით მეოთხე სართულზე, როგორ გაჩერდებოდა ყველა მათგანთან, დაელაპარაკებოდა მოიკითხავდა, ზოგ მათგანს შეიძლება არც იცნობდა, მაგრამ უყურადღებოდ არავის დატოვებდა. გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე როგორ უახლოვდებოდა ნატო ჩვენ სახლს დიდი იასამნების თაიგულით... მახსოვს ფეხის ხმა, როგორ ამოვიდა, შემოვიდა და გვითხრა, სულ მე მოვდივარ თქვენთან, ამის მერე თქვენ იარეთ ჩემთანო, გაგვიღიმა, მამას მიულოცა დაბადების დღე, ჩაი დალიეს, ისაუბრეს...

შემდეგ თქვა, დაღლილი ვარ ძალიან, წამოვწვები ცოტა ხნითო, შევიდა საძინებელში და წამოწვა... ამ დროს დედამ დამიძახა და მითხრა: დაიმახსოვრე შენი მამიდაო, შევედი ოთახში და იწვა, ჩასძინებოდა, ღამის ნათურა ენთო ოთახში და ნატოს მთელი სილამაზე, პროფილი, თმები, წამწამები კედელზე ირეკლებოდა ძალიან ლამაზად! ეს მომენტი მახსოვს - როგორ ვიდექი და ვაკვირდებოდი მძინარე მამიდას. შემდეგ ჩუმად გამოვედი ოთახიდან, დაახლოებით ნახევარი საათი ეძინა, სანამ ჩვენგან წავიდოდა გვითხრა, მე მოსკოვში უნდა წავიდე, მაგრამ 14-ში აქ ვარო.

- და თქვენც ალბათ განსაკუთრებით ელოდებოდით მის ჩამოსვლას...

- დიახ, 14 როგორც კი გათენდა დილიდან ველოდებოდი, ჩემს მეორე მამიდასთან (ვის სახელსაც ვატარებ), კირასთან დარეკა, მატარებლის ბილეთი მაქვს აღებული, მაგრამ აეროპორტშიც გამოვივლი, იქნებ ვიშოვო ბილეთიო. ელდარმა გააცილა, მივიდა აეროპორტში, მაგრამ ბილეთები აღარ იყო, უკვე გამობრუნებას აპირებდა, როცა შეხვდა კაცი, რომელმაც უთხრა, მე დაგითმობთ ჩემს ბილეთს, უკან როგორ გაგაბრუნებთო და მისცა ბილეთი. საშინელი ჭექა-ქუხილი იყო იმ დღეს, მახსოვს დილიდან ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, საოცარი ცა იყო, შავი და წითელი, ცეცხლისფერი ხაზები ჰქონდა. ვიყურებოდი ფანჯრიდან და მეშინოდა, ვიცოდი რომ ნატო მოფრინავდა. თვითმფრინავი სოხუმმა არ მიიღო, საშინელი ამინდის გამო. სამეგრელოში, ნატოს მეუღლის, უდიდესი რეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიას სოფლის მახლობლად განიცადა ავიაკატასტროფა... ჩემი მამიდა კირა, რომელმაც გადასახლება, უამრავი ტანჯვა გადაიტანა, თავისი დის ამოსაცნობად წავიდა. პატარა საგვარეულო ბეჭდით იცნო ხელის ნაწილი და სხეულის სხვა ნაწილები.

ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის 14 ივნისი, ბავშვზე ხომ განსაკუთრებით მოქმედებს ყველაფერი, ასე ჩამრჩა გულში, ის რომ დამპირდა მამიდა, ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად თბილისში იქნებოდა და ვეღარ დაბრუნდა. დიდუბეში, დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, მე სიცხე მქონდა სტრესისგან. მხოლოდ როდესაც ასვენებდნენ, მაშინ მიმიყვანეს პანთეონში ცოტა ხნით. დედამ მომიყვა, რომ დაკრძალვისას იქ მივიდა კაცი, რომელმაც ნატოს დაუთმო ბილეთი, დაიჩოქა და უთხრა: შენ მე სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო. ნატოსთან ერთად ამ თვითმფრინავში ბევრი ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდები, იქ იყო წყვილიც, რომელიც საქორწილო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მაგრამ ამ კატასტროფას შეეწირა. ყოველ 14 ივნისს ვუხდი პარაკლისს და ამის შემდეგ მივდივარ პანთეონში, ფიქრებში სულ ჩემთან არის, მის შესახებ მოგონებებს კი ყოველთვის გულით ვატარებ.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ელდარ შენგელაია

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი