ავტორი:

როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში

როგორი იყო თბილისური სასტუმროები ძველად და ვის ჰქონდა პირველი ავტოსადგომი XIX საუკუნეში

საქართველოს სტუმარი არასდროს აკლდა და ჩვენს ქვეყანაში მათი მიღებისა და დაბინავების განსაკუთრებული წესები ოდითგანვე არსებობდა.

სამეფო კარი "სტუმრის" მიღებასა და "მდგმურის" დაყენებას საგარეუბნო სოფლების მცხოვრებს ავალდებულებდა. კერძოდ, თბილისში შემოსული სტუმრების ერთი ნაწილის მასპინძლობა დიღმელებსა და სოფელ ნაქულბაქევის მკვიდრებს ევალებოდათ. ეს ტრადიცია ეთნოგრაფიულმა ყოფამ XIX საუკუნის დასასრულამდე შეინარჩუნა. ისინი თავშესაფარს არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსულებს აძლევდნენ, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საქმეზე მოსულებსაც. სტუმრების დაბინავება დიღმის მამასახლისების ერთ-ერთი საქმე იყო. დიღომში უფრო საბატონო ფონდის ხალხი დგებოდა. ნაქულბაქევში - საეკლესიო ფონდის. სტუმრის უარით გაშვება არ შეიძლებოდა.

სტუმარ-მასპინძლობის საინტერესო დეტალებზე ინფორმაციას ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვაწვდის. მისი თქმით, ნაქულბაქევისთვის, როგორც გზისპირა სოფლისთვის, ეს საქმე ერთგვარი ტვირთი აღმოჩნდა და ისინი მამკოდაში გადასახლდნენ. ამიტომაც აშენდა თბილისის მისადგომებთან დიღმის ტერიტორიაზე ორი თავშესაფარი, სადაც მგზავრს საშუალება ეძლეოდა, ღამე გაეთია და ბოსლებში საქონელი დაებინავებინა. რაც შეეხება "მდგმურებს" ისინი საქართველოს სხვადასხვა მხრიდან მეფისა და ბატონის კარზე მოსული ხიზნები იყვნენ, რომლებისთვისაც თავშესაფრის მიცემის ვალდებულება დიღმელებს ჰქონდათ. მოსული კაცი სანამ წელს მოიმაგრებდა, მისი ბატონის ყმის სახლში მდგმურად იდგა.

ქარვასლა

XIX საუკუნის თბილისისთვის დამახასიათებელი იყო ვაჭრებისთვის განკუთვნილი სასტუმრო ტიპის სახლები, რომელსაც ქარვასლას უწოდებდნენ.

ქარვასლაში მოსასვენებელი ოთახების გარდა, პირველ სართულზე სავაჭრო დუქნები და სახელოსნოები იყო. ქარვასლებიდან შეიძლება რამდენიმეს დასახელება:

  • ბატონიშვილების ქარვასლა - სიონის ეკლესიის მახლობლად XVIII საუკუნეში იყო აშენებული, 62 სასტუმრო ოთახი, 30 სავაჭრო დუქანი, საქონლის შესანახი საწყობები და ღვინის სარდაფი ჰქონდა. აქვე მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის 15 სახელოსნო. ქარვასლას მოსული ქარავნებისთვის დიდი ეზო ჰქონდა.
  • არწრუნის ქარვასლა 1818 წელს აგებულ "ბატონიშვილების ქარვასლის" პირდაპირ 33 სასტუმრო ოთახით, 25 დუქნით, საწყობითა და სარდაფით იყო.
  • მელიქიშვილის ქარვასლა, რომელიც 1828 წელს გახლდათ აგებული
  • სარაჯიშვლის ქარვასლა - 1823 წელს აშენდა, 18 სასტუმრო ოთახი, 9 საწყობი, 5 მაღაზია ჰქონდა.
  • სარქისოვის ქარვასლა - 1820 წელს აიგო, რომელიც აზიური საქონლით ვაჭრობდა. ჰქონდა 30 სასტუმრო ოთახი, 73 დუქანი, საწყობი და სარდაფი.

სასტუმროები არც შუა საუკუნეების თბილისისთვის იყო უცხო. მგზავრებისთვის განკუთვნილ ასეთ შენობებს "ხანგას" უწოდებდნენ. ქართველი მეფეთა სასახლის სამხრეთით, მდინარე მტკვრის პირას, მოთავსებული იყო შენობები სტუმრებისთვის, რაც სასტუმროების მაგივრობას სწევდა. ეს სადგომები აღა-მაჰმად-ხანს დაუნგრევია.

ევროპული ტიპის სასტუმრო

პირველი ევროპული ტიპის სასტუმრო თბილისში XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანელმა კოლონისტმა ზალცმანმა დააარსა, რომელიც ავლაბრის ხიდის მახლობლად, სირაჯხანის ქვემოთ მდებარეობდა. იქვე ახლოს იდგა რუსი ოფიცრებისთვის განკუთვნილი სასტუმრო. 1835 წელს ზუბალაშვილმა ააშენა ევროპული ტიპის სასტუმრო. მალევე, 1838 წელს შენობა შეისყიდა ქალაქის საეკლესიო მმართველობამ, მასში სასულიერო სემინარია განათავსეს (დღევანდელი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).

XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში იმ დროისთვის ფეშენებელური პირველი და მეორე კლასის სასტუმროების მშენებლობა დაიწყო. 1858 წელს გაიხსნა სასტუმრო "კავკაზი" (არქიტექტორი თბილისელი გერმანელი ალბერტ ზალცმანი იყო, საბჭოთა პერიოდის "მხატვრის სახლი", რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა), "ლონდონი" გრანდოტელი 1881 წელს ფრანგმა დელა ვალდმა გახსნა. "როსია", "ვეტცელის სასტუმრო", "პალას-ოტელი" (ახლანდელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი), "მაჯესტიკი" (ახლანდელი სასტუმრო `თბილისი-მარიოტი").

1875 წელს ზუბალაშვილებმა ოტო სიმენსის პროექტით აგებული სასტუმრო "ლონდონი" გახსნეს, რომელსაც ევროპელები "ოტელ დე ლონდონად" მოიხსენიებდნენ. ზუბალაშვილებმა ეს სასტუმრო მმართველობაში გადასცეს ჰანს და კატერინა რიხტერებს. კატერინა რიხტერმა სასტუმროში მომსახურების ევროპული, მაღალი სტანდარტი დანერგა. ეს იყო სასტუმრო, სადაც ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს ავტოსადგომი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი. სასტუმროს პერსონალთან კონტაქტი ხდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

"ლონდონს" მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, მწერლები სტუმრობდნენ. მათ შორის იყო რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი. სასტუმრომ თავისი არსებობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს შეწყვიტა.

XX საუკუნის 20-იან წლებამდე თბილისში დაახლოებით 25 სასტუმრო არსებობდა, რომლებიც შემდეგ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებად და საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ლიკა მამაცაშვილი

"გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი" - რაზე საყვედურობს თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს?

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა