მუსიკალური მრავალფეროვნება, გემოვნებიანი რეპერტუარი და სასიამოვნოდ მომსასმენი ლაივ კონცერტები - ეს ყველაფერი „იქს ფაქტორის“ მუსიკალური ხელმძღვანელების სოფო ტოროშელიძისა და მანანა მორჩილაძის დამსახურებაა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა „იმალება“ იმის უკან, რითაც ჩვენ ყოველ ორშაბათს სიამოვნებას ვიღებთ. ამჯერად ინტერვიუს მანანა მორჩილაძესთან გთავზობთ, რომელიც წლებია მსგავს პროექტებზე მუშაობს და გარდა „იქს ფაქტორისა“, მშობლებისთვის საინტერესო სხვა თემებზეც საუბრობს.
- ზოგადად შეაფასეთ, როგორი ნაკადი იყო წელს „იქს ფაქტორში“, ვგულისხმობ არა მხოლოდ მათ, ვინც აგრძელებს ბრძოლას პირველობისთვის, არამედ მათაც, ვინც ვერ მოხვდა რჩეულებს შორის...
- წელს მართლა განსაკუთრებულად ინდივიდუალური, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ნაკადი მოვიდა „იქს ფატორში“, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ ათეულს, ვინც დარჩა შოუში, არამედ მათაც, ვინც ვერ მოხვდა ათეულში. სამწუხაროდ, ასეთია კონკურსის წესები, უწევთ ნიჭიერ ადამიანებსაც მის გარეშე დარჩენა. თქვენც და მაყურებელიც საქმის კურსში იქნებით, რომ გამოგვეთიშა რამდენიმე არაჩვეულებრივი კონკურსანტი, მაგალითად, თამუნა გიორგაძეზე განსაკუთრებულად დამწყდა გული, ეს გოგო თვითნაბადი მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოვებული, იმ სტილის შეგრძნება, რომელიც შეიცავს ჯაზის ელემენტებს, მას ბუნებრივად აქვს და არ მინდა, რომ დაკარგოს, მინდა, განვითარდეს, მეტს მიაღწიოს. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ და დავეხმარები, რითაც შევძლებ.
- მართალია, კონკურსი ბავშვებს თუ მოზარდებს აძლევს გამოცდილებას და იქ ბევრს სწავლობენ, მაგრამ ამასთან ერთად სტრესიცაა, ნერვიულობენ, ემოციურად არაა მარტივი, „გაუძლო“ ამ ყველაფერს... გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ გარდატეხის ასაკში მაინცდამიანც სახარბიელო არ არის ასეთი დატვირთვა, თქვენ როგორც პროფესიონალი, რა აზრის ხართ?
- როდესაც კონკურსანტი მოდის, მას ხმაშივე ეტყობა ის ცვლილებები, რაც გარდატეხის ასაკს ახლავს და გამოცდილი „ყური“ ამას აუცილებლად შეამჩნევს. ყოფილა შემთხვევა, როცა სწორედ ამ მიზეზით არ აგვიყვანია კონკურსანტი და ამის გამო, მერე მისმა მშობელმა არ დაგვაკლო ლანძღვა ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით, თუმცა ჩვენ, რასაკვირველია, ამ ფაქტორსაც ვითვალისწინებთ და ისე ვარჩევთ კონკურსანტს. რაც შეეხება ღელვას, სტრესს, მართალია, კონკურსი ამის გარეშე წამროუდგენელია, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა, ამ მხრივაც უნდა გამოსცადოს ადამიანმა საკუთარი თავი. პირადად მე, პატარა ასაკში სცენაზე გამოსვლის ნერვიულობა რომ ვერ დავძლიე, იმიტომაც ავირჩიე ისეთი პროფესია, სადაც შედარებით ჩრდილში ვიქნებოდი. თუმცა, ერთხელ რომ გამოვსულიყავი, შესაძლოა, დამეძლია ეს სტრესი და სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები. ასე თუ მივუდგებით, ყველაფერი სტრესია, სკოლაში ყოველდღიურად ბავშვი რომ გაკვეთილს ყვება კლასის წინაშე, ესეც სტრესია გარკვეულწილად, ამიტომ აღარ ვასწავლოთ ბავშვებს? ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა მომღერლისთვის, კონკურსანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ თუ არ სცადე გამოსვლა, არ „შეებრძოლე“, ვერ მიხვდები, დაძლევადია ეს შენი მხრიდან თუ არა. რომ ცდი, იმას მაინც გაიგებ, შეგიძლია, თუ არა. ყველას არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა სწორედ ამ ემოციური ფაქტორის გამო. შეიძლება იყო კარგი მომღერალი, მაგრამ კონკურსში ვერ მიიღო მონაწილეობა, ასეც ხდება ხოლმე. განაგრძეთ კითხვა