"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები

"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე თავისი ცხოვრების გზის, მძიმე და სახალისო პერიოდების შესახებ გვიამბობს, იხსენებს ბავშვობას, ომს, მაშინდელი ახალგაზრდების თავგადასავლებს, მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ახლებურად დაწყებულ ეტაპებს და საყვარელ მეუღლეს, რომელმაც სამყარო აჩუქა. დღეს იგი ხალხის სიყვარულით ცხოვრობს, ულამაზესი შვილისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

- "ფეისბუკზე" თქვენს ფოტოზე დაწერილ კომენტარებში წავიკითხე, მედეა ისეთი ლამაზი გოგონა იყო, ქუთაისში რომ გაივლიდა, ყველა ბიჭი თვალს აყოლებდაო. მოგწონდათ მათი ყურადღება?

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო იყო. ძალიან მეტიჩარა ვიყავი. ჩემს მეგობარს - ჯონი სტროტინსკის რამდენი ბიჭი ჰყავდა გალახული ჩემ გამო, ვინ მოთვლის (იცინის). ერთმა კურსელმა 30 წლის მერე მითხრა, შენ გამო იცი, როგორ მცემეს ბიჭებმაო (იცინის)? ჩვენს დროს ბიჭს თუ მოეწონებოდი და სახლამდე მიგაცილებდა, მერე უბნის ბიჭები დახვდებოდნენ და დათეთქვავდნენ... უბანმა გოგოს დაცვა იცოდა და ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაგიბედავდა. მაშინ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორჯერ ზედიზედ რომ გაგევლო, რა იყო, რა ფამფორასავით დადიხარო, გეტყოდნენ (იცინის). ფამფორა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. ლაღი და თამამი გოგო ვიყავი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და "ხატულის" მეძახდნენ. შეყვარებულიც მყოლია, კარგი ბიჭი იყო. წიგნებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია. ახლა შეყვარებულებს პირდაპირ ლოგინში მიათრევენ... სანამ ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. თუმცა, ახლა ისეთი მოკლე კაბებით დადიან, ყველაფერი უჩანთ. მოკლე კაბებით ჩემი ქალიშვილიც დადის, ქმარი არაფერს უშლის, მაგრამ მე მაინც სულ ვეჩხუბები. უხდება, მაგრამ... ამას წინათ, დახეული ჯინსით მომადგა და გადამრია.

- თქვენს ახალგაზრდობაშიც ხომ ეცვათ მინი?

- კი, მაგრამ ასეთი - არა. მიდი და მაქსი ერქვა - ეს იყო მოდაში. წინ კაცი თუ გვეჯდა, ამ კაბას ქვემოთ ჩამოვქაჩავდით. ახლა, ტრანსპორტში კაცებმა აღარ იციან, საით წაიღონ თვალები...

- როგორი გოგო იყო მაშინ პოპულარული? რას აქცევდნენ ყურადღებას ბიჭები?

- პოპულარული იყო ის, ვინც კარგად სწავლობდა. მდიდრისა და ღარიბის გარჩევა ასე არ იყო, თითქოს ყველა ერთ ტაფაში ვიწვოდით. ჩემს სამეზობლოში სულ წარმატებული ხალხი ცხოვრობდა - პროკურორები, გამომძიებლები, ლექტორები, მათ შვილებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო. თითქოს ჩემი ბავშვობისას ყველაფერი სხვანაირად იყო - მეტი სითბო, სიყვარული. 1938 წელს დავიბადე (პირველ თებერვალს 80 წლის გავხდი) და მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ომიანობის პერიოდი მახსოვს. ძალიან "ეშმაკის ფეხი" ვიყავი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი, სულ კაპიტანი ვიყავი, პარტიზანების უფროსი და ა.შ. ეზოში "ომობანას" ვთამაშობდით და დრახ-დრახის ძახილით დავრბოდით. 5-6 წლის რომ გავხდი, უფრო ჭკუაში ჩავვარდი. ფოთის თავზე აეროსტატები დაფრინავდნენ და მშობლები გვაფრთხილებდნენ, არ გაეკაროთო. გაჭირვება იყო, მაგრამ მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთის გაგება, დახმარება, მიმოსვლა გახლდათ. კარს ვინ კეტავდა? ეგ კი არა, მტერსაც ვეხმარებოდით...განაგრძეთ კითხვა