საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში

საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება.

„საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ - ასე ჰქვია ინგლისურენოვან წიგნს, რომელიც ერთი თვის წინ გამოიცა და ის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული თემით დაინტერესებული უცხოელებისათვის.

წიგნის პრეზენტაციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზ სმითმა და დიდი ბრიტანეთის საელჩომ 27 ივნისს უმასპინძლა.

„საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ - ავტორია ქართველი მეცნიერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი - ნიკოლოზ ალექსიძე. წიგნის მომზადების იდეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკაში გაჩნდა - იქ, სადაც უორდროპების კოლექციაა დაცული. ნიკოლოზ ალექსიძემ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა კვლევასა და ტექსტზე. წიგნის დიზაინისა და მაკეტის მომზადების შემდეგ კი, მისი დაბეჭდვის პროექტს მხარი თიბისი ბანკმა დაუჭირა.

„ოლივერ უორდროპი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში, მან მოიპოვა ბრიტანეთის აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობისა. ოლივერ უორდროპის და - მარჯორი ურდროპი კი გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი მთარგმნელი ინგლისურ ენაზე, ის იყო კულტურული ელჩი საქართველოსა - დიდ ბრიტანეთში. და-ძმა უორდროპებმა საქართველოში იმოგზაურეს რამდენჯერმე, ისინი მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ წიგნებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებსა და წერილებს. შეიძლება ეს კოლექცია არ იყოს ყველაზე დიდი ევროპაში, მაგრამ ის არის ყველაზე მრავალფეროვანი. დაცული მასალები VII საუკუნიდან XIX საუკუნემდე ხელნაწერებს მოიცავს. ასევე ფაქტობრივად ყველა წიგნი, რომელიც გამოსულა XIX საუკუნის საქართველოში არის ამ კოლექციაშიც.“ - ამბობს წიგნის ავტორი, ნიკოლოზ ალექსიძე.

წიგნის ქართულ პრეზენტაციას ბრიტანეთის სალეჩოში დაესწრნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკამ გამოსცა საქართველოს შესახებ პირველი წიგნი. თიბისი ჯგუფმა კი, მხარი დაუჭირა მის დაბეჭდვას. ეს წიგნი მიეძღვნა, ერთ-ერთი პირველი კომისრის და დიპლომატის, სერ ოლივერ უორდროპისა და მისი დის მარჯორი უორდროპის ნამუშევარებსა და მოღვაწეობას. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია ქართველი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის.“ - განმარტავს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. პირველ რიგში, წიგნი არის ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავი. მეორე - ეს წიგნი, პირველად მსოფლიოში, უორდროპების მდიდარ ქართულ კოლექციას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ძალიან ამაღელვებელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენ რამეს გაიგებს მკითხველი ამ წიგნიდან, რომლის მასალასაც პირველად იხილავს.“ -აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, - ჯასთინ მაქენზ სმითი.

„ოქსფორდში, ბოდლეის ბიბლიოთეკებში სათუთადაა დაცული მეჩვიდმეტე საუკუნის ორი ხელნაწერი შუა საუკუნეების პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. ეს ორი მდიდრულად ილუსტრირებული ტექსტი ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უორდროპებისეული კოლექციის მთავარი განძია. ესაა კოლექცია, რომელიც ქართული ლიტერატურის 1300 წლოვანი ისტორიის უტყუარ დასტურად გამოდგება. მეჩვიდმეტე საუკუნის პალიმფსესტების გარდა, აქაა: ძველ ქართულ ანბანზე შესრულებული ძველი აღთქმის ტექსტებიცა და 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტიც, მათი ერთობლიობა კი ქართველების ერთ ნაციად ჩამოყალიბების ისტორიას აღწერს.“ - წერია წიგნის შესავალში.

უორდროპების კოლექციაში ასევე ინახება უამრავი დოკუმენტი, წერილი, კორესპონდენციის პირველი ვერსია, რომელიც ქართველი სოციალისტური, ანარქისტული, ფემინისტური, რევოლუციური და ნაციონალისტური მოძრაობების ცხოვრებას აღწერს XIX საუკუნის შუა ხანებიდან 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და შემდეგ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქართული პოლიტიკური დიასპორების ჩამოყალიბების მომენტამდე.

ახალი გამოცემა უკვე იყიდება დიდ ბრიტანეთში, მისი შეძენა ონლაინაცაა შესაძლებელი. ნიკოლოზ ალექსიძემ ბრიტანეთში, უორდროპების მამულში დაინტერესებული პუბლიკისთვის „საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ 19 მაისს წარადგინა.

თეკლე ჯანელიძე

ფოტო: ირაკლი გედენიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი