"სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის" - ნინო ბურჯანაძე ექს-პრეზიდენტს პასუხობს

"სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის" - ნინო ბურჯანაძე ექს-პრეზიდენტს პასუხობს

სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას, რომ ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს მას ბრალი.

„მე ვიყავი ქვეყნის მეორე პირი და თუ სააკაშვილი არ მენდობოდა და არ მიჯერებდა ეს არის მისი, როგორც პრეზიდენტის ძალიან დიდი მინუსი. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ არ მიჯერებდა, კი ბატონო, მაგრამ, რომ არ მიჯერებდა ამის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მას და მის გუნდს ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველო განუზომლად წინ იქნებოდა, არც გვირგვლიანის ტრაგედია იქნებოდა, არც 2008 წლის აგვისტოს ომი, არც გელაშვილის ცემის ფაქტი იქნებოდა და არც სხვა, რასაც გადაყვა სააკაშვილის ხელისუფლება და საბოლოოდ ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდა“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

რაც შეეხება სააკაშვილის ბრალდებას, რომ ნინო ბურჯანაძემ ვალერი გელაშვილის საქმეზე ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ბურჯანაძე პასუხობს, რომ პუტინთან შეხვედრისას ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ნამდვილად არ უსაუბრია.

„სააკაშვილს ყველა მოსახვევში პუტინი ელანდება. გარწმუნებთ, რომ მე და პუტინს გელაშვილის ცემის ფაქტზე არ გვქონია საუბარი. არც ის მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის ყოველდღიური პრობლემებით იყოს დაინტერესებული. რაც შეეხება ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მისი მიზანი იყო სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაეტოვებინა, როგორც ერთგვარი საფრთხე, თუმცა მეორე მხრივ, სააკაშვილის გაძლიერების სურვილი ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ ექნება. აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ, რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ პროკურატურას მხოლოდ ჩემი ჩვენება აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ გამოიყენა მაქსიმალური შესაძლობლობა, რომელიც ყოველგვარ არგუმენტებს მოუსპობდა სააკაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით. როცა საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან საკმარისი არაა, მხოლოდ ორგანიზატორის დასჯა, მასთან ერთად დასჯილები უნდა იყვნენ შემსრულებლებიც. ის, რომ ეს ხელისუფლება ვერ და არ იძიებს საქმეებს ნათელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი ვერასოდეს იტყოდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა “, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ჩემს წინააღმდეგ ე.წ.განაჩენი ძირითადად ეფუძნება ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ბურჯანაძემ თქვა, რომ დავიბარე ჩემთან და საიდუმლოდ გავანდე, რომ მე გავეცი ვალერი გელაშვილი ცემის განკარგულება და ამას მეტს აღარ ვიზამდი. ერთი წამით დავუშვით, რომ მართლაც გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი - რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, არ აღიქვამდა სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი. ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული. საერთოდ, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის?! ეს ხომ არის კომედია, სამართალზე და დაცინვა ყველაფრით, რაც კანონთან არ არის დაკავშირებული“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი