ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"

ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"

"შინაგან საქმეთა მინისტრი სახლში უნდა წავიდეს, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის დაწყებამდე ის ცოტა ხნის წინ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც მ.კ-ს დაკავების შესახებ მოთხოვნა დააყენა. ზაზა სარალიძის განმარტებით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ მ.კ-ს დაკავებისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სარალიძე ამბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფარებენ.

„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? - ვიდგები აქ!

არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა - უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს, რომ ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ. სპეციალურად“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.