“წლის საუკეთესო დებიუტი” - შორენა ხუხუას გზა პრემია „ლიტერამდე“

“წლის საუკეთესო დებიუტი” - შორენა ხუხუას გზა პრემია „ლიტერამდე“

შორენა ხუხუა გასულ წელს კონკურსის ”გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული გახდა, წიგნის გამოცემიდან რამდენიმე თვეში კი ის უკვე რეალური ბესტსელერის ავტორია. ახლახანს ავტორმა კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემია ”ლიტერაც” მოიპოვა „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში.

რომანი ”შემოვალ ეტლით” კი მეორე ტირაჟით გამოიცა. წიგნზე საავტორო უფლება ავსტრიულმა გამომცემლობამ შეიძინა. მალე რომანი გერმანულად ითარგმნება და ამ გამოცემის პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგება.

"ლიტერას" პრემიაზე და ყველა ჩამოთვლილ ფესტივალზე წარმადგინა გამომცემლობა " პალიტრა L-მა" , რომელსაც ეყო გამბედაობა, ჩაეტარებინა ეს სახალხო კონკურსი და უცნობი ადამიანების შემოქმედებას მისცა შანსი, გამოსულიყო ლიტერატურულ სივრცეში,” - განმარტავს თავად ავტორი შორენა ხუხუა.

რას შეცვლის თქვენს ცხოვრებასა და კარიერაში ”ლიტერას” პრემიის მიღება?

მე ერთი უბრალო მასწავლებელი ვარ, ვასწავლი ქართულს არაქართულ სკოლაში და მარნეულში ვმუშაობ. მთელი ცხოვრება ვწერდი და არ მქონდა იმის შესაძლებლობა, წიგნად გამომეცა. ეს არის ახალი შესაძლებლობა საზოგადოების დიდ ნაწილამდე მივიტანო ჩემი სათქმელი.

რა სათქმელი მაქვს განსხვავებული? ეს არის სოციალური, პოზიტიური და სიყვარულით სავსე რომანი ეტლით მოსარგებლე გოგოზე, რომელსაც შეუყვარდება მთელი გულით. აქამდე შშმ პირის განცდები, სექსუალური ვნებები არ შემხვედრია, გადმოეცათ. სამყარო ეტლში, რომელსაც საზოგადოება ზემოდან დასცქერის და ჩვენ ქვემოდან ვუყურებთ მათ. ეს რეალობა შევთავაზე მკითხველს, რადგან უბედური შემთხვევის შემდეგ მე ვიყავი ეტლით მოსარგებლე გარკვეული პერიოდი.

ვინც ამ წიგნს წაიკითხავს ეტლის ბორბლებით შეაბიჯებს იმ სივრცეში, რასაც შშმ პირთა ცხოვრება ჰქვია. დაინახავს და მკითხველის გულით შეიცნობს უცნობ დეტალებს, დაფარულ ვნებებს იმ ხალხისა, საკუთარი სხეულიდან გამომზირალი საზოგადოება რომ ვერ ხედავს.

ლიტერატურულ ელიტას არ მივეკუთვნები. უცნობი მასწავლებელი გახლავართ, ვინც უცებ გამოჩნდა ერთი სახალხო კონკურსით. არ დავმალავ, არც კი მქონდა გაგებული ლიტერატურული პრემია "ლიტერა". მოკლე სიაში რომ მოვხვდი, მთელი სამეგობრო მილოცავდა, ვაღიარებ, ინტერნეტში მოვძებნე და ასე გავიგე, რომ ეს იყო მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ჯილდო. არც მიფიქრია, რომ მოკლე სიას გავცდებოდი.

მე არ დავდივარ დაჯილდოებებზე, პრეზენტაციებზე, იქ თუ სივრცე ადაპტირებული არაა. ამიტომ არ ვაპირებდი მისვლას მწერალთა სახლში, მაგრამ ჩემს გამო სასწრაფოდ დააგეს პანდუსი და ძალიან გამახარეს. მე ყველგან გვერდით მიდგას ჩემი ეტლით მოსარგებლე სამეგობრო. დაჯილდოებაზე მისული ვერავის ვცნობდი, ჩემი ცნობა ადვილი იყო, ეტლიანებთან ერთად მივედი.

როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს, ჯერ წამოვხტი, მერე დავჯექი, ისევ წამოვხტი და მეგობრებისკენ გავიქეცი და ჯილდოს ასაღებად მათთან ერთად გავედი. ჟიურის წევრებს არასდროს ვენახე და ჩათვალეს, ჩემმა ეტლით მოსარგებლე მეგობარმა დაწერა წიგნი, რომელიც გავიყვანე სცენაზე და მას მისცეს ჯილდო. სიმბოლური იყო, რომ " ლიტერა" შშმ პირმა გადმომცა.

არ მოველოდი, თუ ერთი რიგითი მასწავლებელი მარნეულში, რომელიც არავის იცნობს ლიტერატურულ სივრცეში, გავხდებოდი ამ მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ჟიურის რჩეული. ეს საოცარი წუთები იყო, დაუვიწყარი.

მოკლე სიაში ბევრი ცნობილი გვარი იყო. ევროპულ ქვეყნებში ჩემი რომანის გადათარგმნა და საავტორო უფლების გაყიდვა ისე არ გამკვირვებია, როგორც საქართველოში "ლიტერა", რადგან ჩვენ განსხვავებული ლიტერატურული სივრცე და რეალობა გვაქვს.

რა ემოციებს, კომენტარებს, შეფასებებს იღეთ მკითხველისგან რომანის გამოცემის შემდეგ?

ჩემი რომანი უკვე ორი ტირაჟით იყიდება. ყოველდღე მწერენ მკითხველები. უმეტესობა მთხოვს, გავაგრძელო მთავარი პერსონაჟის, ელლას ისტორია.

გამომცემლობაში დარეკა და ჩემი ნომერი ითხოვა 81 წლის ქალბატონმა, რომელიც "კვირის პალიტრაში" კითხულობდა რომანს. დავურეკე ამ საოცარ ადამიანს და ერთადერთი კითხვა დამისვა: წერ გაგრძელებას? მომიყევი, რომ მოვასწრო და ვიცოდე, როგორ გააგრძელა ელლამ ცხოვრება. ეს ამაღელვებელი იყო.

ბიჭები მწერენ, რომ ყველა ეტლით მოსარგებლე გოგოში სასურველ ელლას ხედავენ, გოგოები დათას პერსონაჟით იხიბლებიან, რომელიც შშმ პირია და ჩემს მთავარ გმირს ხვდება პაემნებზე.

სასურველი ეტლით მოსარგებლე - ეს შევთავაზე ლიტერატურულ სამყაროს.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც კონკურსის გამარჯვებული გახდით?

მე ვფიქრობ, ნამდვილი მწერალი სიკეთეს ემსახურება. ნამდვილ მწერლობას კი დრო გამოსცდის. წლები იტყვიან, როგორი რომანია " შემოვალ ეტლით", რომელმაც მკითხველთა გულებში უსაფეხუროდ და უბარიერებოდ შეაღწია.

ჯერჯერობით წარმატებული დებიუტანტი ვარ, მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რაც უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის.

ახალ რომანზე თუ მუშაობთ? და ზოგადად, როგორია თქვენი გეგმები სამწერლობო მიმართულებით?

ახალ წიგნზე ვმუშაობ. ისიც სიკეთეს და სიყვარულს გადასცემს მკითხველს, გულწრფელ და უშუალო გმირებს, სითბოს და თხრობის ნამდვილობას, რადგან გულით ვწერ. გაბედულებაც არ მაკლია.

ერთხელ დარბაზში მჯდომ ეტლით მოსარგებლე მეგობარს ვუთხარი: რა იქნებოდა სამყარო უჩვენოდ? მან მიპასუხა: არაფერი განსაკუთრებული,- ორივემ გავიცინეთ.

დიახ! ადამიანი ინდივიდიალურობითაა ფასეული და არა სტანდარტულობით, არა უმრავლესობისადმი მიკუთვნებულობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს