"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ

"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ

ჟან-კლოდ ვან დამი საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ შიაპამ გააკრიტიკა. Pinknews-ის ინფორმაციით, ბელგიელი მსახიობი მინისტრთან ერთად გადაცემის On n’est pas couch სტუმარი იყო. გადაცემაში შიაპა და ვან დამი სხვა სტუმრებთან ერთად რამდენიმე საკითხზე საუბრობდნენ, მათ შორის - ფემინიზმზე.

ვან დამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ბავშვების მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსი ქალის საქმეა, მამაკაცმა კი ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ შიაპამ მას ჰკითხა, რას ფიქრობდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებაზე.

„კაცის ქორწინება კაცზე? კაცებიც ქორწინდებიან, ქალებიც, ძაღლებიც... ყველა ქორწინდება და ყველა შორდება,“ - სცადა ხუმრობა მსახიობმა.

„ბოდიში, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. დღეს გეი აღლუმი ჩატარდა, სადაც ხალხი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვდა. შოკისმომგვრელია. ადამიანებს მხოლოდ იმიტომ სცემენ და შეურაცხყოფენ, რომ ჰომოსექსუალები არიან. მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და არ დავცინოთ, ძაღლებს არ უნდა შევადაროთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვან დამმა აღნიშნა, რომ მას ბევრი გეი მეგობარი ჰყავს.

„თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ თუ ბიჭები ერთმანეთზე დაქორწინდებიან, გოგონები კი - გოგონებზე, როგორ უნდა გავმრავლდეთ?“ - კიდევ ერთხელ სცადა ხუმრობა მსახიობმა.

სოციალურ ქსელებში ვან დამის განცხადებებს ხმაური მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი იზიარებს შიაპას შეხედულებებს და სასტიკად აკრიტიკებს ბელგიელი მსახიობის მოსაზრებებს ქალებისა და ჰომოსექსუალების უფლებებთან დაკავშირებით.